„ევროპულ საქართველოში“ იმ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობენ, რომლებიც საჭიროა შესაძლო შეზღუდვებისა და რეგულაციების თავიდან ასაცილებლად.
როგორც გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მაშინ, როცა ხელისუფლებამ გამიზნულად ჩააგდო ვაქცინაციის პროცესი, კვლავ ცდილობს შეზღუდვების შემოღებას პოლიტიკური ამოცანებისათვის.
„ივანიშვილის რეჟიმმა, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი გამოწვევების დროს, როგორიც კოვიდპანდემიაა. ჩვენი ფული დახარჯეს მათი კამპანიის დაფინანსებაზე, ახლა კი უკვე საჯაროდ აღიარეს, რომ მთავარი საკითხი რაც იყო, ვაქცინაცია, თვითონ შეგნებულად ჩააგდეს ნორმალური ადამიანისთვის აუხსნელი მიზეზებით. ესეც იმიტომ, რომ მოუწიათ აღიარება ჩვენ კითხვაზე რომ ეპასუხად და გვითხრეს, რომ შეგნებულად არ შეიძინეს „ჯონსონისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები, არ აწყობდათ ვადები და ფასი, ახლა კი კატასტროფის წინაშე ვდგავართ.
ახლა იწყებენ საუბარს ისევ შეზღუდვებზე, მაშინ, როცა მოდის არჩევნები, მაშინ როცა ერთხელ, თავისი ჭკუით წარმატებით გამოცადეს ამ შეზღუდვების პოლიტიკური ამოცანებისათვის გამოყენება და ფეხებზე ჰკიდიათ, თუ რა უმძიმესი შედეგები დადგება არამარტო პოლიტიკურად ქვეყნის და ადამიანების თავისუფლებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად კიდევ ერთი შეზღუდვების შედეგად.
რა თქმა უნდა, ამ ზიანს ვერაფერი გამოასწორებს რა უზარმაზარი ზიანიც უკვე მოიტანეს, თუმცა, არის მინიმალური ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც არის დღესაც კი შესაძლებელი იმისათვის, რომ არანაირი ახალი დამანგრეველი შეზღუდვები საჭირო არ გახდეს,“ - განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, როგორც პარტიის წევრმა ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, ახალი შეზღუდვების ასაცილებლად საჭიროა ტესტირების მზარდი ინტენსიფიკაცია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სისტემური გაძლიერება, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საინფორმაციო კამპანიის აქტიური წარმართვა ადგილობრივ დონეზე.
„იმ ფონზე, როცა ხელისუფლება იმეორებს შარშანდელ შეცდომებს, მანიპულირებს შეზღუდვებისა და რეგულაციების მოხსნით და კრიტიკულად ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეებს ადეკვატური რაოდენობის ვაქცინებით, ძალიან მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში გადაიდგას რამდენიმე ნაბიჯი, რათა კვლავ ავიცილოთ, ერთი მხრივ, შეზღუდვები და მეორეს მხრივ, დავიცვათ ადამიანების სოცოცხლე და ჯანმრთელობა და ეს არის პირველ რიგში, ტესტირების ინტენსიფიკაცია (მინიმუმ 50 000 ტესტი დღეში) და ინფიცირებული მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფა. ასევე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ჰოსპიტალური სექტორის ინფრასტრუქტურული და სისტემური გაძლიერება, ვაქცინებზე ხელსაწვდომობის გაზრდა (ასაკობრივი ზღვარის შემცირება „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე), საინფორმაციო, საგანმანათლებლო პროცესის სწრაფი ორგანიზება ადგილებზე და არა პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებული სარეკლამო კამპანია.
დრო ცოტაა, თუ ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლებთ ამ ნაბიჯების თანმიმდევრულ სწრად გადადგმას, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ძალიან დრამატულ აგვისტო-სექტემბერს და იმ უმძიმეს შეზღუდვებს, რასაც ხელისუფლება გვიანონსებს,“ - განაცხადა კალოიანმა.