ავტორი:

უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადება - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები

უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადება - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები

ზაფხული ყველასთვის და განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის ძირითადად დასვენებასა და გართობასთან ასოცირდება, მაგრამ ეს პერიოდი ამავდროულად მომატებული ტრავმების, მზეზე დამწვრობებისა და სხვადასხვა ვირუსების პერიოდიცაა. სასურველია მაქსიმალურად მოვახდინოთ ისეთი პრობლემების პრევენცია, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინოს ქალაქგარეთ გასვლის პერიოდში და საშუალება არ მივცეთ, მხიარული დღეების გაფერმკრთალების. ზაფხულში მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები ხომ მთელი წლის განმავლობაში მიჰყვება ადამიანს. ზაფხული რომ სრულად უსაფრთხო გახადოთ, საჭიროა რეკომენდაციების გათვალისწინება და გარკვეული წესების დაცვა. უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადებაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჭითანავა გვესაუბრება.

რა კომპონენტებისგან შედგება უსაფრთხო ზაფხული?

ზაფხული ბავშვებისთვის წარმოადგენს წელიწადის ყველაზე საყვარელ დროს, ვინაიდან ეს პერიოდი მათთვის დაკავშირებულია თავისუფლებასთან, გართობასთან, ცურვასთან, ეზოში მეგობრებთან ერთად ყოფნასთან. თუმცა, ამავე დროს ზაფხულში იზრდება სხვადასხვა ტრავმული შემთხვევის სიხშირე, რის გამოც უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • თვალყური ადევნეთ ბავშვებს ცურვის დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრაგიკული შედეგები.
  • აიცილეთ თავიდან მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ზემოქმედება - გადახურება. მიეცით ბავშვებს სითხეები დიდი რაოდენობით, მოარიდეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზის პირდაპირ სხივებს, განსაკუთრებით დღის პიკ საათებში, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები (მინიმუმ 30 SPF), ჩააცვით ბუნებრივი მასალისგან დამზადებული თხელი, ფართე, ღია ფერის ტანსაცმელი, უმჯობესია გრძელ სახელოებიანი, რათა დაიცვას მწერებისგან.
  • ფრთხილად იყავით სათამაშო მოედნებზე ყოფნის დროს. ყოველწლიურად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 200 000-ზე მეტი ვიზიტია განპირობებული გასართობ მოედნებზე მიღებული ტრავმების გამო.
  • ზაფხულის დღეებში წინასწარ შეამოწმეთ გასართობი მოწყობილობების ტემპერატურა ხელის შეხებით და შეურჩიეთ თითოეულ ბავშვს მისი ასაკის შესაფერისი.
  • ყურადღებით იყავით პიკნიკების მოწყობისას, იცოდეთ რომ არსებობს რისკი ხანძრის გაჩენის. არ დატოვოთ საპიკნიკე ადგილი სრულად მოწესრიგების გარეშე.
  • ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობისას, იმოძრავეთ მანქანების მოძრაობის მიმართულებით. ეცადეთ, ბავშვები და თქვენც იყოთ ადვილად აღსაქმელი მძღოლების მიერ - ჩაიცვით ფერადი, არეკვლადი ტანსაცმელი. გზა ყოველთვის გადაკვეთეთ სპეციალურ გადასასვლელ ადგილას - ზებრაზე.

რა უნდა გავითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევის დროს? რა არის მთაში და ზღვაზე დასვენების უპირატესობები?

არსებული მძიმე ეკოლოგიური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და სასურველია ბავშვების გაყვანა დიდი, ინდუსტრიული ქალაქებიდან მოშორებით, სადაც ატმოსფეროს დაბინძურება მეტ-ნაკლებად შემცირებულია.

