"მსოფლიოში სამნახევარ მილიარდზე მეტი ვაქცინის დოზაა გამოყენებული და ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთმა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო. ზედაპირულად ეს კარგი ამბავია, მაგრამ საშინელ უსამართლობას ფარავს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
მან შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი მდიდარი ქვეყანა მესამე, "ბუსტერ“ დოზაზე საუბრობს მაშინ, როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფები აუცრელები არიან.
"ვაქცინების 75% მხოლოდ 10 ქვეყანაშია გამოყენებული. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის მხოლოდ 1% -მა მიიღო, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კი - მოსახლეობის ნახევარზე მეტმა.
ზოგიერთი უმდიდრესი ქვეყანა მესამე, "ბუსტერ“ დოზაზე საუბრობს მაშინ, როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმული ადამიანები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები აუცრელები რჩებიან.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს შეუსაბამობა, მით უფრო მეტხანს გაგრძელდება პანდემია და ასევე მისგან გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური არეულობა.
რაც მეტი იქნება გადაცემა, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომლებიც პოტენციურად უფრო საშიშები იქნებიან, ვიდრე "დელტა“ ვარიანტია, რომელიც ახლა ასეთ განადგურებას იწვევს და რაც მეტი ვარიანტია, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას და საწყის მდგომარეობაში დაგვაბრუნებს,“ - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.