"კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, 5 ივლისს მივიდეს პრაიდზე - ლამაზად იცვამს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის პირად მოძღვარს და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ "თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ღონისძიებაზე რაიმე ექსცესი მოხდება, ამაზე პასუხს საქართველოს მთავრობა აგებს და ის, ვინც ვითარების არევას ეცდება უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
"უნდა შეწყდეს ქვეყანაში უმცირესობების ჩაგვრა. კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა 5 ივლისს მივიდეს პრაიდზე - ლამაზად იცვამს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის პირად მოძღვარს და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამიტომ ხარ პრეზიდენტი, რომ დაიცვა ყველას უფლებები და იყო კონსტიტუციის გარანტი, ხოლო ის შავბნელი ძალები, რომლებიც მოინდომებენ ან ვითარების არევას, ან ძალადობას უნდა დაისაჯოს უმკაცრესად და დასჯის ლეგიტიმური ექსკლუზიური უფლება აქვს ხელისუფლებას. მოხდება რაიმე ექსცესი? პასუხს აგებს საქართველოს მთავრობა!
როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შორის დეპუტატები მოუწოდებენ, რომ რაღაც ვითარებიდან გამომდინარე მსგავსი აქციები არ ჩატარდეს - ეს არის პირდაპირი წახალისება ძალადობის, პირდაპირი გააქტიურება იმ მოფაშისტო და აგრესიული ჯგუფების, რომლებსაც მართავს საქართველოს მთავრობა, რომელსაც მართავს პირდაპირ რუსეთი და ემსახურება რუსეთის ჰიბრიდული ომის ინტერესებს საქართველოში.
ქუჩა იმას ნიშნავს, როდესაც პრობლემა დარბაზში ვერ წყდება და როდესაც ქუჩიდან მრავალი რამ შეცვლილა, კონსტიტუციური უფლებების დასაცავად ეს ხალხი გამოდის ქუჩაში და არავის აქვს უფლება, რომ რაიმე ფორმით იქნეს შეზღუდული, მათ შორის, იმ ბნელ სასულიერო პირებს, რომლესაც პუტინიღმერთის გამოგზავნილად მიაჩნია და რომლებიც ამართლებდნენ საქართველოში პუტინის და რუსეთის შემოჭრას. სასულიერო პირები ვალდებულები არიან დაიცვან ქვეყნის უმაღლესი კანონი -კონსტიტუცია, ვალდებულები არიან დაიცვან ის შეთანხმება, რომელიც მიღწეულია საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ვალდებულები არიან დაიცვან კანონი და თუ რომელიმე სასულიერო პირი მოუწოდებს უკანონობისკენ, ის უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით - არ აქვს მნიშვნელობა მას ანაფორა აცვია, მამაოს ეძახიან, დედაოს თუ მეუფეს - ის არის საქართველოს მოქალაქე“, - განაცხადა გოცირიძემ.