ავტორი:

"მთელი საავადმყოფო ახველებს... ასეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს" - რას წერს რეანიმაციიდან თამუნა თანდაშვილი, რომელსაც კოვიდი მეორედ შეხვდა

"მთელი საავადმყოფო ახველებს... ასეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს" - რას წერს რეანიმაციიდან თამუნა თანდაშვილი, რომელსაც კოვიდი მეორედ შეხვდა

საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი კოვიდინფიცირებულია. ბოლო ერთი წლის მანძილზე ქალს უკვე მეორედ შეხვდა ვირუსი.

ასაკის მიუხედავად მისი მდგომარეობა გართულდა და აუცილებელი გახდა რეანიმაციაში გადაყვანა. გუშინ სოციალურ ქსელში თამუნამ მძიმე სტატუსი გამოაქვეყნა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.

როგორც აღმოჩნდა, პირველად ინფიცირების შემდეგ, აცრა ვერ მოასწრო და ისე შეხვდა ვირუსი.

"დღეს რა დღეა, რა თარიღია არ ვიცი, აქ ყველაფერი ნემსიდან-ნემსამდეა. პროცედურიდან-პროცედურამდე. პატარა ექთანი გოგოები და ბიჭები თვალებში გვიყურებენ, თვალი არ მოუხუჭავთ, ერთხელ არ დაეზარათ არაფერი. ისუნთქე, ისუნთქე, ისუნთქე მიდი! აქ მართლა შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს! გაგიკეთებენ ჰანიბალ ლექტორის მასკას და უნდა გაძლო! რეანიმაციაში ვარ და ვიცი, რომ აქ არ დავრჩები, გამოვძვრები და პირველივე შესაძლებლობაზე ავიცრები!

იმდენი ადამიანი მწერთ, სირცხვილია ყურების ჩამოყრა! აიცერით რა... ჯერჯერობით ისევ რეანიმაციაში ვარ, იუმორი არ მყოფნის, მეც კაი მშიშარა ვყოფილვარ. დღეს დილით იბრძოდა პაციენტი ჩემს პალატაში და მასთან მთელი მედპერსონალი. წამი და დამთავრდა!.. ქალმა ხმაც ვერ ამოიღო ისე წავიდა შავ პარკში. მთელი საავადმყოფო ახველებს, ბოროტ მულტფილმებში რომ ქუხს შენობები და ზანზარებს. ასეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს...“ - წერს რეანიმაციული განყოფილებიდან თამუნა.