ავტორი:

"მოთარეშე ყაჩაღები გამოუშვეს ქალაქში და ეს გააკეთა ხელისუფლებამ" - ვინ არის პასუხისმგებელი 5 ივლისს მომხდარზე და როგორ აისახება ეს ქვეყნის მომავალზე?

"მოთარეშე ყაჩაღები გამოუშვეს ქალაქში და ეს გააკეთა ხელისუფლებამ" - ვინ არის პასუხისმგებელი 5 ივლისს მომხდარზე და როგორ აისახება ეს ქვეყნის მომავალზე?

2021 წლის 5 ივლისი კიდევ ერთ უმძიმესი დღედ ჩაიწერა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც “ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აგრესორთა სამიზნე მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - ჟურნალისტები და ოპერატორები აღმოჩნდნენ, რომელთაც ქვებს, ხელკეტებსა და მუშტებს უშენდნენ მაშინ, როდესაც ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. პატრულის თანამშრომლები, რომლებიც უყურებდნენ, როგორ ასისხლიანებდნენ ჟურნალისტებს არაფერი, ან ვერაფერი იღონეს გავეშებული ბრბოს შესაჩერებლად.

დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი, მათგან რამდენიმე ჯერ კიდევ კლინიკაშია მოთავსებული, ზოგიერთს გადაუდებელი ოპერაციაც კი დასჭირდა, მაგალითად, "პალიტრანიუსის“ ოპერატორს რომა ტარუღიშვილს, რომელსაც თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა. არ დარჩენილა თითქმის მედიასაშუალება, რომელსაც ერთი დაზარალებული მაინც არ ჰყავს. რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

გუშინდელი დღის შედეგის ყველაზე სიმბოლური გამოხატულება ის არის, რომ რუსთაველზე შეკრებილმა ხალხმა ჩამოხსნა ევროკავშირის დროშა და მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება ბრბოს ნებას რთავს, სასტიკად და ლინჩის წესით გაუსწორდეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ჟურალისტებს... რჩება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ შეგნებულად შეატოვა მედიის წარმომადგეენლები გავეშებულ ბრბოს და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ეს ძალიან ჰგავს ხელისუფლების მედიის დაშინების მცდელობას.

მოძალადე ჯგუფების მსხვერპლი მედიის წარმომადგენლები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მომხდარში პასუხისმგებლობას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს, რომელმაც ქვეყანა არაერთხელ დააყენა საფრთხის ქვეშ.

"ჩემის აზრით, აქ პრობლემა არ არის სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების ვერდაცვაში, პრობლემაა არდაცვაში, და ეს არის ფუნდამენტური, ძალიან სახიფათო პრობლემა. მეტსაც გეტყვით, ადამიანს, რომელსაც შეუძლია ვიწრო პოლიტიკური ინტერესის გამო სახელმწიფო ასეთი სერიოზული ძალადობის პირისპირ დააყენოს, ის პიროვნება თვითონ არის სახელმწიფოსთვის სახიფათო. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ღარიბაშვილზე, რომელმაც შესაბამისი ინდულიგენცია გასცა ამ ტოტალური, მასობრივი ძალადობის.

გარკვეულწილად, ეს არის სახელმწიფოებრივი ტრაგედია, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს, ასე გაგრძელება არ შეიძლება, შემდეგი იქნება ბევრად უფრო უარესი. ღარიბაშვილის მხრიდან ეს პირველი არ არის, რელიგიურ თემებთან დაკავშირევბით მან სერიოზული რისკების ქვეშ დააყენა ქვეყნებს შორის ურთიერთობა - კამპანიის "გარეჯი საქართველოა" დაკავშირებით, ვიწრო პოლიტიკური მოტივებით გვახსოვს, როგორ დააყენა ქვეყნებს შორის ურთიერთობა საფრთხის ქვეშ, ახლა ამ თემასთან დაკავშირებით დააყენა ქვეყანა საფრთხის ქვეშ და შემდეგი რა იქნება, არ ვიცი, ბართლომეს ღამეს მოაწყობს, თუ რას აპირებს, ვერ გავიგე. ვთვლი, რომ მას არ აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალიც კი, საერთოდ არ იცის, რა არის სახელმწიფო და შეუძლია საკუთარ სკამს გადააყოლოს ყველა და ყველაფერი. როდესაც საუბრობენ, რომ ის თურმე პატრიოტია, ეს არის თავხედობა. ღარიბაშვილი არის ანტიპატრიოტი, მას არ უყვარს თავისი ქვეყანა, ელემენტარულად.

