როგორც ჟურნალმა "რეიტინგმა" გაარკვია, სერიალი "ჩვენი ოფისი" ახალი სეზონიდან "რუსთავი-2"-ის ეთერში აღარ გავა. ნინო მუმლაძის თქმით, ბოლო სერიების გადაღებისას უკვე არსებობდა ეჭვი, რომ განახლებულ სატელევიზიო ბადეში სერიალი აღარ მოხვდებოდა. რა გახდა სერიალის დახურვის მიზეზი, როდის შეიტყო მსახიობმა უმუშევრად დარჩენის შესახებ, ამას ნინო თავად გიამბობთ, ზაფხულის დასვენების ამბების პარალელურად:
- წელს მოვიარე აჭარა. თავდაპირველად გონიოში ვიყავი, მერე ბათუმში ანა სანაისთან ერთად სასტუმროში დავბინავდი. სასტუმროს მეპატრონე აღფრთოვანებული იყო ჩვენი სტუმრობით. ერთ საღამოს ანა და მე ვახშამზე მიგვიწვია, გემრიელად მივირთვით და ბოლოს მითხრა: სამი წლით მაქვს სასტუმრო იჯარით აღებული და თუ ამ პერიოდში გათხოვდები, ლუქსს სრულიად უფასოდ დაგითმობ, თაფლობის თვის გასატარებლადო (იცინის)... მხოლოდ მე დამპირდა და ამით ოჯახის შექმნის სტიმული უფრო მომეცა (იცინის)... ახლა შესაბამის კანდიდატს ვეძებ.
- როგორ მოგეწონა განახლებული ბათუმი?
- ძალიან კარგადაა გაკეთებული ახალი ბულვარი. ღამის კლუბებიც კარგია. მე ხშირად ვსტუმრობდი აჭარა მიუზიქ ჰოლს. ძირითადად მეგობრები გვეპატიჟებოდნენ. განსაკუთრებით ის საღამო მომეწონა, ამერიკაში მცხოვრები ქართველი დიჯეები თენგო და ნიკა რომ ჩამოვიდნენ. ნიკა ჩემი ბავშვობის მეგობარია, მათ არაჩვეულებრივი მიქსები შეასრულეს. ერთი სიტყვით, მართლაც კარგი დრო გავატარე.
- როგორ იწყებოდა დილა?
- გააჩნია, წინა ღამე რით მთავრდებოდა (იცინის). მაგალითად, რამდენჯერმე დილის ექვს საათამდე დავრჩი ღამის კლუბში. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, დილით თავს ვეღარ ვწევდი. თუ შედარებით მშვიდობიან ღამეს გავატარებდი, მაშინ პლაჟზე გავდიოდი.
- ცურვა იცი?
- მხოლოდ ნაპირზე ვცურავ, სიღრმის მეშინია. ჩემგან განსხვავებით ანა შორს გადიოდა. უკან დაბრუნებული გაითხლაშებოდა პლიაჟზე და აღარ დგებოდა. მე ორი საათის შემდეგ ან ქოლგას ვაფარებდი თავს ან პლაჟს ვტოვებდი. ანა გაშავდა, მასთან შედარებით მე თეთრი ვარ.
- დასასვენებლად გადაღლილი წახვედი?
- კი, მთელი წელი რომ მუშაობ, ერთი სული გაქვს გაექცე რეალობას და თავი დააღწიო. ზუსტად ასეთი მომენტი მქონდა, რომ წავედი. ჯერ კავთისხევში ჩავედი ერთი კვირით. იქ მართლა დავისვენე, გამოვიკეტე სახლში დაკარგად გამოვიძინე. დასვენებული ჩავედი ზღვაზე, იქ თავიდან დავიღალე (იცინის). ახლა სახლში განვაგრძობ დასვენებას.
- როდის შეიტყვე სერიალის დახურვის ამბავი?
- ზღვაზე ვიყავი, ეს ამბავი რომ შევიტყვე გიორგი ლიფონავასგან. ყველა მირეკავდა შეწუხებული ხმით, ვაი როგორ ხარ, ახლა რა უნდა ქნა... იქ რომ დეპრესია დამწყებოდა, დასვენება ჩამშხამდებოდა და ვერც ვერაფერს შევცვლიდი.
- ბოლო გადაღებების დროს როგორ ატყობდი, სერიალს რეიტინგი ჰქონდა?
