ავტორი:

"შვიდი წელი ვიყავი სამოთხეში,  ასე არავის ვყვარებივარ" - ირინა სარიშვილი გია ჭანტურიასთან ურთიერთობასა და ტრაგიკული დღის დეტალებს იხსენებს

"შვიდი წელი ვიყავი სამოთხეში,  ასე არავის ვყვარებივარ"  - ირინა სარიშვილი გია ჭანტურიასთან ურთიერთობასა და ტრაგიკული დღის დეტალებს იხსენებს
  • ფოტოზე: გია ჭანტურია, ირინა სარიშვილი. ფოტოგრაფი: შახ აივაზოვი

ყოფილმა დეპუტატმა ირინა სარიშვილმა, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "ბაიასთან", გია ჭანტურიასთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და მათზე თავდასხმის დღის უმძიმესი დეტალები გაიხსენა:

"შვიდი წელი, შეიძლება ითქვას, რომ ვიყავი სამოთხეში, ასე არავის ვყვარებივარ. მასთან ყოფნისას ვიყავი ზუსტად ის, რაც ვარ. არაფერზე ბრძოლა და არაფრის მტკიცება მიწევდა და უცებ ასეთი ძალა გამომეცალა... მარტო ის კი არ არის, რომ მიდის ადამიანი, რომელიც შენ გიყვარს, გეცლება ისეთი რამ, რაზეც იდექი... მის გვერდით სიმშვიდეში ვიყავი, რაც არ უნდა პრობლემა მქონოდა... ამის მერე, ძალიან გამიჭირდა, მართლა არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები და ორი ძმა მყავდა. 31 წლის, ახალგაზრდა ვიყავი.

პარტიის ყრილობის დასკვნითი დღე იყო, სამი დეკემბრის დილა. ჩამოვედით, ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული შევამჩნიე. ჯაბა იოსელიანის კორპუსის გვერდით ვცხოვრობდით, ამიტომ იქ ავტომატიანი რომც დამენახა, არავითარი რეაქცია არ მექნებოდა. ჩავჯექით მანქანაში, მივტრიალდი გიასკენ, - სანამ კოლოფს გავხსნი, მომეცი შენი სიგარეტი-მეთქი, გია მაძლევს სიგარეტს და ამ დროს მახსოვს გავიგონე, თითქოს კენჭების წკაპაწკუპის ხმა. მოკირწყლულ გზაზე მანქანა რომ გაივლის, დაახლოებით ეგეთი ხმა... დღემდე საშინელი რეაქცია მაქვს ამ ხმაზე. სანამ მივხვდი რა ხდებოდა, ან საერთოდ მივხვდი კი? - ესეც საკითხავია, გიამ მაიძულა და ჩამაწვინა ქვემოთ.

მერაბ ბარამია გვახლდა, რომელიც წინ იჯდა და გია რომ გადავიდა მანქანიდან, მე გადამეფარა. ვიცი რომ გული არ წამსვლია, იმიტომ რომ რაღაცებს ვუყვიროდით ერთმანეთს. გია რომ გადადიოდა მანქანიდან, ჩამოვეკიდე ორივე ხელით, - სად მიდიხარ-მეთქი, - გადაგიყვან, გაჩერდიო. მერე კარი ჩაიკეტა. ვგრძნობდი, ტყვიები რომ მხვდებოდა... ისეთი სასწაული ყოფილა ამ სიტუაციაში აღმოჩენა, ისეთი რაღაცები გავიფიქრე, მანქანაში ვხედავდი რაღაცები რომ ზუის, დაქრის და გამახსენდა მე და გია ნაქირავებში რომ ვცხოვრობდით გლდანში, სანამ ბადეს გავაკეთებდით ფანჯრებზე ძალიან ბევრი ბუზი იყო და ტრიალებდნენ ჭაღის გარშემო და იმ მანქანაში თითქოს ამას ვხედავდი... ტყვია რომ მომხვდა, ამაგდო-დამაგდო... მერე მერაბის ხმა გავიგონე: - არ გაინძრე, ირინა, "რაჟოკს" ცვლიანო და გადმოხტა და დამახტა ზევიდან, იმიტომ რომ ვერ ვჩერდებოდი, თავს ვწევდი ზევით, ხან ჩანთას ვიფარებდი, გაუგებარ მოძრაობებს ვაკეთებდი. მერე ჩემი შიშის ხმა მესმოდა თუ რა იყო, არ ვიცი, ამ მოძრაობის დროს მუდმივად ხმა მესმოდა, - გადარჩებიო. მერე მოვასწარი თავის აწევა და ფანჯრიდან გადახედვა, გიას თვალი მოვკარი, რომელიც მიწაზე იწვა და დავინახე, რომ თვალები ღია ჰქონდა... გამახსენდა, მე და გია ხშირად ვთამაშობდით, ვითომ მოვკვდით - ავატრიალებდით თვალებს, ხან ერთი, ხან მეორე და ვიფიქრე, ახლა ალბათ სპეციალურად აკეთებს ამას-მეთქი. ერთადერთი ამან მიშველა, რომ დავწყნარდი და არ დამიწყია ზედმეტი მოძრაობა.

