ავტორი:

"ორსულობის მეექვსე თვეში კონკურსზე გასვლა მთავარ გამოწვევად იქცა" - ნატალია ქუთათელაძის მსოფლიო წარმატება

"ორსულობის მეექვსე თვეში კონკურსზე გასვლა მთავარ გამოწვევად იქცა" - ნატალია ქუთათელაძის მსოფლიო წარმატება

დღეს ქართული ესტრადის მეგავარსკვლავის ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა. მომღერლისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, ცხადია, მისი შვილის და შვილიშვილების წინსვლაა. სულ რაღაც ერთი თვის წინათ, ნატალია ქუთათელაძემ გრანდიოზული წარმატება მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში. ნატალია გახდა BBC Cardiff Singer of the World 2021-ის ფინალისტი, რაც მექანიკურად გულისხმობს უამრავ შემოთავაზებას მსოფლიოს საოპერო თეატრებიდან და საინტერესო საკონცერტო ტურნეებს.

კონკურსის კომენტატორად მიწვეულმა ინგლისელმა სოპრანომ რებეკა ევანსმა ერთადერთი ქართველი მონაწილე საკუთარ ფავორიტად დაასახელა. ბრიტანული გამოცემა "The Guardian“ ასე აფასებს ნატალია ქუთათელაძეს - "ქართველ მეცო-სოპრანოს, ნატალია ქუთათელაძეს ყველასგან გამოარჩევს უნაკლო სტილი და გაწონასწორებულობა: მსგავსება კლარნეტის ზღაპრულ სიმდიდრესთან დაბალ ბგერებში და ფლეიტის სრულყოფილებასთან აღმავალ პასაჟებში. ყველაფერში, რასაც მღერის, ფოკუსირებულია აზრის ინტენსივობა“.

ამ კონკურსს, თავისი რენომედან გამომდინარე, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მის პრესტიჟზე მეტყველებს ჟიურის შემადგენლობა, გამარჯვებულების შემდგომი კარიერული წინსვლა, პრიზები, ბიუჯეტი, საპრიზო ფონდი.

ნატალიას გამოსვლა საკონკურსო ტურებზე, რომელმაც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა მომღერალი, ერთმნიშვნელოვნად გამორჩეულ გამოსვლად აღიარა არა მხოლოდ ინგლისის, არამედ ქართულმა მუსიკალურმა საზოგადოებამაც, რომელიც სხვათა შორის, საერთაშორისო წარმატებას დიდად არ დაგიდევთ, თუკი თავად არ გაღიარა. ნატალიას ქარიზმატული გამოსვლა შთამბეჭდავი იყო ხალასი ემოციით, გულწრფელობით, სწორად მოძებნილი ინტონაციური სამყაროთი, სცენაზე გაცოცხლებული საოპერო პერსონაჟებით.

მდიდრული გარეგნობით, არისტოკრატიზმით, შინაგანი მშვენიერებით, რომელსაც მუდამ ასხივებს ცხოვრებაში თუ ტელეეკრანიდან, ნატალია ქუთათელაძე მართლაც საოცრად უხდება სცენას. კონკურსის ჟიური მოხიბლა სწორედ თვისებების კომპლექსმა გარეგნული კდემამოსილებით დაწყებული ზუსტი ფრაზირებით დამთავრებული. ყოველივესთან ერთად ნატალია საინტერესო მოსაუბრეა, ამიტომ მისგან ინტერვიუს აღებაც სასიამოვნოა.

- ნატალია, გილოცავ ნანის იუბილეს და ამ უდიდეს წარმატებას. გვიამბე უფრო დეტალურად კონკურსის პერიპეტიებზე?