გია ხუხაშვილი

იყო თუ არა ჟურნალისტებზე ნადირობა მიზანმიმართული და მიუშვა თუ არა რადიკალები სახელმწიფომ მედიაზე სანადიროდ, პოლიტოლოგი ამბობს, რომ იმ ხალხზე, ვინც ჟურნალისტებს გამეტებით ურტყამდა, ხელისუფლების მხრიდან გაცემული იყო ინდულიგენცია. ეს უბრალოდ იყო დაშვებული ძალადობა და ხელისუფლების ეს რაუნდი ჟურნალისტების დაშინებას ემსახურებოდა.

"არ ვიტყვი, რომ ისინი ჟურნალისტებზე მიუშვეს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ხალხზე, ვინც ჟურნალისტებს გამეტებით ურტყამდა, გაცემული იყო ინდულიგენცია, რომ ისინი არ დაისჯებოდნენ. ეს კუნთმაგარი ბიჭები რომ დარბოდნენ და დათარეშობდნენ, არიან მხდალი ადამიანები, რომელთაც ჯგროდ შეუძლიათ 15 წლის გოგო სცემონ გამეტებით წიხლებით. ამ ხალხთან გვაქვს საქმე, ეს მოთარეშე ყაჩაღები გამოუშვეს ქალაქში და ეს გააკეთა ხელისუფლებამ. შეიძლება ითქვას, მათ ჯავრი იყარეს ჟურნალისტებზე, ეს უბრალოდ იყო დაშვებული ძალადობა და არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. დღეს ჟურნალისტები მოხვდათ ხელში, თორემ სხვები რომ ყოფილიყვნენ, იმათაც გაუსწორდებოდნენ. არის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების ეს რაუნდი ჟურნალისტების დაშინებას ემსახურებოდა.

სამყაროს ეს გაგება, გზავნილები, რაც ისმის, არის წმინდა წყლის რუსული ბოტების გზავნილები, ეს მატრიცაა. მენტალურად ეს ხალხი უკვე რუსეთშია, უბრალოდ, საკუთარ თავს არ უტყდებიან ამაში“.

როგორც საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, სახელმწიფოს ჰქონდა ყველა ბერკეტი, რომ დაეცვა, მაგრამ არ დაიცვა თავისი მოქალაქეები იმიტომ, რომ არჩევნების წინ მმართველ პოლიტიკურ ელიტას ელექტორატის დაკარგვის ეშინია.

"რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს და ყველა ჯგუფს აქვს უფლება, თავისუფლად გამოვიდეს ქუჩაში, გამოხატოს საკუთარი აზრი და ეს აზრი შეიძლება არ იყოს ყველასთვის მისაღები. ყოველთვის იქნებიან ჯგუფები, ვისთვისაც გარკვეული ადამიანები არიან მოსაწონნი, ან არ არიან მოსაწონნი და მისაღები. იმისთვის არსებობს სახელმწიფო და კანონები, ჩაერიოს პროცესებში და არ დაუშვას სწორედ იმ ტიპის არეულობა და დაპირისპირება, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი.

სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქციაა, რომ დაიცვას მისი ყველა მოქალაქე მიუხედავად იმისა, რომელ სოციალურ, გენდერულ, ეთნიკურ, რელიგიურ, თუ სხვა ჯგუფს წარმოადგენს. მგონია, სახელმწიფოს ჰქონდა ყველა ბერკეტი, რომ დაეცვა, მაგრამ არ დაიცვა თავისი მოქალაქეები იმიტომ, რომ არჩევნების წინ მმართველ პოლიტიკურ ელიტას ელექტორატის დაკარგვის ეშინია. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი - ახლა თვითმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი და სახელმწიფოს რომ ემოქმედა ისე, როგორც ეს კანონმდებლობაშია გაწერილი, მაშინ მმართველი პოლიტიკური ელიტა გახდებოდა ახალი ტიპის კრიტიკის ობიექტი ამ რადიკალური ჯგუფებისგან. მან არ დაიცვა და ამ ფორმით გაუფრთხილდა საკუთარ პოლიტიკურ იმიჯს სწორედ იმის გამო, რომ ჩვენთან, საზოგადოებაში, სამწუხაროდ, სახელმწიფომ წლების განმავლობაში ვერ შეძლო გაეტარებინა ნორმალური პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა რადიკალიზაციის დონისა და ხარისხის შემცირებას ნებისმიერ ჯგუფში.

