"კომედი შოუს" მსახიობ ლაშა გაბუნიას დღეს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა.
"ოპერაცია რამდენიმე საათის წინ დასრულდა, ლაშა უკვე ნარკოზიდან გამოვიდა და თავს კარგად გრძნობს", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "საზღვარგარეთ მკურნალობის სერვისის" ოფიციალურ გვერდზე.
ლაშა რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოჰყვა და არაერთი ოპერაციის მიუხედავად მისი მდგომარეობა დამძიმდა. აწუხებდა ძლიერი ტკივილები და ბოლო დროს სკეტჩებში მონაწილეობაც უჭირდა. ოპერაციის თანხის შესაგროვებლად მეგობრებმა კამპანიაც წამოიწყეს.
როგორია მსახიობის მდგომარეობა და როდის დაუბრუნდება სამშობლოს და ტელეეკრანს, Ambebi.ge მის მეგობრებსა და კოლეგებს, ნიკა არაბიძესა და თემო ნიქაბაძეს ესაუბრა.
ნიკა არაბიძე:
- ლაშასთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ჩვენი საერთო მეგობარი იქ იმყოფება და როგორც მისგან გავიგე, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ეს ლაშას ბოლო ოპერაციაა და შემდეგ გარკვეული პერიოდი რეაბილიტაცია სჭირდება. იმედი გვაქვს, რომ კარგად იქნება. ლაშას ოპერაციის თანხა ბოლომდე ვერ შეგროვდა, მაგრამ ყველას მადლობას ვეტყვი ვინც დაგვეხმარა. მოგვიანებით ლაშას გავესაუბრები.
- ბოლო დროს, მისი მდგომარეობა გართულდა და როგორც ვიცით, სკეტჩებშიც უჭირდა მონაწილეობის მიღება...
- დიახ, ლაშა ყველა სკეტჩი ვერ იყო, მაგრამ „კომედი შოუ“ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წინასწარ გადაგვეღო და შემდეგ ვანაწილებდით. ახლა მაინც არდადეგები გვეწყება და სექტემბრიდან პატარა დოზით მაინც იმუშავებს, ჯერჯერობით, ფიზიკურ დატვირთვას ალბათ ვერ შეძლებს.
თემო ნიქაბაძე:
- ლაშა კარგად არის, ნარკოზიდან გამოვიდა. ოპერაციის დაწყებამდე ცოტას ნერვიულობდა, რადგან საკმაოდ რთული ოპერაცია იყო, მაგრამ ექიმიც კმაყოფილია და წარმატებითაც დასრულდა. ბოლო დროს სერიოზული ტკივილები ჰქონდა, მისთვის დატვირთვა, ბევრი მოძრაობა არ შეიძლებოდა. გაჭირვებით მაინც ახერხებდა სკეტჩებში მონაწილეობას, იმის გამო, რომ საერთო საქმე გაკეთებულიყო, მაგრამ მერე ტკივილებმა ძალიან შეაწუხა.