შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ფაქტზე შესაბამის ზომებს მიიღებს, უმკაცრესად იქნებიან დასჯილი ის პირები, ვინც იძალადეს ჟურნალისტებზე, მოქალაქეებზე და ა.შ., - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
სირაძე პარლამენტთან ცოტა ხნის წინ მივიდა.
მისივე თქმით, თბილისის ქუჩებში შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული შემადგენლობით არის მობილიზებული.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული შემადგენლობით მობილიზებული იყო გუშინ თბილისის ქუჩებში, იმ ადგილებში, სადაც ხდებოდა გარკვეული ინცინდენტები. როგორც დღეს, ასევე გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები მობილიზებული იყო, მაგრამ განსხვავებით დღევანდელისა, გუშინ გვქონდა არაერთი ლოკაცია, სადაც გვიწევდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა.
მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ თითოეული ინციდენტი აღგვეკვეთა, ასევე დაწყებულია გამოძიება. როგორც გაკეთდა განცხადება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ფაქტზე შესაბამის ზომებს მიიღებს, უმკაცრესად იქნებიან დასჯილი ის პირები, ვინც იძალადეს ჟურნალისტებზე, მოქალაქეებზე და ა.შ. არსებობს პროპორციული ძალა, რაც უნდა გამოიყენოს პოლიციამ. რაც შეგვეძლო, შესაბამისად ვმოქმედებდით”, - განაცხადა სირაძემ.