"ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის გირაო შეუფარდა.
დაკავებული საპატიმროს შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
ცნობისთვის, 1-ელ ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით წალკაში ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.