24 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ემოციური აღმოჩნდა. საფრანგეთს პირველი მედალი ქართული წარმოშობის ძიუდოისტმა, ლუკა მხეიძემ მოუტანა. ლუკამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლუკა მხეიძე 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობდა. მან სამხრეთ კორეელი ჯინ ვონ კიმი იპონით დაამარცხა და ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავიდა. 25 წლის ძიუდოისტი უკვე მე-6 წელია საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. ტოკიოს ოლიმპიადამდე მისი ყველაზე დიდი მიღწევა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ლისაბონში მოპოვებული ვერცხლის მედალი იყო.
ლუკა მხეიძე, 1996 წლის 5 იანვარს, თბილისში, დაიბადა. საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონმა ოჯახთან ერთად საქართველო 2009 წელს, 12 წლის ასაკში დატოვა. რვა თვის განმავლობაში ოჯახი პოლონეთში ცხოვრობდა, 2010 წელს პარიზში ჩავიდნენ, სადაც პოლიტიკური სტატუსით თავშესაფარი ითხოვეს. საფრანგეთის მოქალაქეობა ლუკამ 2015 წელს მიიღო.
2018 წელს იგი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართული წარმომავლობის სპორტსმენმა რობერტ მშვიდობაძემ სძლია. 2021 წელს ლუკა მხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.
საფრანგეთი ზაფხულის 32-ე ოლიმპიადაზე ტოკიოში 398 სპორტსმენითაა წარმოდგენილი და ქართველი ლუკა მხეიძე პირველი მათგანია, ვინც ფრანგებს მედალი მოუტანა.
ლუკა დაქორწინებული არ არის. მას სამი და ყავს. მესამე, ყველაზე უმცროსი და საფრანგეთში დაიბადა.
დედმამიშვილებში უფროსი ვეკო მხეიძეა. ლუკას შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ambebi.ge ვეკოს საფრანგეთში დაუკავშირდა.
ვეკო მხეიძე:
- ლუკა საფრანგეთში 2010 წლიდან ცხოვრობს, ოჯახთან ერთად. საფრანგეთში ჩამოსვლამდე ერთი წელი პოლონეთში გავატარეთ. ჩემმა ძმამ თბილისში, ერთ-ერთ კლუბში, 7 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში. პატარაობიდანვე ჰქონდა მისწრაფება, შრომისმოყვარეობა, ნიჭი და სხვა ის თვისებები, რამაც ხელი შეუწყო მის პროფესიულ განვითარებას და საბოლოოდ მიიყვანა ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელობამდე, საფრანგეთის სახელით.
ლუკა ყოველთვის ამაყობს თავისი წარმოშობით, რადგან სწორედ საქართველოში ჩაეყარა ფესვები მის კარიერას. სამშობლოში ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და მისი ოჯახის ნაწილიც ისევ იქ ცხოვრობს. ისინი ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. მას წარმოუდგენილი შრომის ფასად დაუჯდა ამ წარმატების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმატებით ჭიდაობდა, საფრანგეთში ყველაფერი ნულიდან დაიწყო.
გადალახა ბევრი დაბრკოლება, ფინანსური თუ ფსიქოლოგიური სიძნელეები. 2015 წელს, მისი დამსახურებების და სპორტული წარმატების საფუძველზე მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, რამაც საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო შეჯიბრებებში და უფრო მეტად განვითარებულიყო სპორტული თვალსაზრისით.
დღეს, როგორ საფრანგეთი, ისე საქართველო ამაყობს მისი წარმატებით, იღებს მოლოცვებს ორივე ქვეყნიდან. მას არასდროს ავიწყდება საკუთარი ფესვები და ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს საქართველოში გატარებულ ბავშვობას.
მე საფრანგეთში დავოჯახდი, წელს პატარა შემეძინა და ბიძის სახელი ლუკა დავარქვი. გამარჯვების შემდეგ ლუკას ვესაუბრეთ. ფიქრობს, რომ სპორტსმენისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფეხურს მიაღწია, რაც უდიდესი ბედნიერება. ამ გამარჯვებას უძღვნის იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდში ედგნენ და მისი სჯეროდათ.