თურმე რვა წუთი ისროდნენ და რვა წუთი ყოფილა ძალიან დიდი დრო. ამ რვა წუთში მოვასწარი გლდანის ბინის, რაღაც ფილმების გახსენებაც... მერე მახსოვს მანქანა, რომელშიც ჩაგვსვეს მე და მერაბი, გია წინა მანქანაში ჰყავდათ. მე წინ ვიჯექი გადაწოლილი, მერაბი უკან იჯდა. ვგრძნობდი გულთან ტყვიას და მძღოლს ვეუბნებოდი: - ნელა ატარე, გულთან მაქვს რაღაც - მეთქი და ის მეუბნებოდა: - ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო ირინაო... ეს ყოფილა იმ ქუჩაზე მცხოვრები, შემთხვევით გამვლელი ადამიანი, რომელმაც გაბედა და წაგვიყვანა.

რომ მივედით რესპუბლიკურში, ჯერ ხომ გიას მანქანა გაჩერდა, იქედან ვიღაც ტიპი გადმოვიდა და ზევით ისროლა იარაღი, რომ მალე გაეღოთ საავადმყოფო. მახსოვს, რომ მციოდა და ვიძახდი მცივა და მალე დამაძინეთ - მეთქი... მახსოვს, რომ შემიყვანეს, გიასთვის არ მომიშორებია თვალი, რომ დამაწვინეს თავი უკან გადავწიე, ის უკანა საკაცეზე იწვა... მახსოვს, ექიმი, რომელმაც თავი გააქნია...

გია ჭანტურია. შახ აივაზოვის ფოტო

ოპერაციის მერე, რაღაც პერიოდი, ვიდრე ჯერ კიდევ ნარკოზის ქვეშ ვიყავი, გადაწყვიტეს, რომ სულ დამაწყნარებლებზე ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ თურმე ვამბობდი: - თუ გია არ გადარჩა, მეც არ გადამარჩინოთ-მეთქი. სამი დღე მატყუეს... მეც ოთხი ჭრილობით ვიწექი. მერე შემოვიდა პატრიარქი და გავიფიქრე, ახლა ამას რომ ვკითხო, გია როგორ არის, არ მომატყუებს - მეთქი და არ ვკითხე... ხომ ვფიქრობდი ჩემთვის, რატომ არ მოდიან გიას მშობლები, დედაჩემი რატომ არის სულ ნამტირალები -მეთქი... ვხვდებოდი, რომ რაღაც ცუდი მოხდა.

...

ის რაც მომაკლდა, რაც აღარ მქონდა, იყო არანორმალური სიყვარული, რაღაც პერიოდში გავბრიყვდი და დავუწყე ამას ძებნა, რაც სრული სისულელე აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ასეთი რამ ერთხელ მოდის, ალბათ. მქონდა პირადი ცხოვრება, ბოლოს გავთხოვდი კიდეც, მაგრამ ის, რასაც ვეძებდი, იყო დიდი სიბრიყვე, იმიტომ რომ ის ერთი იყო და დასრულდა..."