ამისთვის გირჩევთ, ბავშვები შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდნენ ქალაქგარეთ გზისპირიდან მოშორებულ, გამწვანებულ ადგილებში, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გამონაბოლქვის და სხვა მავნე აირების შემცველობა ჰაერში. რეკომენდირებულია ხშირი სეირნობა სუფთა ჰაერზე არახალხმრავალ ადგილებში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არ არსებობს დადასტურებული კავშირი სხვადასხვა საკურორტო ზონებში დასვენებასა და გარკვეული დაავადებების განვითარების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. ამიტომ არაა აუცილებელი მაინცდამაინც მაღალბიუჯეტურ კურორტებზე ბავშვების წაყვანა. საქართვლოს მოსახლეობის შედარებით დიდი ნაწილს აქვს სოფელი, სადაც შეგიძლიათ თამამად ხანგრძლივად წაიყვანოთ ბავშვები. აკლიმატიზაციის გამო პრობლემები თავს იჩენს ხოლმე ძირითადად 2500-2700 მ ზღვის დონიდან სიმაღლეზე ასვლისას.

ზღვაზე ან სხვა საკურორტო ადგილებში წაყვანისას ერიდეთ ხალხმრავლობას და შეკრების ადგილებს, ვინაიდან მჭიდრო პოპულაციებში მარტივად ხდება ინფექციის სწრაფი გავრცელება.

რა ნიშნავს სითბური დარტყმა, რომელის შესახებაც ზაფხულში ხშირად გვესმის?

ე.წ. „სითბური დარტყმა“ ვითარდება ორგანიზმის გადახურების შედეგად, რაც გამოწვეულია მაღალ ტემპერატურაზე ხანგრძლივად ყოფნით. სითბური დარტყმის ნიშნებია:

  • სხეულის ტემპერატურა =/> 40 გრადუსზე
  • გახშირებული სუნთქვა და გულისცემის სიხშირე
  • გულისრევა, ღებინება, ტავის ტკივილი
  • შეცვლილი მენტალური სტატუსი
  • კანის ჰიპერემია-სიწითლე, გამონაყარი

სითბურ დარტყმაზე ეჭვის შემთხვევაში, ეცადეთ, მაშინვე დაუკავშირდეთ ექიმს ან გამოიძახოთ სსდ-ის ბრიგადა, მანამდე კი ბავშვი მოათავსეთ შედარებით გრილ ადგილას, გახადეთ ტანსაცმელი, ყველანაირი გზით ეცადეთ სხეულის გაგრილებას - გრილი წყლის საფენები, გრილი წყლის აბაზანა, ყინულების მოთავსება კისერზე, საზარდულის მიდამოში; სითხეებით დატვირთვა;

როგორ უნდა გამოიყურებოდეს პირველადი დახმარების ჩანთა საზაფხულო არდადეგების დროს?

ნებისმიერი ხანმოკლე თუ ხანგრძლივი პერიოდით დასვენებისთვის განკუთვნილი უნდა გქონდეთ წინასწარ, უშუალოდ თქვენი ოჯახის წევრებზე მორგებული პირველადი დახმარების ჩანთა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ საგნებსა და დამხმარე საშუალებებს:

  • ტემპერატურის საზომი ელექტრო თერმომეტრი.
  • სტერილური ბამბის და მარლის ბურთულები.
  • ანტისეპტიური საჭიროებისთვის სამედიცინო სპირტი ან იოდის ხსნარი.
  • დაზიანებულ კანზე დასაკრავი წებოვანი საფენები (პლასტირები).
  • ანტიპირეტული დახმარების საშუალებები - პარაცეტამოლი ან იბუპროფენი სხვადასხვა მისაღები ფორმით - სანთლები რექტალური გამოყენებისთვის, სიროფი ან აბები დასალევად.
  • ანტიჰისტამინური - ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.
  • ყოველთვის იქონიეთ დექსამეტაზონი(ამპულირებული) სააფთიაქო ჩანთაში.
  • ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების შემთხვევაში, ხშირად მოხმარებული და ექიმის მიერ რეკომედირებული მედიკამენტები და საჭიროების მიხედვით დამატებითი აპარატურა - ნებულაიზერი, პულსოქსიმეტრი.
  • ორალური რეჰიდრატაციისთვის საჭირო ელექტროლიტების ნარევი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

„იმპექსი“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს “წლის ლიდერის“ (Leader of the Year) მფლობელი გახდა

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა