პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლების დაჯახებას ცდილობდა და სკუტერით ხალხის მასაში შევარდა, პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ დღეს 3 ადამიანი დააკავა, გუშინ კი ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა - „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.
ძალადობრივ ქმედებებსა და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.