ავტორი:

"თქვენს უკან დგას მთელი საქართველო... დამილოცნიხართ!" - ემოციური კადრები ქართველი სპორტსმენების ტოკიოს ოლიმპიადაზე გააცილების ცერემონიიდან

"თქვენს უკან დგას მთელი საქართველო... დამილოცნიხართ!" - ემოციური კადრები ქართველი სპორტსმენების ტოკიოს ოლიმპიადაზე გააცილების ცერემონიიდან

მჯერა, რომ თქვენ გამოხვალთ რა, ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში, ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს გამარჯვება და წარმატება უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ყველანი ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი გაცილება ტოკიოში. გიყურებთ რა თქვენ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ყველანი, რომ ჩვენ ვართ, მართლაც, ჩემპიონების ერი. ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი წყალობა, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, მინდა გითხრათ, რომ მთელი ერი შემოგცქერით ახლა თქვენ. მჯერა, რომ თქვენ გამოხვალთ რა, ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში, ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მინდა, გისურვოთ ყველას გამარჯვება, გისურვოთ წარმატებები,"- აღნიშნა პრემიერმა..

გაცილების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების წარმოჩენა სჭირდება და ოლიმპიელებს ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

"ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი დღეს აქ ყოფნა! და ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი, რომ მაცვია თქვენი ფორმა! იმიტომ, რომ მე ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ფორმა, ამის უკან რამდენი მუშაობა, რამდენი გამძლეობა, ვარჯიშში გატარებული რამდენი დღე დგას და ეს არის იმ მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარი. გავიარეთ ძალიან რთული წელი, წელიწადნახევარი. თქვენთვის ალბათ კიდევ უფრო რთული იყო ეს პანდემიის წელი, რამეთუ სპორტსმენისთვის თუ შეჯიბრებში მონაწილეობა და ასპარეზობა არ შეიძლება, ეს არის მძიმე და ძალიან აფერხებს იმ განვითარებას, რომელიც აუცილებელია ამ სპორტში და შემდეგი გამარჯვებისთვის. თქვენ ეს ყველაფერი განიცადეთ, თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ელჩო, თქვენს ქვეყანას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ვიცით, ძნელია. ვიცით, რომ არ დაესწრებიან მაყურებლები და მხარდამჭერები და ესეც ძალიან რთულია, როდესაც გამოდიხარ ცარიელ სტადიონზე, მაგრამ ამისთვის დიდი მადლობა მაინც იაპონიას, რომ ეს შეძლო. ვიცით, მთელ მსოფლიოში ეს რამდენად რთული ამოცანა იყო და არის. პანდემიის გარდა ჩვენ გავიარეთ ასევე ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, წლები დაპირისპირების და თქვენ აქაც ძალიან გამორჩეული როლი გაქვთ, რამეთუ სპორტი, ოლიმპიადა ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო და ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ" - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ოლიმპიელებსა და პარაოლიმპიელებს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით მიმართა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმაც.

როგორც ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ქართველ სპორტსმენებს აქვთ ოლიმპიური დევიზი - „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ და მან იმედი გამოთქვა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე წასული სპორტსმენები, სწორედ ამ შემართებით იბრძოლებენ და ასე ღირსეულად დაბრუნდებიან სამშობლოში.

"მოგესალმებით ძვირფასო ოლიმპიელებო, ძვირფასო პარაოლიმპიელებო, მე მგონი დღეს არის ღირსშესანიშნავი დღე, იმიტომ, რომ დამთავრდა თქვენი ნერვიულობა ოლიმპიადის ჩატარება-არ ჩატარებასთან დაკავშირებით. მე თვითონ სპორტსმენი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ასეთი დიდი ღონისძიება გაუთავებლად გადაიდება. თუმცა თქვენ უფრო დიდი გამოცდა გელით იქ, იმიტომ, რომ პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა და ძალიან შეზღუდულები იქნებით ყველაფერში - თქვენ ამხელა მანძილი უნდა დაფაროთ, ჩაფრინდეთ, უცებ გამოხვიდეთ შეჯიბრზე და დაბრუნდეთ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოცდა თქვენის. მაგრამ თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც თქვენ დღეს გიყურებთ, გისურვებთ წარმატებას. დღეს აქ მობრძანებულია მთელი ხელისუფლება, მოსულები არიან ვეტერანი სპორტსმენები და ჩვენ იმედით შემოგყურებთ თქვენ. ღირსეული გუნდი ხართ და თქვენგან ველით სერიოზულ მედლებს. ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დევიზი - „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ და დარწმუნებული ვარ ამ შემართებით იბრძოლებთ და ასე ღირსეულად დაგვიბრუნდებით. დამილოცნიხართ ისე, როგორც გლოცავთ აქ დამსწრე საზოგადოება!“- განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

აქციის მონაწილეები მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად დროს ხვალ, 12:00 საათამდე აძლევენ

ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

"ათასობით ქართველი ნაცემი ჟურნალისტის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციას მართავს"- როგორ ეხმიანება უცხოური მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას