„მე ვარ ცოტნე ყალიჩავა, პატარა და მუდამ პერსპექტიულ ქალაქ ფოთიდან. ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტი...“ – ასე ახასიათებს ცოტნე საკუთარ თავს, რომელიც CRM სპეციალისტია და სწავლის პარალელურად საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს რითეილ კომპანია „ალტა რითეილში“ მუშაობს.
ცოტნე STEM STUDY VISIT TO ITALY-ის 2021 წლის ერთ-ერთი გამარჯვებულიცაა. იტალიის ინოვაციების ფონდის, COTEC-ის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, ის, როგორც კონკურსის გამარჯვებული 3-თვიან სრულად დაფინანსებულ სასწავლო ვიზიტს იტალიური SPICI srl-ის Fabritech განყოფილებასა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლის.
ცოტნე თვლის, რომ ყოველთვის უნდა გააკეთო ის, რაც გსურს და სწორედ ეს პრინციპი დაეხმარა მას იმაში, რომ დღეს წარმატებით უთავსებს ერთმანეთს სწავლასა და მუშაობას. ამ ყველაფერში კი დიდი როლი უნივერსიტეტსაც აკისრია. „ყველას ვურჩევ, რომ იმუშაოს მუდმივად და მუშაობა არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების დადებას. მუშაობაში ვგულსხმობ: იმუშავეთ საკუთარ თავთან და იდეებთან, რაც საშუალებას მოგცემთ, დაუკავშიროთ თქვენი თავი კონკრეტულ პროფესიას,“ - აღნიშნავს ცოტნე, რომელიც საკუთარ საქმიანობასა და მიზნებზე უფრო დეტალურად გვესაუბრება.
როგორი ბავშვობა გქონდათ, რაზე ოცნებობიდთ, სად გინდოდათ სწავლა, მუშაობა...
საპორტო ქალაქ ფოთში დავიბადე და ვიზრდებოდი. ეს ქალაქი მუდამ შესაძლებლობების ნაკლებობას განიცდიდა. შესაბამისად, ჩემი ბავშვობაც ბავშვურად „საინტერესო“ იყო. მე და ჩემი თანატოლები ნაკლებად ჩართული ვიყავით სოციალურ ქსელში და უმეტეს დროს ფიზიკურ სივრცეში ვატარებდით. იმ პერიოდში უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, რადგან საკმაოდ რთულად მისაღწევ მიზნად წარმომედგინა. ზოგადად, მიზნის მიღწევის შემდგომ ყოველთვის ახალ, ცოტა უფრო მასშტაბურ და გამოწვევებით სავსე მიზანს ვისახავდი ხოლმე. ბავშვობაში ვთვლიდი, რომ საზღვრებს გარეთ გასვლა და უცხო ქვეყანაში განათლების მიღება მიუღწეველი გამოწვევა იყო. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ოცნებად და შემდგომ მიღწევად ღირდა. ყოველთვის მინდოდა ბიზნესისა და ეკონომიკის განხრით წავსულიყავი. ბავშური მცდელობები ფულის შოვნისა, სწორედ იმას მიმანიშნებდა, რომ ამ მიმართულებით განვითარება საინტერესო და შედეგიანი იქნებოდა.
როგორ შეარჩიეთ უნივერსიტეტი, სადაც ისწავლიდით?
უნივერსიტეტის შერჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. უფრო გულწრფელად რომ გითხრათ, ოჯახის გავლენა უნივერსიტეტის შერჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად და მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კი მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით ჩავაბარე მაგისტრატურაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირებული ნაბიჯია.
როგორ ემზადებოდით მისაღები გამოცდებისთვის და რამდენად წარმატებით ჩააბარეთ ისინი?
ამ კითხვაზე ერთ რამ შემიძლია გიპასუხოთ. მე რომ დღეს ვაბარებდე მისაღებ გამოცდებს, სულ სხვა მიდგომებით მოვემზადებოდი, უფრო მეტად ვიმუშავებდი საკუთარ თავთან და შევეცდებოდი, ნაკლებად მეზარმაცა.
რას იტყვით უნივერსიტეტზე, გაამართლა თქვენი იმედები?
უნივერსიტეტმა, რომელიც დავამთავრე და უნივერსიტეტმა, რომელსაც ახლა ვამთავრებ, აბსოლუტურად გამიმართლეს იმედები. მომცეს იმაზე მეტი, ვიდრე განათლებაა, რაშიც ვგულისხმობ ურთიერთობებს, მეგობრებს, პროფესიულ კავშირებს, შესაძლებლობებს, პროექტებსა და ბევრ სხვადასხვა აქტივობას.
რა მოგწონთ ყველაზე მეტად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, სადაც სამაგიტრო პროგრამაზე სწავლა გადაწყვიტეთ?
გადაწყვეტილება მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებასა და უნივერსიტეტის არჩევაზე ცალსახად ჩემი მიღებული იყო. BTU-ში ძალიან ბევრი რამ მომწონს და შევეცდები ლაკონურად აგიხსნათ, თუ რა და რატომ მომწონს.
პირველ რიგში, ეს სტუდენტზე ორიენტირებულობაა. ეს არის დიდი ოჯახი, სადაც მცირე დეტალებს ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს. ასეთი დამოკიდებულება სტუდენტთა მომსახურების სერვისშიც კი იგრძნობა.
მეორე ფაქტორი არის უნივერსიტეტის მისია შეუქმნას სტუდენტებს განვითარებაზე, ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე ორიენტირებული ეკოსისტემა, რაც თავის თავში მოიაზრებს უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტს ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად. BTU-ში ყველაზე მეტად იგრძნობა მეწარმეული სულისკვეთება, ტექნოლოგიური და ინოვაციური ორიენტირი. სწორედ ამიტომ, ის იდეალური ადგილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, საკუთარი თავი მეწარმეობაში, ტექნოლოგიებსა თუ ინოვაციებში დაიმკვიდრონ. წლის ნებისმიერ დროს უნივერსიტეტში აღმოაჩენთ მიმდინარე პროექტს, რომელიც აუცილებლად შეგძენთ და გასწავლით რაღაც ახალს.
მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალი, რომელიც აქტიურადაა ჩართული საქართველოს ბიზნეს გარემოს შექმნაში, გვასწავლის პრაქტიკულ მაგალითებს და სწავლების თანამედროვე მეთოდებს იყენებს.
სად და რას საქმიანობთ ამ ეტაპზე?
ამჟამად ვარ CRM სპეციალისტი (მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემების სპეციალისტი ) და საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს რითეილ კომპანია „ალტა რითეილში“ ვმუშაობ.
სწავლის პარალელურად მუშაობა რამდენად რთულია?
რა თქმა უნდა, დროის დეფიციტის გამო ვაწყდებით გარკვეულ სირთულეებს. ზოგჯერ ვაგვიანებთ ლექციებზე, ზოგჯერ სულაც ვერ მივდივართ, მაგრამ ამ ყველაფერს გამოწვევად უფრო აღვიქვამთ, ვიდრე სირთულედ. ჩემი აზრით, როცა რაიმე გვსურს, აუცილებლად ვიპოვით გზას მის მისაღწევად. დღეს ბაზარზე არაერთი შესაძლებლობაა მუშაობისა და განვითარებისთვის, რომლის სამომავლოდ გადადება არ ღირს. ბაკალავრიატის მე-2 კურსიდან ვმუშაობდი უამრავ სხვადასხვა სფეროში. სწორედ ეს მეხმარება ვიპოვო საკუთარი თავი, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდე სამომავლოდ. მუშაობა სწავლის პარალელურად ნიშნავს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და ასევე, პრაქტიკაში მიღებული გამოცდილებით თეორიული ცოდნის გაღრმავებას.
რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე?
ჩემი უმთავრესი გამოწვევა არის დოქტორანტურაზე ჩაბარება, რასაც მეტწილად ისევ ჩემს უნივერსიტეტს ვუკავშირებ. კიდევ ერთი ოცნება, რაც ამ პერიოდში მაქვს, სამომავლოდ აკადემიური კარიერის აწყობაა.
პროფესიულ გამოწევევად მივიჩნევ CRM-ის პოპულარიზაციას საქართველოში. დღეს ცოტა კომპანია იყენებს მას და კიდევ უფრო ცოტა სპეციალისტი არსებობს საქართველოში.
კიდევ ერთი გამოწვევა პროგრამირების ენის სწავლაა. 2020 წლის ბოლოდან აქტიურად ვცდილობ მონაცემთა მეცნიერების არსში გარკვევას და ტექნიკური უნარების განვითარებას. სულ რამდენიმე დღეა, რაც ახალ გამოწვევას შევეჭიდე და მსურს, ბოლომდე მივყვე მას.
რას ურჩევთ სტუდენტებს, ვისაც სწავლის პარალელურად მუშაობა უნდა?
პირველი და ბანალური რჩევა: - გააკეთე ის, რაც გსურს. გირჩევთ, რომ იმუშაოთ და მუშაობა არ გულისხმობს მხოლოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულების დადებას. მუშაობაში ვგულსხმობ: იმუშავეთ საკუთარ თავთან და იდეებთან, რაც საშუალებას მოგცემთ, დაუკავშიროთ თქვენი თავი კონკრეტულ პროფესიას. შესაძლოა, გსურთ მუშაობა, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დროის რესურსი. „არ მაქვს დრო“ არის მიზეზი, რომელსაც აუცილებლად აქვს გამოსავალი, ეს შეიძლება იყოს დროის სწორი გადანაწილება, პრიორიტეტების განსაზღვრა, ან სხვა. დისტანციურმა სწავლებამ და ზოგადად დისტანციური ცხოვრების სტილმა დაგვანახა, რომ სწავლა და მუშაობა ერთად სავსებით შესაძლებელია. გისურვებთ, მიაღწიოთ მიზნებს, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ, მიიღოთ სიამოვნება ამ პროცესისგან.