თვალი არ ეცეს... შუკა-შუკა, შარა-შარა გართხმულები შედიან პარლამენტში - ასე ვერ მართავენ ქვეყანას, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლაზე კომენტირებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ვერსად გაექცევა პროტესტს და პასუხისმგებლობას.
„თვალი არ ეცეს... მართლა „მილისტები“ არიან ესენი ხალხო, ხელისუფლება აღარ არსებობს, გვემალებიან, კითხვებს გაურბიან, მედიას ემალებიან და ასე, შუკა-შუკა, შარა-შარა, გართხმულები შედიან პარლამენტში და ასე თუ უნდა მართონ ქვეყანა, ვერ მართავენ ასე ქვეყანას“, - განაცხადა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა. გომელაურს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც აქციის მონაწილეებს შს მინისტრთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდათ.
აქციის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ შს მინისტრი პარლამენტში არა სამთავრობო, მსუბუქი ავტომანქანით, არამედ „დაბურულშუშებიანი მინივენით მიიყვანეს“. მათი შეფასებით, მთავრობას მომიტინგეების ეშინია.