ავტორი:

"არველაძეს ძალიან გაუჭირდება ბრძოლა კალაძესთანაც და მელიასთანაც" - ექსპერტი

"არველაძეს ძალიან გაუჭირდება ბრძოლა კალაძესთანაც და მელიასთანაც" - ექსპერტი

როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა. ექსპერტთა აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მოქმედი მერის დამარცხება რთული იქნება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ის მმართველ გუნდში, ალბათ, ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურაა. მალევე ცნობილი გახდა ისიც, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, არ დაუჭერს ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს და რიგი პოლიტიკური ძალები დედაქალაქის მერობისთვის ინდივიდუალური კანდიდატებით იბრძოლებენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ჯერჯერობით ზურგს თავისი პარტია, ელენე ხოშტარია, რომელიც მელიამ საკრებულოს თავმჯდომარეობს კანდიდატად წარადგინა, და ორგანიზაცია "გირჩი" - მეტი თავისუფლებისთვის" უმაგრებენ, რომლის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ვიცე-მერობის კანდიდატად დასახელდა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში არცერთ რაიონში არ დაასახელებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს ოპოზიციის საერთო კანდიდატებს.

სწორედ თბილისის მერობისთვის მოსალოდნელ ბრძოლაზე საუბრობს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან".

- გასაკვირი არავისთვის იქნებოდა კახა კალაძის დასახელება, რადგან ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურაა "ქართულ ოცნებაში". შესაძლოა მერობის პერიოდში კახა კალაძეს ქალაქის იერის ცვლილებაში მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოუხდენია, დაუშვა შეცდომებიც, მაგრამ მოახერხა მუდმივად აქტიური ყოფილიყო, ეკეთებინა დიდი თუ პატარა საქმეები და თან ისე, რომ ამის თაობაზე დედაქალაქელებს ყოველდღიურად ჰქონოდათ ინფორმაცია. მან საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მოკლედ, რეიტინგული პოლიტიკოსია. უპირველესად ვგულისხმობ მის პირად რეიტინგს და არა საზოგადოდ მმართველი ძალისას. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებით, მისი დამარცხება ძალიან ძნელი იქნება...

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი ნაწილი მიხვდა, როგორც ჩანს, რომ აქცენტის გაკეთება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელზე მარცხით დასრულდება. შესაბამისად, ჩვენ ნიკა მელიას წარდგენისას მასთან ერთად სხვა ოპოზიციური ძალები, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ. ისინი, როგორც ჩანს, საკუთარ კანდიდატებს დაასახელებენ. თვითონ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა, რომ მელია თითქოს კოალიციურ კანდიდატად წარმოედგინა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდა. მათთან ერთად არის ზურაბ ჯაფარიძეც, მაგრამ ეს ხალხი თავის დროზე სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდნენ და მაინცდამაინც შორს არც წასულან.

ჩემი აზრით, ჯობდა ოპოზიციის დიდი ნაწილი თბილისში მაინც წარმოდგენილი ყოფილიყო საერთო კანდიდატით. ასეთ შემთხვევაში წარმატების მეტი შანსი ექნებოდათ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. ნიკა მელია რომ არ იყოს ამ პარტიის თავმჯდომარე, შეიძლებოდა ამ გეგმას გაემართლებინა კიდეც, მაგრამ ის, როგორც "ნაცმოძრაობის" ლიდერი, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია. თუმცა ოპოზიციის დაქსაქსვაც ამცირებს მათი წარმატების შანსს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია წინასწარ შეეგუა იმ აზრს, რომ კახა კალაძეს თბილისის მერობის თანამდებობაზე ვერ შეეცილებიან, თუმცა ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება.

...

- როგორც ჩანს, ოპოზიციური ძალების ნაწილი თავის კანდიდატებს დაასახელებს თბილისში. არსებობს მოსაზრება, რომ როგორც არჩევნებში "ქართული ოცნების" შედეგს, ასევე თბილისში მმართველი პარტიის წარმატებას შეიძლება ძალიან შეუშალოს ხელი გახარიას პარტიამ და მისმა კანდიდატურამ დედაქალაქში. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათი თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა არჩილ არველაძე იყოს.

- მეც ნაწილობრივ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ დღეს გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობა შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს არჩევნების შედეგისთვის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ადმინისტრაციული რესურსის ნაწილი კვლავ გახარიას ხელშია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში აღარ არის და თითქოს მისი მხარდამჭერებიც გადადგნენ თანამდებობებიდან. მაგრამ დარჩა საჯარო სექტორში ხალხი, რომელიც თანაუგრძნობს ყოფილ პრემიერსა და მის პარტიას.

რაც შეეხება მის დღევანდელ რეიტინგს, მას გადადგომის შემდეგ უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამ ვარდნას ექსპერტთა ჯგუფი ვარაუდობდა კიდეც. საქმე ის არის, რომ გახარიამ გადადგომის შემდეგ აშკარად დააგვიანა პოლიტიკური აქტიურობა. გიორგი გახარია დღევანდელ პოლიტიკაში ნამდვილად არის ფაქტორი, თუმცა მაინც არა მგონია, რომ მომავალ არჩევნებზე გადამწყვეტ როლს ითამაშებს. რაც შეეხება არველაძის შესაძლო კანდიდატობას, მე სამივე ძმის მიმართ უაღრესად პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არჩილ არველაძეს პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არა აქვს, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში გამეფებული ბინძური პოლიტიკური თამაშების. შესაბამისად, მეეჭვება ამ ბრძოლაში მან წარმატებას მიაღწიოს. ძალიან გაუჭირდება ბრძოლა კალაძესთანაც და მელიასთანაც. წაიკითხეთ სტატია სრულად