პარტია "საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატალი საბანაძე მის გუნდს შეუერთდება და საერთაშორისო მრჩეველი იქნება.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფაქტი მისი გუნდის გაძლიერებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
"ნატალი საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან - ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი, როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით რეპუტაცია. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“,- განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. მან პოსტი 21 მარტს დატოვა.