- ცხოვრებაში შეჯიბრი დიდად არ მიყვარს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, კონკურსების წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს საუკეთესო გზაა აგენტის საპოვნელად. ბავარიის საოპერო თეატრის საოპერო სტუდიაში მუშაობის შემდეგ სწორედ კონკურსებზე გასვლა გადავწყვიტე. 2019 წელს მოვიპოვე ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა 57-ე საერთაშორისო კონკურსის მეორე პრემია, მაყურებლის პრიზი და მიწვევა ბარსელონაში კონცერტის გასამართად. სწორედ ამის შემდეგ გავიცანი საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო "ასკონა ჰოლტის" თანამშრომელი - ნეისონ მორისონი, რომელმაც ამ კონკურსში შემომთავაზა მონაწილეობის მიღება. დისკომფორტი მხოლოდ იმ წესებმა შემიქმნა, პანდემიამ რომ "დაუწესა“ მსოფლიოს. კონკურსზე გასვლამდე იზოლაციის 12 დღე დავყავი პატარა ოთახში, რომლის ფანჯარაც კი არ უნდა გაღებულიყო. ამ ტიპის დასვენება კონკურსამდე ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ ორკესტრთან სამჯერადმა ხანგრძლივმა რეპეტიციებმა მუსიკაზე სრულად კონცენტრირების საშუალება მომცა. კონკურსის პროგრამა მონაწილეების თავისუფალ არჩევანს ემყარება. მხოლოდ ხანგრძლივობაა განსაზღვრული 18 წუთით. 600-მდე აპლიკანტს შორის შეირჩა16, ფინალში კი 5 მომღერალი აღმოჩნდა. პირველი 2 შესარჩევი ტური დიგიტალურად ჩატარდა, ბოლო 2 ტური კი ორკესტთან გამოსვლას ითვალისწინებდა. დარბაზის რჩეულს ბრიტანეთში მცხოვრები მაყურებელი თავად ასახელებს. ჟიურის წევრები მსოფლიოში აღიარებული მომღერლები ან საოპერო სფეროს ცნობილი ფიგურები არიან. მიუხედავად ჩვეული საკონკურსო დაძაბულობისა, იმდენად კეთილგანწყობილ სიტუაციაში მოვექეცი, რომ კონკურსის განცდაც კი გამიქრა და თავი მაღალი დონის გალაკონცერტების მონაწილე მეგონა.

- რა წინაპირობების თანხვედრას უკავშირებ კონკურსზე წარმატებას?

- არათუ ფინალში, ამ კონკურსზე მოხვედრაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. არ ველოდი ამდენ გასაოცარ არტისტში თუ გამომარჩევდნენ. არც განსაკუთრებული სიძლიერის ხმით გამოვირჩევი, არც ვირტუოზული ტექნიკური აპარატით, სავარაუდოდ პერსონაჟის გრძნობების გულწრფელი გადმოცემა მოეწონათ. მე მართლაც გულიდან წამოსული ემოციით ვიმღერე, გულწრფელობა ჩემთვისაც ფასეულია, როგორც ცხოვრებაში, ისე სცენაზე. მთავარია იყო ის ვინც ხარ.

- ცნობილია, რომ შვილის მოლოდინში ქალი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძლიერდება, უდიდეს სულიერ ძალას იძენს, გრძნობდი თუ არა, რომ სხვებზე ძლიერი კონკურსანტი იყავი თუნდაც იმის გამო, რომ შენს შვილთან ერთად იდექი სცენაზე?

- ცხადია ეს განსხვავებული შეგრძნებებია, ემოციურად და ფიზიკურადაც უჩვეულო და არაპროგნოზირებადი მდგომარეობა. მეტი სიფხიზლით უდგები ყოველ ნაბიჯს. მიუხედავად ჩემი შვილის მხრიდან ხელშეწყობისა, ორსულობის მეექვსე თვეში კონკურსზე გასვლა მთავარ გამოწვევად იქცა. პოზიტიური შეგრძნებები, რომლებსაც წლებია ვეძებ, კონკურსზე აღმოვაჩინე. დიდი სხვაობა ვიგრძენი ხმის სიძლიერის მხრივ, ტემბრიც გამიმსუყდა და სამყაროს აღქმაც შემეცვალა. ეს მდგომარეობა უდიდეს ძალასაც განიჭებს და ნეგატიურ ემოციებს გონებაში შეღწევის უფლებას არ აძლევს. შინაგანი სულიერი ძლიერების განცდა დამცავი მექანიზმიცაა, რაც ფარივით აღიმართება შენსა და გარე სამყაროს შორის. ჩემი შვილის მადლობელი ვარ ასეთი ხელშეწყობისთვის, მეტიც, მან სიმარტოვე არ მაგრძნობინა და ძალასაც მაძლევდა.