- რეიტინგი ისეთი მაღალი აღარ იყო, როგორც თავიდან, მაგრამ რაღაც ბარიერის გადალახვას ახერხებდა. ოთხი წელი გრძელდებოდა ეს სერიალი და ოდესღაც უნდა დასრულებულიყო. მე თავიდანვე ჭორის დონეზე მოვკარი ყური, "რუსთავის 2"-ის ხელმძღვანელობას უთქვამს, ეს სერიალი აღარ გვინდა და ვცადოთ რამე სხვა პროექტის წამოწყებაო. ბოლო გადაღებებისას იყო იმაზე საუბარი, რომ შეიძლებოდა ეს ბოლო სეზონი ყოფილიყო, მაგრამ სანამ რეალობას არ შევხედეთ თვალებში, მაინც არ დავიჯერეთ.
- როგორც ვიცი, სერიალიდან გამომდინარე, შენ თეატრების შემოთავაზებებზე უარი თქვი?
- გრიბოედოვის თეატრში ვიყავი შტატში. იმის გამო, რომ სულ არეული გრაფიკი მქონდა, შემცირებაში მოვყევი. მიზეზად ის მითხრეს, შენთვის თეატრი მეორეხარისხოვანიაო. ვერ ვიტყვი, რომ შეცდნენ. ძირითადად შემოსავალი სერიალს მოჰქონდა, ამიტომ შემიძლია ალალად ვთქვა, რომ იმ მომენტში თეატრი მართლაც მეორეხარისხოვანი იყო. მერე მოზარდმაყურებელთა თეატრში ამიყვანეს, როგორც კი შტატზე წავიდა ლაპარაკი, უარი ვთქვი. ვიცოდი, რომ შტატში აყვანის შემთხვევაში მეტი პრეტენზია გაჩნდებოდა ჩემს მიმართ, ამიტომ თავი ავარიდე კონფლიქტებს.
- სერიალში არეული გრაფიკი გქონდათ მსახიობებს?
- ჩვენ არ გვქონდა სტაბილური გრაფიკი. გადაღება იმდენად არეული იყო, წინასწარ ვერაფერს ვგეგმავდი. ყოველ საღამოს იცვლებოდა მომდევნო დილის გეგმები. ხშირად გადაღებაზე მისულს ტექნიკური პრობლემების გამო მთელი დღე მიწევდა ლოდინი. ზოგჯერ გადაღებიდან ერთ საათში წამოვსულვარ. ასე რომ, წინასწარ ვერაფერს გათვლიდი.
- თუმცა თავისუფალ თეატრში თამაშობდი ბოლოს დროს ერთ-ერთ სპექტაკლში?
- სპექტაკლმა, რომელშიც მეძავი მზიას როლს ვასრულებდი, სალარო ვერ შეავსო, ამიტომ საერთოდ მოიხსნა.
- ახლა რადგან თავისუფალი დრო გაქვს, ალბათ პირად ცხოვრებაზეც იზრუნებ...
- პირადი ცხოვრების აუწყობლობა რომ სერიალს დავაბრალო, მომკლავს მიშა მშვილდაძე (იცინის).
- შენ რუსი რეჟისორის ფილმში გადაგიღეს ივლისში...
- რუსმა რეჟისორმა იური ჩირკოვსკიმ, რომელიც სტუდენტობამდე საქართველოში ცხოვრობდა, თბილისზე გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ამ ფილმით სურს რუსებს ერთგვარი წარმოდგენა შეუქმნას ქართველების ხასიათზე. მე ვთამაშობ 17 წლის შეყვარებულ გოგონას. პარტნიორობას ვახო კანდელაკი მიწევს. ძალიან ძველ რეტრო მანქანაშია სცენა გადაღებული. ვსხედვართ მე და ჩემი სატრფო, რომელიც ყვავილებს მჩუქნის, მერე მკოცნის მე კი სახეში ხელს ვარტყამ, მანქანიდან ვხტები და ვყვირი: ჯერ ცოლად მომიყვანე და მერე მკოცნე რამდენიც გინდა. ანუ იმდროინდელი ქართველი ქალის სახეა ფილმში ნაჩვენები, რაც რეჟისორს მეხსიერებაში შემორჩა (იცინის).
- ისე, საკუთარი თავი სად წარმოგიდგენია, სცენაზე თუ ეკრანზე?
- სიმართლე რომ ვთქვა, თავი ეკრანზე წარმომიდგენია. სწორედ ამიტომ მივიღე პირველად მონაწილეობა კასტინგზე, მსახიობებს ,,ბიჭები და გოგონების" სერიალისთვის რომ არჩევდნენ. თუმცა თეატრიც არ ჩამოუვარდება კინოს, სრულიად სხვა ემოციებით უწევს მსახიობს თამაში.
ნონიკა ვაშაყმაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)