დასავლური პრესა ყურადღებას აქცევს რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ტყის ხანძრებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება თითქმის არაფერს აკეთებს სტიქიური უბედურების აღსაკვეთად. გერმანულ გაზეთ "ფრანკფურტერ რუნდშაუში" («Frankfurter Rundschau») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ტყის ხანძრები რუსეთში: დიდი დაკვამლიანება“ (ავტორი - შტეფან შოლი), რომელშიც ეკოლოგიური სიტუაცია საკმაოდ სახიფათოდ არის მიჩნეული.
"რუსეთში ასეულობით ტყის ხანძარი ბობოქრობს. მათი კვამლი გლობალურ დათბობას აძლიერებს“, - წერს ავტორი და განსაკუთრებით ფართოდ ეხება იაკუტიის რესპუბლიკის ტაიგაში გაჩენილი ხანძრის კატასტროფულ შედეგებს. "ყველგან კვამლია - ტყეში, ქალაქში, მთებში... სუნთქვა გეკვრება, სუფთა ჰაერი გენატრება.. გასულ შაბათ-კვირას წამოსულმა წვიმამ კვამლი ოდნავ გაფანტა იაკუტიის დედაქალაქის - იაკუტსკის ჰაერში, სადაც 280 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ სიტუაცია ისევ საგანგაშოა. რესპუბლიკის 30 დასახლებულ პუნქტში ნახშირორჟანგიანი ჰაერია, მოსახლეობა გაწამებულია, ტაიგაში კვამლის გამო არაფერი ჩანს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გასულ კვირას იაკუტიის ხანძრების კვამლმა აშშ-ის ალასკამდე მიაღწია. ხანძრები გაჩნდა რუსეთის სხვადასხვა ადგილებშიც - კარელიაში, ლენინგრადის ოლქში, სადაც ტყეებთან ერთად, ტორფიც იწვის. ტორფის ხანძრის ჩაქრობა ძალიან ძნელია, მისი კვამლი კი განსაკუთრებით საზიანო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გულისა და ფილტვების ავადმყოფობა აწუხებთ“.
"ფრანკფურტერ რუნდშაუს“ კორესპონდენტი ესაუბრება ანდრეი შეგოლოვს, რუსეთის ტყეების დაცვის პროგრამის დირექტორს, რომელიც ბევრი ხანძრის გაჩენას ელვა-ჭექითა და მეხის ჩამოვარდნით ხსნის, მაგრამ ფაქტია, რომ 90-95%-ით ხანძრები მოსახლეობის უპასუხისმგებლობითაა გამოწვეული. ხშირად ფერმერები ტყეს ცეცხლს უკიდებენ ნაკვეთების გასაფართოებლად. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირში, იაკუტიაში, საშუალო ტემპერატურა მატულობს. "მიმდინარე წელს ისტორიულად მშრალი ზაფხული დგას - ისეთი, რომელიც ას წელზე მეტია არ დაფიქსირებულა, მე-19 საუკუნის ბოლოდან“,, - განაცხადა იაკუტიის ხელმძღვანელმა აისენ ნიკოლაევმა ტელევიზიით გამოსვლისას.
"რუსეთის ტყეებს დედამიწისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ტაიგის გარეშე პლანეტის კლიმატის შენარჩუნება ვერ მოხერხდება. კვამლის შედეგად წარმოქმნილი ჭვარტლი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანის ყინულებზე შავად ილექება და მათ დნობას აჩქარებს“, - ნათქვამია სტატიაში.
"რუსეთში არ არის საკმარისი რაოდენობის ხანძარსაწინააღმდეგო ავიაცია, არ ჰყოფნით პერსონალი და საწვავი. სიტყვით ბევრი რეფორმა განხორციელდა, მაგრამ საქმით სიტუაცია არ გამოსწორებულა. სახელმწიფო მხოლოდ მაყურებლის როლში გამოდის’, - წერს ავტორი სტატიის დასასრულს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