- რა მოტივაცია მოგცა ამ წარმატებამ?

- კოვიდის ეპოქამ დამთრგუნა, მაგრამ კონკურსით სწორედ ამ უიმედობას დავუპირისპირდი. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე როგორ მიყვარს ჩემი საქმე. მსურს ბოლომდე დავიხარჯო სცენაზე. მოტივაციაზე მეტად კონკურსმა სიმშვიდე და თავდაჯერებულობა შემმატა. კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი ცხოვრების გზა მხოლოდ მუსიკაა.

- შენი ფსიქიკის რომელი სუსტი მხარეები ვლინდება სცენაზე და განსაკუთრებით რა მიმართულებით მუშაობ უკეთესი შედეგისთვის?

- დღეს აქტუალურია ემოციური მდგომარეობების ასეთი შეფასებები - "პანიკური შეტევა“, "შფოთვითი აშლილობა“. მეც მიწევს გარკვეულ ემოციურ მდგომარეობებთან გამკლავება, უხერხულ შეგრძნებებთან ბრძოლა სცენაზე გასვლის წინ. ამ დროს ყოველთვის ვღელავ, მაგრამ ჩემს თავს ვახსენებ, რომ ეს ემოცია მალევე დაუთმობს ადგილს იმ სასიამოვნო განცდებს, რასაც მუსიკის ენაზე მსმენელთან კონტაქტი ბადებს. ხშირად მიფიქრია, რატომ მოვუწყვე საკუთარ თავს ასეთი გამოცდა, რატომ მივაყენე მას სტრესი, მაგრამ პასუხიც იქვეა - მე ეს მაბედნიერებს და ვცდილობ მუსიკის სამყაროში ყოფნის ბედნიერება მაყურებელსაც გავუზაიარო. ჩვენი პროფესია მოითხოვს დიდ ფსიქოლოგიურ მდგრადობას, რისკს, კრიტიკის შემთხვევაში შინაგანი სიმშვიდის გამომუშავებასაც. არა აქვს მნიშვნელობა ეს კრიტიკა დამსახურებულია თუ დაუმსახურებელი. მთავარია გქონდეს გონებაში ყოველივეს გაფილტვრის უნარი. ბევრჯერ აღმოვჩენილვარ კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ შენიშვნები დიდი სიმშვიდით მიმიღია, გამიანალიზებია მიზეზები, თუმცა ფარ-ხმალი არასოდეს დამიყრია.

- ხშირად ცნობილი მომღერლების იმიჯი გემოვნებით არც გამოირჩევა, შენ როგორ უდგები სასცენო იმიჯის საკითხს, როგორ ირჩევ სამოსს, აქსესუარს?

- ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სცენაზე ვიზუალს, ხშირად მიკამათია უცხოელ კოლეგებთან ამ თემაზე. უმრავლესობა ამას არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას, მეტიც, ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ცუდ ტონადაც კი მიაჩნიათ. ცხადია მხედველობაში მაქვს არა ჭარბი წონა ან რაიმე ფიზიკური ნაკლი, თუმცა სტილი და გემოვნება ინდივიდუალიზმის ნაწილია და მას სათანადო ყურადღებას ვუთმობ. ეს ყველაფერი კომპლექსში ქმნის ხელოვანის იმიჯს. სცენა ნამდვილი რენტგენია და პირველ ეფექტს სწორედ ადამიანის იმიჯი ქმნის. როგორც ნანი ამბობს, მაყურებელი პირველ რიგში გხედავს, შემდეგ კი გისმენს. ჩემთვის იმიჯი სახელოვნებო ესთეტიკის ნაწილია. საფუძვლიანად ვფიქრობ დეტალებზე, ვარცხნილობაზე, აქსესუარზე, სამოსზე. ჩემთვის პარადოქსია, მაგრამ სცენაზე ხშირად ვხედავთ უგემოვნო იმიჯის მქონე ხელოვანებს, რომლებიც ქალღმერთებივით ასრულებენ მოცარტის თუ ვერდის მუსიკას. ბედნიერია ის, ვისაც სასცენო ქარიზმაც გააჩნია, ნიჭიც, გემოვნებაც, ძლიერი და ლამაზი ხმაც. სწორედ ასეთ მომღერლებს ვუწოდებ გამორჩეულებს.

