ავტორი:

რუსებს სიმშვიდე ბრიტანული "დეფენდერის" შემდეგ, ჰოლანდიურმა "ევერტსენმა" დაურღვია - მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში

რუსებს სიმშვიდე ბრიტანული "დეფენდერის" შემდეგ, ჰოლანდიურმა "ევერტსენმა" დაურღვია - მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულენოვანმა სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა შავ ზღვაში ამ დღეებში მომხდარ კიდევ ერთ სამხედრო ინციდენტზე, რომელიც ამჯერად უკვე ნიდერლანდების ფლოტის ფრეგატ "ევერტსენს“ ეხება. პუბლიკაცია ასეა დასათაურებული: "ნიდერლანდებმა ყირიმთან ახლოს მყოფი თავისი გემისთვის რუსეთი სახიფათო სიტუაციის შექმნაში დაადანაშაულა“.

"როგორც ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რუსული სამხედრო თვითმფრინავები შავ ზღვაში მყოფ ნიდერლანდების ფრეგატის უსაფრთხოებას დაემუქრნენ. ეს მოხდა ბრიტანულ ნაღმოსან "დეფენდერთან“ დაკავშირებით მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს. სამინისტროს მტკიცებით, ფრეგატი "ევერსტენი“ იმ ტერიტორიული წყლებიდან შორს იმყოფებოდა, რომლებსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს.

  • რა "დაარღვია“ ნიდერლანდების გემმა...

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბეილეველ-სხაუტენმა სამშაბათს განაცხადა, რომ 24 ივნისს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა "ევერსტენს“ "სახიფათოდ დაბლა და ახლოს“ გადაუფრინეს. მისი თქმით, რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში "აშინებდა“ ჰოლანდიურ ფრეგატს, რის შემდეგაც ხომალდის ელექტრონულ მოწყობილობებში გარკვეული შეფერხებები აღინიშნა. სამინისტროს მონაცემებით, რუსული თვითმფრინავები ბომბებით და რაკეტებით (კლასი "დედამიწა-ჰაერი“) იყვნენ აღჭურვილნი.

ანკ ბეილეველ-სხაუტენმა რუსული ავიაციის მოქმედებას "უპაასუხისმგებლო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნიდერლანდების გემს ჰქონდა უფლება იქ ყოფილიყო, სადაც ინციდენტი მოხდა. "ასეთ აგრესიულ ქმედებებს არავითარი გამართლება არ აქვს, ისინი ინციდენტების რისკს ზრდიან. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნიდერლანდები რუსეთს აუცილებლად მიმართავს“, - განაცხადა მინისტრმა.

ფრეგატი "ევერსტენი“, ბრიტანულ ხომალდებთან ერთად, შავ ზღვაში პატრულირებდა. როგორც BBC-ის შეატყობინეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში, ინციდენტი ყირიმიდან 14 მილის დაშორებით მოხდა, რუსეთი კი თავის ტერიტორიულ წყლებად 12-მილიან ზონას თვლის. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტს არ აღიარებს და, შესაბამისად, ნახევარკუნძულის სანაპირო ტერიტორიულ წყლებსაც უკრაინის კუთვნილებად მიიჩნევს.

რატომ განაცხადა სამინისტრომ ინციდენტის თაობაზე ასე დაგვიანებით? როგორც ჰოლანდიელმა სამხედროებმა განმარტეს, ინციდენტი მოხდა ხუთშაბათს გვიან საღამოს, შტაბმა პატაკი პარასკევს მიიღო, შემდეგ კი მომხდარი ფაქტის დეტალურმა გარჩევამ დრო წაიღო.

შავი ზღვის აკვატორიაში 28 ივნისს სტარტი აიღო სამხედრო-საზღვაო წრთვნებმა "სი ბრიზ“-ის (Sea Breeze) კოდური სახელწოდებით. მასში მონაწილეობს 32 საბრძოლო ხომალდი, 40 თვითმფრინავი და 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე როგორც ნატოს 17 წევრი ქვეყნიდან, ასევე ალიანსის პარტნიორებიდან. "მაგრამ "ევერსტენი“ ამ წრთვნებში მონაწილეობას არ იღებს“, - დააზუსტეს სამინისტროში.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Armed Russian military jets caused a dangerous situation in the Black Sea near HNLMS Evertsen last Thursday. The aircraft repeatedly flew dangerously low over and close to the ship and carried out mock attacks. HNLMS Evertsen was in international waters during these harassments. <a href="https://t.co/fcY1nH392V">pic.twitter.com/fcY1nH392V</a></p>&mdash; Ministerie van Defensie (@Defensie) <a href="https://twitter.com/Defensie/status/1409879467628040202?ref_src=twsrc%5Etfw">June 29, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
  • ... და რით უპასუხა მოსკოვმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ რუსულ სამხედრო ავიაციას ნიდერლანდების სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემთან ურთიერთმოქმედება ჰქონდა. მოსკოვმა განაცხადა, რომ ნეიტრალურ წყლებში მცურავმა "ევერსტენმა“ 24 ივნისს გეზი შეიცვალა და ქერჩის სრუტისაკენ გაემართა, რომელსაც კრემლი რუსეთის ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს. "გემის მიერ საზღვრის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით ჰაერში აფრინდნენ "სუ-30“ ტიპის ავიაგამანადგურებლები და "სუ-24“ ტიპის ბომბდამშენები, რომლებმაც ნიდერლანდების ხომალდის ახლოს, უსაფრთხო მანძილზე, ფრენები განახორციელეს“, - აღნიშნეს სამინისტროში.

"დეფენდერი" და "ევერტსენი" - სტამბოლი, 2021 წლის 9 ივნისი

როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, გაფრთხილების შემდეგ ფრეგატმა კურსი შეიცვალა. მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ფრენები ხორციელდებოდა საერთაშორისო წესების შესაბამისად.

რუსულმა მასმედიამ გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული ვიდეომასალა ნიდერლანდების ფრეგატის გადაადგილების შესახებ. ვიდეოჩანაწერის ტექსტურ აღწერილობაში ნათქვამია, რომ "ევერსტენი“ ქერჩის სრუტისკენ მიცურავდაო. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემაშფოთებელი მოვლენები გრძელდება" - მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ავღანეთში Reuters-ის ფოტოჟურნალისტი მოკლეს

"ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით მქონდა" - ბუშის თქმით, საუბარი NATO-ს შეეხებოდა