დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ამ ეტაპისთვის მობილიზებული რესურსით, დღიურად 17 000 მოქალაქის აცრა არის შესაძლებელი.
"დღეს ჩვენ ვმართავთ შეხვედრას იმ კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში და ასევე, გვინდა დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით.
დღევანდელი შეხვედრა გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კლინიკებთან გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება ამ პროცესში და ასევე, სახელმწიფო გამოთქვამს მზაობას ყველა იმ საჭირო პრობლემატიკის გადაჭრის, რაც კლინიკებს შეიძლება გააჩნდეს. კლინიკების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პერიოდის მანძილზე დააგროვეს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ქვეყნის მასშტაბით დღესდღეობით აცრილია 262 ათასზე მეტი მოქალაქე, რაც არ არის დიდი რიცხვი, თუმცა საკმაოდ დიდი დინამიკა აქვს ვაქცინაციის პროცესს. მე დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაანონსების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურობის მოლოდინი გვაქვს ჩვენ მათი მხრიდან. მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეებისთვის იმის ცოდნა თუ რამდენი ვაქცინაციის პუნქტი არსებობს ქვეყანაში, რა არის მათი გამტარუნარიანობა და ასევე, რა არის შემდეგი გეგმა სახელმწიფოსთვის. ამ ეტაპისთვის ჩართული არის 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს 281 ამცრელთა ბრიგადა, თითოეული ამცრელი ბრიგადის გამტარუნარიანობა არის 60 პაციენტი 8 საათიანი გრაფიკით, თუმცა ჩვენ წინა კვირაში არა ერთი სამუშაო შეხვედრისას კლინიკების მხრიდან მოვისმინეთ, რომ მათ აქვთ მზაობა და ასევე, შესაძლებლობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა როგორც ბრიგადების დამატებით, ასევე შესაბამისი საათების დამატებით, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი არის დასაქმებული და შესაბამისად, მათ ესაჭიროებათ იმ დროების შესაბამისად ხელშეწყობა, რომ ხელმისაწვდომი ჰქონდეთ ვაქციანა და ამასთან მიმართებაშიც კლინიკების მხრიდან დაფიქსირდა მზაობა და ჩვენ გავზრდით ასევე სამუშაო საათებს. იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის არის საქართველოში მობილიზებული ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა თვეში და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის მანძილზე ყოველ თვე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.