ავტორი:

"4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა..." - გიორგი ღოღობერიძე პრემიერის განცხადებას ეხმაურება

"4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა..." - გიორგი ღოღობერიძე პრემიერის განცხადებას ეხმაურება

ახალგაზრდა ექიმი გიორგი ღოღობერიძე ძვირი წამლების შესახებ, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო. აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა. დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ. მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს. სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე. მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომით ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება", - წერს ღოღობერიძე.

არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი წამლების ფასის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს რამდენიმე დღეში წარმოადგენს, რის შემდეგაც "გამოსავლის გზები უნდა დაისახოს“.

"კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასები. წამლის ფასი ძალიან გაზრდილია ქვეყანაში. ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ამის თაობაზე ყველა არის უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებული. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ანგარიშზე და მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე დღეში. მინდა ჯანდაცვის მინისტრს დავავალო, რომ მასთან მჭიდრო კოორდინაციაში იყოს და დროულად წარმოუდგინონ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი, რომ შემდეგ გამოსავლის გზები დავსახოთ.

არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.