- როგორ იზრდებოდა ნატალია ქუთათელაძე, გარკვეული შეგონებებით ადამიანურ ღირებულებების შესახებ თუ ამ ყველაფერს ოჯახის წევრების პირად მაგალითზე აკვირდებოდი, ვინ უფრო აქტიურად იყო ჩართული შენს მუსიკალურ აღზრდაში?

- ცხადია მაგალითებზე ვიზრდებოდი, თუმცა დღემდე უმნიშვნელოვანესია ოჯახური რჩევა - არასოდეს დავკარგო ადამიანობა. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ყოველთვის მახსოვს, ვინ დგანან ჩემს უკან და რა ცხოვრებით უცხოვრიათ. ჩემს მუსიკალურ აღზრდაში ნანიც და ეკაც აქტიურად იყვნენ ჩართული. მათ საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრეს, მაგრამ ჩემს განსხვავებულ არჩევანს პატივისცემით შეხვდნენ. მათმა ნდობამ გაამართლდა, რაც ჩემთვის ოჯახური პატივისცემის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მაგალითია.

- ნანი ბრეგვაძე ნახევარ საუკუნეზე მეტია დგას სცენაზე და საოცარია, რომ ის ისეთივე მშვენიერია, როგორც 10 წლის წინ და ისეთივე მშვენიერი, როგორც 20 წლის წინ... სტილები, მიმდინარეობები, ტენდენციები, მსმენელის მოთხოვნები და გემოვნება მუდამ იცვლება, მაგრამ ნანი ბრეგვაძის მიმართ ინტერესი არა თუ ნელდება, მატულობს კიდეც, რით ხსნი ამას?

- უპირველესად, მისი პიროვნული თვისებებით, რომელიც ჩემთვისაც მაგალითია. ჩვენნაირ ქვეყანაში ისე გაიარო ცხოვრება, რომ გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურო, რთულია. როდესაც მასზე აღტაცებით ვსაუბრობ გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობ, მაგრამ მართლაც მაოცებს როგორ მოახერხა დარჩენილიყო ბავშვურად მიამიტი და ამავე დროს პროგრესულად მოაზროვნე. ეს ღირებულებები ოჯახში ჩამოუყალიბდა, სხვა რას უნდა ნიშნავდეს ნანის დედის შეგონება - არავის სჭირდება შენი სიმღერა, თუკი არ იქნები კარგი ადამიანი. პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება და სწორი აღზრდა ხომ შვილის ქედმაღლობისგან და თვითკმაყოფილების შეგრძნებისგან დაცვას გულისხმობს. საკუთარი თავის მუდმივი კრიტიკის ოჯახურმა ტრაციდიამ გარკვეული კომპლექსებიც გაგვიჩინა ეკას და მე, მაგრამ ნანის მაგალითზე ვხვდებით, რომ ეს სწორი გზაა. ნანი კეთილგანწყობილია, ემოციური, ყველაფრის შესახებ გააჩნია საკუთარი პოზიცია, თუმცა თავს უფლებას არასოდეს მისცემს, რომ საზოგადოებას საკუთარი აზრი მოახვიოს თავზე. შესაძლოა ჩემთვის მიუღებელია საზოგადოებრივი პოზიიის დაფიქსირებისგან თავის შეკავება, მაგრამ ნანის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, თავშეკავება ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა.

- ნიკოლოზ რაჭველმა ერთ-ერთ იუბილეზე ნანის ემოციური სიტყვები მიუძღვნა: "თუ ქართულ (და არა მარტო) სიმღერაში არსებობს მწვერვალი, ის ნამდვილად მისი დამკვიდრებულია და ძალზედ რთულია მის სტანდარტთან მიახლოება“. აი, შენ კი საოპერო მომღერალი ხარ; ხომ არ იყო ეს არაცნობიერად ოჯახის წევრების ჩრდილიდან გამოსვლის სურვილი და ფიქრობ თუ არა, რომ ეკა გარკვეულწილად ოდნავ დაიჩრდილა? ერთ-ერთ ინტერვიუში ეკამ ასეთი აზრი გამოთქვა - ვიყავი ნანის შვილი, ვარ ნატალიას დედა. ეს სიტყვები მე თვითკრიტიკად აღვიქვი, რაც კვლავ ოჯახური ღირებულებების გამოხატულებაა, თუმცა ეკა მამალაძე ნამდვილად არის როგორც ოჯახის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი, ისე ფერადი ტემბრით, საკუთარი ინტონაციური სამყაროთი გამორჩეული ხელოვანი. ამ რანგის ორი მუსიკოსის ოჯახში როგორ იპოვე შენი გზა, რომელიც ასევე გამორჩეულია?

- როდესაც დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი მანანა ბარათაშვილის ხელმძღვანელობით, მივხვდი, რომ ინსტრუმენტთან დიდი დროის გატარება არ შემეძლო და ჩემი ბავშვური გულუბრყვილობით ვიპოვე მარტივი გამოსავალი - ვოკალის ფაკულტეტი. არ გამოვირჩეოდი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით და ძლივს მოვხვდი კონსერვატორიაში. უძლიერეს ჯგუფში ბოლოდან პირველი ვიყავი საკონკურსო შედეგების მიხედვით. სამართლიანადაც მოვხვდი ფასიან სექტორზე და მიხაროდა კიდეც, რომ ვერ დამაბრალებდნენ ნანის ფაქტორის გამო უფასო სექტორზე მოხვედრას. იმ ხანად არც მიფიქრია იმაზე, რომ საოპერო სფერო იმიტომ ავირჩიე, რომ ნანის შემოქმედებითი ორბიტიდან გავსულიყავი. რაც შეეხება ეკას, მას ბევრად რთული გზის გავლა მოუწია. ნანის მეტად მაღალი მოთხოვნები აქვს პირველ რიგში ოჯახის წევრების მიმართ, მეტადრე ეკას მიმართ. სტილის და რეპერტუარის მხრივ, ნანის ეპოქაში რთული იყო ინდივიდუალური ნიშის პოვნა, თვით ნანიც ხომ ცდილობს ცნობილი სიმღერების ინტერპრეტაცია დროის მოთხოვნებს შეუსაბამოს. ამიტომ ახალი საშემსრულებლო მანერის პოვნა რთულია. თავდაჯერებულობა ეკასთან გვიან, უდიდესი შრომის და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ცხადია აქ გარკვეული როლი ითამაშა მისმა თავმდაბლობამაც. ამიტომ მეც არ ვთვლი, რომ ეკა ნანის შვილი და ნატალიას დედაა, ის ჩემთვის განსაკუთრებული ტემბრის, მუსიკალური გემოვნების და მანერების მქონე მომღერალია.

- ვინაიდან ჩვენ, გარდა სოციალური არსებებისა, პოლიტიკური არსებებიც ვართ და ხელოვნება პოლიტიკასთან გარკვეულწილად გადაჯაჭვულია, მაინტერესებს შენი აზრი - უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა რუსეთში გამართულ სახელოვნებო ფესტვალებში, კონცერტებსა თუ საოპერო დადგმებში?