ამ შემთხვევაში მარტო მართლმადიდებლებზე, ულტრამემარჯვენეებზე, პოპულისტებზე არ ვლაპარაკობ, არამედ - ყველაზე. ჩვენი საზოგადოება წლების განმავლობაში პოლარიზებულია, ერთმანეთთან დაპირისპირებული და ჩვენ ამ სამოქალაქო დაპირისპირების ფანტომი დაგვყვება 90-იანი წლებიდან. აქედან გამომდინარე, ისინი ყველა ჯგუფს უწევენ ანგარიშს. ამ შემთხვევაში, მოხდა ის, რომ პირველ რიგში, ანგარიში გაუწიეს მართლმადიდებლურ ეკლესიას, მეორე რიგში იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებისაც ან ეშინიათ, ან მათი საარჩევნო რესურსის მობილიზებაზე ფიქრობენ თავის სასარგებლოდ და მესამე - ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფომ ვერ დაიცვა ყველაზე სუსტი ჯგუფები და ამან სად შეიძლება მიგვიყვანოს: დღეს აწმენდენ ხელს მემარჯვენე პოპულისტები მათ, ვის წინააღმდეგაც ყველაზე ადვილია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და ესეთები არიან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. ყველაზე ადვილია ასეთია დამიანების წინააღმდეგ საზოგადოების დარაზმვა, მაგრამ ხვალ ჩვენ შეიძლება იგივე სურათი მივიღოთ მუსლიმი აღმსარებლობის მქონე ადამიანების წინააღმდეგ, ეთნიკური სომხების, ქართველი კათოლიკური უმცირესობის წინააღმდეგ...

გიორგი გობრონიძე

საბოლოო ჯამში ამას მივყავართ უმრავლესობის უფლების პარადიგმამდე, რაც არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმი და ფაშიზმი ერთად აღებული. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე დიდი უმცირესობა არის ერთი აღებული ადამიანი, ცალკე ინდივიდი და ეს თუ ასე გაგრძელდა, მივდივართ იქამდე, რომ უმრავლესობა ბრბოს სახელით ძალიან მალე დაიწყებს ცალკეული ინდივიდის პირად ცხოვრებაში შესვლას. ჩვენ როდესაც არ ვიცავთ სხვადასხვა უმცირესობებს, ვქმნით ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მალე ადამიანების ინდივიდუალური თავისუფლება არ დავიცვათ. დღეს ამ უმცირესობათა ჯგუფებისგან ერთგვარი მტრის ხატის შექმნა აბსურდია.

ქვეყანაში, რომლის 20% ოკუპირებულია, გერქვას ნაციონალისტი და ოკუპანტის წინააღმდეგ ხმას არ იღებდე და ამათ დასდევდე, ეს სისულელეა. არანაირი ნაციონალისტები ჩვენს ქვეყანაში არ არიან, არანაირი კონსერვატორები არ გვყავს. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისეთი ცივილიზებული საზოგადოება გვყავს. არავინ ამბობს, რომ უმცირესობები ყველას უნდა მოსწონდეს, მაგრამ არსებობს გამოხატვის ცივილური ფორმები, მეთოდები და როდესაც ამას ვერ უზრუნველყოფენ და ადამიანებისთვის გამოხატვის ერთადერთი ფორმა ძალადობაა, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან შორს ვართ ცივილიზებული საზოგადოებისგან“.

გიორგი გობრონიძეს გაუმართლებლად მიაჩნია საეკლესიო პირების მოწოდებებიც, და ამბობს, რომ არანაირ ზნეობაში და მორალში არ ჯდება, ქრისტიანულ მორალთან ახლოსაც არ არის ხალხის ძალადობით მობილიზება.

"არ მგონია, ისინი მიზანმიმართულად მიუშვეს ჟურნალისტებზე, ეს ბრბო იყო ჩვეულებრივი უმართავი მასა, რომელმაც დიდუბეში ადამიანი დაჭრა განსხვავებული ჩაცმულობისთვის. ეს იყო შედეგი იმ სიძულვილისა, რომელიც დიდი ხანია ითესება განსხვავებული ჯგუფების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ, ეს არის შედეგი იმ ტოქსიკური გარემოსი, რომელიცაა შექმნილი ქვეყანაში - რომელიღაცა მედიასაშუალებების ჟურნალისტები მტრები არიან, რომელიღაცა - მოყვარეები. აქ პასუხისმგებლობის 90% მოდის სახელმწიფოზე.

მოდით, ისიც ვთქვათ, რომ მსგავსი ტიპის პრაიდები საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ ამისთვის საზოგადოება არ არის მზად. შესაბამისად, მგონია, რომ ასეთი ღონისძიებები უნდა ემსახურებოდეს არა მიმღებლობას, არამედ უნდა იყოს მიმღებლობის შედეგი. რეალურად, არაფერი კეთდება იმისათვის, რომ გაჩნდეს ამ ადამიანებისადმი მიმღებლობა, არანაირი დიალოგი, უბრალოდ, წელიწადში ერთხელ გაახსენდებათ, რომ უნდა ჩატარდეს რაღაც ღონისძიება და მერე მეორე ატარებს ამ ღირსების მარშს.

ამ მარშით რა შედეგზე გადიან? - შედეგი არის ნული. მარში რომ ჩატარდეს, მანამდე ჯერ სამუშაო უნდა ჩატარდეს, რათა დომინანტ ჯგუფში არსებობდეს მიმღებლობა, მაგრამ როცა ამისთვის არაფერი კეთდება, ყოველთვის ადვილია წინასწარ პროგნოზის განჭვრეტა.

მეორე ისაა, რომ საპატრიარქოს და მემარჯვენეების ჯგუფი ამბობს, რომ თითქოს ისინი რაღაცის დასაცავად იბრძვიან. უკაცრავად, მაგრამ არაფერს ისინი არ იცავენ, სინამდვილეში ეს არის კარგი ორთქლის გამოსაშვები საშუალება იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა გარკვეული მიზნები დაიკმაყოფილონ. უმცირესობები კი, რომელთა დაცვაც სინამდვილეშია საჭირო, ეწირებიან ერთის მხრივ, ცალკეული ორგანიზაციების ამბიციას, რომ თვითონ დაიცავს ამ ჯგუფებს, არა და, რეალურად არაფერს იცავენ, ელემენტარულად არ უმუშავიათ იმაზე, რომ თუნდაც ტრანსგენდერები არ იყვნენ განწირული პროსტიტუციისთვის, ამ ადამიანებს სამსახურებში არ იღებენ.

ამ ხალხის დასაცავად რა გაკეთდა? უბრალოდ, ატარებენ ღონისძიებებს და ხელახლა თესავენ სიძულვილს. აქეთა მხარე ამბობს, თითქოს ეს არის პროვოკაცია, მაგრამ მაშინ რაშია უმრავლესობის სიბრძნე? - რომ არ იყვნენ პროვოცირებულნი? არა თუ არ იყვნენ, ისინი ამას სიამოვნებით აკეთებენ, ეს არის უკვე რაღაცა ეროვნული ბრუტალიზმი და ფაშიზმი, რაც ჩამოგვიყალიბდა აზროვნებაში ამდენი დამარცხების კომლექსიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ყველგან და ყველაფერში დავმარცხდით - ტერიტორიები ვერ შევინარჩუნეთ, სახელმწიფო ვერ ავაშენეთ, ღირსეულად ვერ ვცხოვრობთ და ვიშოვეთ ყველაზე ადვილი დასაჩაგრი. აი, ეს გააკეთეს სინამდვილეში.

