ამ დრომდე მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის მდგომარეობა, რომელიც იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ცოტა ხნის წინ მაისაშვილთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა ზურა ზოიძემ, სადაც წერს, რომ მწვრთნელი ამ მდგომარეობაში ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო.
"რამდენი დღეა გული მეწვის და არც შემიძლია არ დავწერო: ახლა, ამ წუთებში, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სიცოცხლისათვის იბრძვის სამხრეთ აფრიკაში, მისი ეს მდგომარეობა ჩემს პირად პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია, რადგანაც რაგბის გამგეობის წევრი ვარ და არ მიცდია მისი დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში.
ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი, რომელსაც იმედით უყურებს მთელი საქართველოს სარაგბო ოჯახი. მეიმედება, რომ ლევანი გაიმარჯვებს სიცოცხლისათვის ბრძოლაში და ბოლომდე აღიდგენს ჯანმრთელობას, რომ მომავალშიც გაუძღვეს ბორჯღალოსნებს დიდი გამარჯვებებისაკენ.
ღირდა კი ამდენი რამის, მათ შორის საკუთარი კარიერის სასწორის პინაზე შეგდება?როდის მორჩება ეს ანტივაქსერული "რუსული რულეტი" ? ვინ იქნება შემდეგი, ვინ აიხდის თავის ქალას? ერთი რამ ვიცი: - სპორტის სფეროში მოღვაწე ხალხისათვის ვაქცინაცია სავალდებულო რომ ყოფილიყო, ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდით და ხელოვნურ კომაში მყოფი ლევანი სუნთქვის აპარატზე არ იქნებოდა მიერთებული.
ახლა კი, მის გადასარჩენად არსენალში მხოლოდ სამხრეთაფრიკელი ექიმების პროფესიონალიზმი და მისთვის ლოცვაღა გვაქვს დარჩენილი P. S. თუ ეს პოსტი ვინმე ვაქცინირებაზე მოჭოჭმანე ადამიანს გამოადგება გადაწყვეტილების მიღებაში, ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს" - წერს ზოიძე.
ცნობისვის, ლევან მაისაშვილს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა. სამხრეთ აფრიკასთან თამაშის შემდგომ გუნდში გამოვლინდა რამდენიმე კოვიდშემთხვევა, მათ შორის დაინფიცირდა მთავარი მწვრთნელიც.