- ამ კითხვაზე პასუხია - არა! ნანიც კი, რომელსაც რუსეთში აღმერთებენ, ცდილობს თავი შეიკავოს კონცერტის იქ გამართვისგან, თუმცა მისი თაობის არტისტებისთვის ეს საკითხი მეტად რთული და კომპლექსურია. ჩემს თაობას კი მეტი პრინციპულობა მართებს. ჩვენს ოჯახს რუსეთში უამრავ ძვირფას ხელოვანთან აქვს შემოქმედებითი ურთიერთობა. ისინი ჩვენი ოჯახის დიდი გულშემატკივრები არიან, სხვათაშორის, საქართველოს გულშემატკივრებიც. არ მაქვს მორალური უფლება ერთ ჭრილში მოვიხსენიო ყველანი და მათ ჩემი ქვეყნის მტერი ვუწოდო, თუმცა რუსეთი, როგორც სახელმწიფო, თავისი ხელისუფლებით, ასი წლის წინათაც ჩვენი მტერი იყო და ახლაც. სამწუხაროა, რომ ჯოხი სწორედ უბრალო, მშვიდობისმოყვარე მოქალაქეებზე ან ხელოვანებზე ტყდება. სწორედ ეს ხალხი ხდება კრიტიკის საგანი, იმ დროს, როდესაც ქართველ პოლიტიკოსებს მეტი პრინციპულობა მართებთ. ამიტომ არ მგონია სამართლიანი - მხოლოდ ხელოვანებს ავკიდოთ ეს ტვირთი; ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ - რას ვითხოვთ და რა გვინდა. ვიდრე ერთმანეთის დამცირებით ვართ დაკავებული და ერთმანეთთან ჭიდაობით სუსტდება ერი, მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის რუკას ავიწროვებს. ვფიქრობ, საქართველოს პრიორიტებების პრობლემა აქვს.

- პანდემიამ ბევრს გაუჩინა შიში, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის ზოგადად თეატრს, საოპერო ხელოვნებას. რეჟისორების და მსახიობების აზრით, თეატრი მხოლოდ ის სანახაობაა, რაც უშუალოდ მაყურებლის თვალსწინ უნდა გათამაშდეს; მისი გადატანა დიგიტალურ სივრცეში ამ დარგს იმანენტურ შინაარს დაუკარგავს. შენი აზრით ციფრული რეალობა რა საფრთხეს უქმნის საოპერო ხელოვნებას?

- ოპერის ალტერნატივა რთული წარმოსადგენია, მაგრამ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში შესაძლოა დაიბადოს კიდეც რაიმე ახალი ჟანრი, რომელიც მომავალი თაობებისთვის იქნება აქტუალური. პანდემია მართლაც დიდი გამოწვევა აღმოჩნდა საოპერო ხელოვნებისთვის, თუმცა მანამდეც გამოიკვეთა პრობლემების წრე, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყოლია. საოპერო დადგმებში მარკეტინგული ხრიკები, შოუს ელემენტები ხშირად გამხდარა კამათის საგანი პროფესიულ წრეებში, მაგრამ ახალი ეპოქა სიახლეს მაინც მოიტანს ხელოვნებაში. ეს გარდაუვალია. ვფიქრობ, საოპერო ხელოვნებამ ახალ ეპოქასაც უნდა აუწყოს ფეხი. ცვლილებები ხომ ყოველთვის ბადებს სიახლეს.

გვანცა ღვინჯილია

მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

"იქ ყოფნისას დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, პირბადეც არავის ეკეთა" - კრისტი ყიფშიძე აშშ-ში მოგზაურობასა და შეძენილ ახალ პროფესიაზე

როგორ გამოიყურება 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი - მომღერალმა თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესი გაუმხილა და სცენას დროებით დაემშვიდობა

"მაწუხებს ბუბას ამბავი... ვაითუ, თავს მოგახვიონ რუსეთთან მეგობრობაც“ - კიკაბიძის მილოცვა და შირვინდტის იუმორისტული პასუხი