ექსპერტის აზრით, ეს ყველაფერი, გარე ინტერესებს ემსახურება და რადიკალური ჯგუფების ანტიეროვნული პოლიტიკა ქვეყნის იმიჯს დააზარალებს:

"რა თქმა უნდა, ეს ემსახურება გარე ინტერესებს. დასავლეთის რეაქცია მეათეხარისხოვანია, აქ საინტერესოა, რა რეაქცია ექნება ჩვენს სახელმწიფოს, რამდენად დაიცავს ის თავის მოქალაქეებს, რამდენად დატოვებს პროცესებს დემოკრატიის ჩარჩოებში... ესაა მნიშვნელოვანი, თორემ დასავლეთისგან იმპერატიულად არ არის წარმოდგენილი, გინდა, თუ არა, ერთი და იმავე სქესის ხალხის ქორწინებაა წინაპირობა ევროკავშირში გასაწევრებლადო. თვითონ ევროკავშირში არ არის ასე მიღებული და პრობლემაც იმაშია, რომ მემარჯვენე ჯგუფები ისე ყიდიან იდეას, თითქოს დასავლეთი ჩვენგან მსგავს რაღაცეებს ითხოვს, ეს არის ჩვენი შიდა სუვერენიტეტის საკითხი.

რაც ეხება გარე ინტერესებს, ისაა, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ახალი დაპირისპირების, დაძაბულობის და დესტაბილიზაციის კერა. პროცესების ესკალაცია ასუსტებს სახელმწიფოს. ეს კადრები რომ სადმე გავა, საზღვრები რომ გავხსენით და სულმოუთქმელად ველით ტურისტებს, როგორ გავლენას მოახდენს ტურისტულ, ან ინვესტიციის ნაკადებზე? ამით ჩანს, რომ ქვეყანა არ არის სტაბილური და ეს როგორ გავლენას მოახდენს ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკურ იმიჯზე? მე ვეუბნები დასავლეთს, მიმიღე, მაგრამ როგორც სახელმწიფო, ჩემს ფუნქციებს ვერ ვასრულებ და აი, ეს არის აქ პრობლემა. და როგორ იქცევა აქედან გამომდინარე სახელმწიფო?

ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ჯგუფი ღიად ატარებს ანტიეროვნულ პოლიტიკას და ამაზეა სამუშაო. საზოგადოებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს, თუ სად მივდივართ, რა შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს იმიტომ, რომ დღეს ისევ და ისევ ყველაზე იოლად დასაჩაგრს მიადგნენ. ეს თუ ასე გაგრძელდა, ხვალ იმავეს მოვისმენთ სხვა ჯგუფებისგან. აქ პრობლემა არ არის ვიღაცის სექსუალურ ორიენტაციაში. იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, ამტკიცოს, ვაიმე, დედა, რუსთაველზე თუ ვინმე ჰომოსექსუალმა გაიარა, მერე მეც ჰომოსექსუალური გავხდებიო. შეკრებილები არიან და კოვიდი არ არის ამათთვის გადამდები და ჰომოსექსუალიზმია გადამდები? ეს არის მარაზმი თავიდან ბოლომდე, მაგრამ ამ მარაზმის ავტორებს კარგად ესმით, რომ ეს თემა კარგად იყიდება.

გადავხედოთ, რომელი თოქშოუებია ყველაზე ყურებადი - ის, სადაც მონაწილეობენ ლგბტ პირები და ჰყვებიან თავის თავზე. მაგალითად, კესარია აბრამიძე, რომელიც, პრაქტიკულად, სელებრითია. ქართველებს შერჩევითი ჰომოფობია გვახასიათებს - ვიზუალურად თუ მოგვწონს, ის უკვე აღარ არის ისეთი გასაკიცხი და ესეც შერჩევითია. აქედან გამომდინარე, შედეგი არის ის, რომ ჩვენ ჯერ ვარჩევთ ყველაზე ადვილად დაჩაგვრად ჯგუფს და თუ ამას სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყვება რეაქცია, ხვალ მივიღებთ სხვა ჯგუფების დაჩაგვრას იმავე პოპულისტების მხრიდან. ისე, როცა ჩნდება ზეწოლა, ჩნდება ამომგდები ძალაც და ეს კიდევ ახალ კრიზისებს შეგვიქმნის, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც დღევანდელი დღიდან უნდა გაიაზრონ. ჩემთვის, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტისთვის, ამ მხრივ არის ეს პროცესი საინტერესო და საგანგაშოც", - ამბობს გიორგი გობრონიძე.

"არ მეშვება ეს ადამიანი - ბატონო გახარია, ხომ არ სჯობს, თავად იყაროთ კენჭი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ იყო 20 ივნისის ნეგატიური გმირი?!" - მელია

რას პასუხობს გიორგი გახარია კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი?

"ოცნებამ", თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი მერობის კანდიდატად არის წარდგენილი" - გახარია