ავტორი:

საკუთარი სტარტაპი, სამსახური და უნივერსიტეტი – როგორია სოფელ კუმისში დაბადებული სოფო ივანიშვილის წარმატების ისტორია

საკუთარი სტარტაპი, სამსახური და უნივერსიტეტი – როგორია სოფელ კუმისში დაბადებული სოფო ივანიშვილის წარმატების ისტორია

სოფო ივანიშვილი 21 წლისაა და მას უკვე აქვს საკუთარი სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ციფრულ ილუსტრაციებს ქმნის და ყიდის, BDO Georgia–ს თანამშრომელია და ამავდროულად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მე–3 კურსის სტუდენტია.

„სამომავლოდ ვგეგმავ საქართველოს ბაზარზე ისეთი ინოვაციური იდეების დანერგვას, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბიზნესისა და ეკონომიკის ფუნდამენტური ნაწილია. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე ათეული ადამიანის ცხოვრებას მაინც შევცვლი უკეთესობისკენ ჩემი მიზნების განხორციელებით,“ – ეს კი სოფოს მიზნებია, რომლის მისაღწევადაც მონდომებასა და ენერგიას არ იშურებს, ბევრს სწავლობს და უნივერსიტეტიც ძალიან ეხმარება.

„ჩემთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა ინტერესის დაკავშირება ჩემს მომავალ პროფესიასთან. სწორედ ამიტომ ჩემი პირველი სტარტაპი თანამედროვე ხელოვნების განვითარებას უკავშირდებოდა,“ – აღნიშნავს სოფო და საკუთარ თავზე უფრო დეტალურად გვესაუბრება.

რამდენ საქმეს უთავსებთ ამჟამად ერთმანეთს?

ამჟამად ვსწავლობ მენეჯმენტის მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. პარალელურად, ვმუშაობ BDO Georgia–ში ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილებაში. ასევე, ვმუშაობ ჩემი ახალი ბიზნეს იდეის განვითარებასა და შესაბამისი რესურსების მოძიებაზე.

უნივერსიტეტში ვისწვალე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – დროის მენეჯმენტი, რამაც საშუალება მომცა, მეორე კურსიდანვე პარალელურ რეჟიმში მემუშავა და გამეუჯობესებინა უნარ–ჩვევები ჩემი მომავალი პროფესიის სრულყოფისათვის.

სწავლის პარალელურად მუშაობა რთული არაა?

რამდენად რთულია? პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს ყოველივე ინდივიდუალურია, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის მოხერხება შესაძლებელია. პირველი ნაბიჯი კი დროის სწორად, პრიორიტეტების შესაბამისად განაწილებაა. მინდა აღვნიშნო, რომ სამსახური და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავება ხელს არ უნდა უშლიდეს თეორიული ცოდნის გაღრმავებას ან სოციალური ურთიერთობების განვითარებას ამა თუ იმ სფეროში. პირიქით, ჩვენი პროფესიის ზრდისათვის პრაქტიკა და თეორია ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს.

რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ გამოწვევად?

როგორც სტუდენტისთვის, ჩემი მთავარი გამოწვევა უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულებაა, შემდეგ კი – პროფესიული ზრდა-განვითარება. არ დაგიმალავთ, რომ ჩემი ბავშვობის პატარ–პატარა ოცნებების და მიზნების განხორციელებაც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილად რჩება.

თქვენი ბავშვობის ოცნებები როგორი იყო? ოცნებობდით ისეთ ცხოვრებაზე, როგორიც ახლა გაქვთ?

დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ ფერადი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა, დიდი და მოსიყვარულე ოჯახის წყალობით. როგორც ყველა ბავშვს, მეც უამრავი ფერადი ოცნება მქონდა. მართალია, ზოგიერთის შესრულება შეუძლებელია, მაგრამ უმეტესობა დღეს მიზნებად იქცა, რომელთა განსახორციელებლადაც ძალ–ღონეს არ ვიშურებ. სკოლაში სოფელ კუმისში ვსწავლობდი და კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლაზე არასდროს მიოცნებია, თუმცა ბავშვობაში მინდოდა გავხდარიყავი ელჩი, რადგან ხშირი მივლინებები და მუდმივი სოციალური ურთიერთობები მიზიდავდა.

როგორ შეარჩიეთ კონკრეტული უნივერსიტეტი, სადაც ისწავლიდით?

მიუხედავად საქართველოში უნივერსიტეტების სიმრავლისა, მაინც რთულია ‘’ადგილის’’ სწორად შერჩვა. მინდოდა, ამერჩია ისეთი უნივერსიტეტი, სადაც რეალურ ცოდნას მივიღებდი და პრაქტიკაში გამოვიყენებდი. ასევე, სწავლის პარალელურად შევძლებდი მუშაობას მოქნილი სასწავლო გრაფიკის მეშვეობით. 2018 წელს ჯერ კიდევ ახალდაარსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აღმოვაჩინე, სრულიად თანამედროვე, ჩემთვის მისაღები მიდგომებით და ამიტომ შევაჩერე არჩევანი მასზე. მისაღებ გამოცდები წარმატებით ჩავაბარე, მივიღე 100%–იანი გრანტი და სრულიად უფასოდ ვსწავლობ.

როგორი იყო სწავლა პანდემიის პირობებში?

უნივერსიტეტში სწავლა მომიწია როგორც დისტანციურად, ასევე ჩვეულებრივ, პანდემიის დაწყებამდე. ორივე შემთხვევაში, უნივერსიტეტმა მოლოდინს გადააჭარბა. ახალდაარსებული უნივერსიტეტისგან ამდენ პროექტს, აქტივობებს, მუდმივ სიახლეებს და განვითარებას არ ველოდი. ეს ყველაფერი კი დღემდე BTU-ს გამორჩეულობის ნაწილია.

რას ურჩევთ სტუდენტებს, ვისაც სწავლის პარალელურად მუშაობა უნდა?

სტუდენტებს ვურჩევდი მიიღონ ყველანაირი გამოწვევა. თუნდაც ერთი სტაჟირებას, ტრენინგს იმხელა ცოდნის ან მოტივაციის მოცემა შეუძლია მომავალისთვის... მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ფორმალურ განათლებასთან შეთავსებადი, რათა სიახლის ძიებაში არ დავკარგოთ ის ინფორმაცია, რომლის მიღებაც მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრციდან შეგვიძლია.

რა საჩუქრები ელის მომხმარებელს „გორგიას“ 23 წლის იუბილესთან დაკავშირებით

Mastercard-ის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო - ჩაერთე და მოიგე ავტომობილი, სკუტერი ან მოპედი

საქართველოში არსებულ რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ლარის ანაბარზე?