ავტორი:

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო - მღვდლის შვილი, მიხეილ კალანდია და გიორგი ჯანაშია. მაშინ რა თქმა უნდა, არ ვიცოდი ესენი ვინ იყვნენ, ან ჩემ შვილთან რა უნდოდათ, დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს ბავშვი, რისთვის გაიმეტეს ასე მხეცურად, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე აძლევს ჩვენებას. ზაზა სარალიძემ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენა.

"სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გახსენება, დიდი დრო გავიდა, მაგრამ საკმაო დეტალები მახსოვს, რაც ამ საქმეს ეხება. შუადღე იქნებოდა, დამრიგებლის ზარი შემოვიდა ტელეფონზე, მითხრა დათუჩას რაღაც პრობელმა აქვს და სასწრაფოდ სკოლაში მოდიო. სკოლაში რომ შევედი ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, მივხვდი რომ რაღაც საშინელება იყო მომხდარი. პატარა ნაკაწრი აქვს და საავადმყოფოშია გადაყვანილიო, მითხრა დამრიგებელმა. საავადმყოფოში რომ მივედი, თვალწინ იყო რაც მოხდა, არ მინდოდა დაჯერება რომ უკვე შვილს ვკარგავდი. ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა იქ, ფაქტობრივად იქ არავინ იცოდა მე ვინ ვიყავი, დაცვის ოთახში ბავშვები ჰყავდათ შეყვანილი, კარებზე მიყრდნობილი ვიყავი და მესმოდა ვინ რას ლაპარაკობდა. ყველა ერთი და იმავეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო - მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია. მაშინ არ ვიცოდი, რა თქმა უნდა, ესენი ვინ იყვნენ, ან ჩემ შვილთან რა უნდოდათ, დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს ბავშვი, რისთვის გაიმეტეს ასე მხეცურად, გასაგებია ჩხუბი მოხდა, მაგრამ საომრად რატომ წავიდნენ, რატომ წავიდნენ რომ ვიღაც მოეკლათ. საქმის მასალებს გავეცანი და ნათლად ჩანდა ამ სამი პირის ბრალეულობა ჩემი შვილის საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად დაარტყა დანა, რატომ წავიდნენ საერთოდ დანით? ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ისიც თქვა, თითქოს, შერიგების მიზნით იყვნენ ბიჭები წასულები, არ ვეთანხმები, რომ ვაჟკაცი შერიგებისთვის იარაღით მიდიოდეს. ფაქტია, რომ მე შვილის გარეშე ვარ სახლში, ეს პატივცემულები აგრძელებენ ჩვეულებრივად ცხოვრებას", - განაცხადა სარალიძემ.

მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ საქმეში ფიგურანტი ბავშვების მშობლების როლზე, რომლებიც სარალიძის თქმით, შვილებს სიმართლის თქმას უშლიდნენ.

"ბავშვები დავიბარე, დაახლოებით, 15-20 ბავშვი მოვიდა, ზოგს მშობელიც მოყვა, არავინ ასახელებდა კონკრეტულ სახელებს, მშობლები ცდილობდნენ თვითონ გაეცათ ბავშვის ნაცვლად პასუხები, ჩავიწერე მათი საუბარი, ვიცოდი რომ არაკანონიერი იყო, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. ბავშვებმა იქ ნათლად, არაპირდაპირ ჩამოაყალიბეს, მაგრამ ნათლად ჩანდა ამ სამი პირის მონაწილეობა დაჭრის ნაწილში.... როგორც ჩემამდე მოვიდა ამბავი, მათ უფროსები უშლიდნენ საუბარს, სკოლაშიც ჩამოაყალიბეს ეს აზრი - დათო მკვდარია, ცოცხლები გადავარჩინოთ", - განაცხადა სარალიძემ და დასძინა, რომ მისი შვილი უკონფლიქტო იყო.

"დანის ეშინოდა, კარტოფილსაც ვერ თლიდა, წინა ზაფხულს, ბოლო დაბადების დღეზე ტორტიც ვერ დაჭრა, რატომ ჰქონდა დანის შიში, არ ვიცი. ადამიანების მოსიყვარულე ადამიანი იყო, გაჭირვებულების გვერდში დგომა უყვარდა"- განაცხადა სარალიძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

შსს-მ "ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

"მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და... - შსს-ს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?