ავტორი:

"ეს უნარი გენეტიკურად გამომყვა, საქმის სწავლა შეიძლება, მაგრამ სერიოზული ნამუშევრების შექმნას ნიჭი სჭირდება" - გაიცანით ცნობილი თიხის ოსტატის ქალიშვილი სოჭიდან

"ეს უნარი გენეტიკურად გამომყვა, საქმის სწავლა შეიძლება, მაგრამ სერიოზული ნამუშევრების შექმნას ნიჭი სჭირდება" - გაიცანით ცნობილი თიხის ოსტატის ქალიშვილი სოჭიდან

მეთუნეობით სულ უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდება, მათ შორის, გოგონებიც არიან. უმეტესობას თიხასთან მუშაობა ისე იზიდავს, რომ მათთვის ის საყვარელი პროფესიაც ხდება, ზოგისთვის კი - წარმატებულ კარიერასთან ერთად, სერიოზული გატაცება. თელაველ მეთუნე ლექსო გენგაშვილს უამრავი მოსწავლე ჰყავს, რომლებსაც სახელოსნოში დაუნანებლად გადასცემს საკუთარ გამოცდილებას. ბატონი ლექსო ჩვენი რესპონდეტიც ყოფილა და მეთუნეობის უძველეს, საჭირო პროფესიაზე, რომელიც დღესაც საკმაოდ პოპულარულია, გვისაუბრია...

გუშინ მან სოციალურ ქსელში საკუთარი გოგონას პირველი ნამუშვარი განათავსა - „ჩემი შვილის პირველი დამოუკიდებელი ნამუშვარი - არც კი ვიცი, რა ვიფიქრო“. რა უნდა იფიქროთ, ბატონო ლექსო, გენეტიკა თავის საქმეს აკეთებს - მშობლის უნარებს უმეტესად შვილები აგრძელებენ. ნამუშევარი ჩვენც მოგვეწონა და გოგონას დავუკავშირდით.

ანა გენგაშვილი-რატიანი თავისი პროფესიით იურისტია, სოჭში ცხოვრობს და საქმიანობს. ახლა თელავში მშობლებთან პანდემიის მერე პირველად ჩამოვიდა. მამის სახელოსნოში შესულს კი სურვილი გაუჩნდა, თიხას შეხებოდა და ნამუშევარიც შეექმნა. მისმა ნახელავმა მამის მოწონება დაიმსახურა.

„საქართველოში ბოლოს 2 წლის წინ ვიყავი ჩამოსული. თიხის გუნდა მაშინაც მამამ მომცა და პირველ ცდაზე პატარა ლარნაკი გამომივიდა. თუმცა მამაჩემმა ის სერიოზულად არ ჩათვალა, - შემთხვევით გამოგივიდა, არ არსებობს, პირველ ცდაზე ნამუშევარი წარმატებული იყოო. მეც ასე ჩავთვალე, რომ მართლაც შემთხვევით რაღაც მოხდა-მეთქი. ის ლარნაკი მაშინ მამამ დაშალა, ამაში საამაყო არაფერია და არ გამოგვიწვია. მას მერე სულ ვთხოვდი, - მეც მასწავლე-მეთქი, რადგანაც ბოლო დროს სულ ვაკვირდები, თვითონ როგორ მუშაობს, რა ნამუშევრებს ქმნის და სხვებსაც როგორც ასწავლის. მაგრამ უდროობის გამო ჩემთან პრაქტიკულ გაკვეთილებს ვერ ახერხებდა,“ - გვეუბნება ანა, რომელსაც იმის მიუხედავად, რომ ეს საქმე არ უსწავლია, მეორე ცდაზე ნამუშევარი გამოუვიდა. „არ არის ცუდი ნახელავი. მამა დარწმუნდა, რომ ეს უნარი გენეტიკურად გამომყვა. ის ყოველთვის შეყვარებული იყო თიხაზე, მაგრამ ამ საქმით აქტიურად ბოლო წლებში, დაკავდა. ჰობი პროფესიად აქცია და ამ საქმეში საკმაოდ წარმატებული გახდა,“ - აღნიშნავს გოგონა, რომელიც პროფესიით იურისტია, მაგრამ სამხატვრო სკოლაც ჰქონია დამთავრებული.

„კი, უფრო ადრეულ წლებში შექმნილი ნახატები მაქვს, ხატვისთვის ვერ ვიცლი, ანუ ხატვა სერიოზულად აღარ გამიგრძელებია. თუმცა ხელოვნებასთან შორს არ ვარ. ახლა თიხასთან დაკავშირებით უკვე სერიოზულად დავფიქრდი. მართლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს იმის ყურება, როცა თიხასთან სხვები მუშაობენ. გეგმაში მაქვს, იქ, სადაც ვცხოვრობ, პატარა სახელოსნო მოვაწყო, ეს საქმე უკეთ შევისწავლო და როგორც ჰობის, ჩემი პროფესიის პარალელურად მივყვე“...

- ე.ი. თიხასთან შეხება დადებით ემოციებს იწვევს...

- გარდა ამისა, რაღაც დიდი ძალას გაძლევს. მასთან მუშაობისას დრო ისე გარბის, ვერც იგებ. შეიძლება 2 საათი იჯდე და ეს დრო ხუთ წუთად მოგეჩვენოს. ბედნიერებას, სიხარულს განიჭებს, პოზიტიურად გავსებს. ვინც ამ საქმით სერიოზულად არის დაკავებული და საინტერესო ნამუშევრებს ქმნის, მიმაჩნია, რომ ეს უკვე ნიჭია. ამ საქმის სწავლა კი შეიძლება, მაგრამ სერიოზული ნამუშევრების შექმნას ნიჭი სჭირდება.

- აქამდე რომ არ დაეუფლეთ ამ ხელობას, ამაზე ხომ არ ნანობთ?

- სანანებელი არაფერია და არც დაგვიანებული. სწავლა ყველა ასაკში შეიძლება. მამაჩემთან დადიან მოსწავლეები, რომლებიც სხვა სფეროში წარმატებულები არიან და მეთუნეობას როგორც ჰობის, ისე ეუფლებიან და ემსახურებიან. საკმაოდ კარგად გამოსდით, გამოფენებს აწყობენ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დაგვიანებული არც ერთ ასაკში არ არის, ეს ნებისმიერ დროს შეიძლება. ადამიანი ერთხელ მაინც უნდა შეეხოს თიხას, თუ პროფესიად არა, ჰობად აქციოს. როცა ძირითად პროფესიაში დაიღლება, თიხასთან მუშაობით განიტვირთოს, დაისვენოს და თავი ბედნიერად იგრძნოს!