"დამეხმარეთ, გთხოვთ, მედიკამენტი "აქტემრა" მჭირდება, გადარჩენისთვის, ოჯახის წევრის გადასარჩენად... ამ წამლის ერთი დოზა 120 ათას რუბლზე მეტი ღირს, ამის ფული კი აღარ მაქვს და სიკვდილისთვის განწირული ვარ. ჩემი ოჯახის წევრს კოვიდის მწვავე ფორმა აქვს და ეს მედიკამენტი მჭირდება" - ბოლო დღეებია ამ შინაარსის მესიჯები ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალურ ქსელებში ისტერიულად ვრცელდება.
ვირუსის ახალი თუ ძველი შტამით ადამიანები, რომელთაც ექიმების დახმარების იმედი გადაწურული აქვთ, ცდილობენ, თავად იპოვონ გამოსავალი და ხალხში მოსმენილი პრეპარატები მოიხმარონ.
ბოლო დღეებში რეგიონის მოსახლეობაში ძალზე პოპულარულია პრეპარატი "აქტემრა", რომელიც ძალიან ძვირი ღირს. მათივე თქმით, აღნიშნული პრეპარატი რუსეთში სამედიცინო დაწესებულებებიდან შავი გზებით, თუმცა ძალიან იაფად იყიდება, შემდეგ კი აფხაზეთში შემოაქვთ და ათმაგ ფასში ყიდიან.
ადგილობრივები წერენ, რომ კოვიდ-რეგულაციების შეზღუდვის და კონტროლის გამკაცრების კვალდაკვალ, რეგიონში რუსი ტურისტები უკონტროლოდ შემოდიან და არც ქელეხებისა და ქორწილების ხალხმრავალი სუფრებია შეზღუდული.
ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი გული ხაგბა წერს, რომ თავადაც პაციენტისგან დაინფიცირდა, ჯოჯოხეთი გამოიარა, იმდენად მძიმე სიტუაცია ჰქონდა, რომ "საქართველოში გადაიყვანეს და იქ გადაარჩინეს".
"ოღონდ რუსეთსა და აფხაზეთში დამკვიდრებული მკურნალობის მეთოდებისგან სრულიად განსხვავებულად მკურნალობენ... რამდენიმე კვირაა ისევ დავუბრუნდი ჩემს საქმეს. ვირუსი არა, მაგრამ ფსიქოზი მჭირს, შეიძლება სამი დღე ისე გავიდეს, ჭამასაც ვერ ვასწრებთ. აღარ ვიცი რას ნიშნავს ძილი და დასვენება. შეუძლებელს ვაკეთებთ. არადა, ხალხს ჰგონია, რომ თავისით იმკურნალებს სახლში, ათასგვარ, ყურმოკრულ პრეპარატს სვამენ. ახლა ეს "აქტემრა" აიჩემეს. რუსეთში ციტრამონის ფასი ღირს. სინამდვილეში კი პლაცებოა, ან არც კი, მაგრამ ვინ ურჩია და გიჟებივით ყიდულობენ", - წერს აფხაზი ექიმი.
რუსეთისგან შემოტანილი წამლის აბსურდულობაზე წერენ სხვა ექიმებიც, მაგრამ, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ჯიუტად ცდილობს მის შეძენას. არის შემთხვევები, როდესაც რეგიონში შემომავალ ტურისტებს აბარებენ მას.
"ჩვეულებრივი სპეკულიანტები არიან. მსოფლიო მეცნიერება ვერ ადასტურებს, რომ ვაქცინა სრულად იცავს ადამიანს ვირუსისგან და აფხაზეთში რაღაც განსაკუთრებულ წამალს მიაგნეს... მაოცებს ჩემი ხალხის გულუბრყვილობა. ათასობით რუბლს აძლევენ სულელურ წამალში... ამხელა პრობლემის წინაშე ძალიან ცოტანი ვართ.
მძიმე ავადმყოფების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით იზრდება. ინფიცირებულებს საავადმყოფოში დერეფნებში ვაწვენთ. ხალხსა და ხელმძღვანელობას კი, საზღვრის ჩაკეტვის გაგონება არ უნდა. ტურისტები ან ყალბი კოვიდპასპორტებით შემოდიან ან არც არავინ უმოწმებს რაიმე სახის დოკუმენტს. არადა, ჟანგბადის აპარატები კი არა, ბამბა, სპირტი და ბინტიც კი არ გვაქვს, ასეთი რამ 90-იან, ომის წლებშიც კი არ მახსოვს. გარშემო კი, ქორწილები და გართობაა.. ზოგჯერ, გადაღლილობისგან სიკვდილს ვნატრობ" - წერს კიდევ ერთი აფხაზი ექიმი ლარისა ხაჯიმბა.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ ადგილობრივ მოსახლეობას და ამბობენ, რომ "აქტემრა" ეფექტურია.
"ვინ ამბობს, რომ "აქტემრას" ეფექტი არ აქვს. საავადმყოფოში სწორედ მაგით მკურნალობენ, ოღონდ ჩუმად, კავშირები უნდა გქონდეს. მხოლოდ ახლობლებს აძლევენ. მათ, ვისაც ამის შეძენის ფული არ აქვს - განწირულია. ეს ვითომ არ იციან ექიმებმა, არა?" - წერს ასტამურ გულია.
"ბიძაჩემი გადაარჩინეს იმ წამლით. სულზე მოგვისწრო. რუს ტურისტს ჰქონდა ჩამოტანილი - ყოველი შემთხვევისთვის წამოვიღეო... თავიდან უფასო იყო, მერე ფასი დაადეს, მერე კი საშინლად გააძვირეს. თუ არაეფექტურია, რატომ ყიდულობს ხალხი?.." - წერს მალინა ჩუკბარი.
მთავარი ფოტო: rbc.ru