ავტორი:

"თქვენ იყავით ხელისუფლებაში 9 წელი, დაანგრიეთ ეს ქვეყანა, დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა გაჩუმდით!" - პრემიერი ხატია დეკანოიძეს

"თქვენ იყავით ხელისუფლებაში 9 წელი, დაანგრიეთ ეს ქვეყანა, დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა გაჩუმდით!" - პრემიერი ხატია დეკანოიძეს

თქვენ ვერ დაიცავით ჩვენი მოსახლეობა და ვერც დაიცავთ. თქვენ იყავით ხელისუფლებაში 9 წელი თუ 8 წელი, დაანგრიეთ ეს ქვეყანა, დაკარგეთ ტერიტორიები, ახლა გაჩუმდით და დაგველოდეთ ჩვენ! ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლება! ჩვენ ვმართავთ! - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს, რომელთა შორისაც პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მძიმე მემკვიდრეობა ერგო. მისივე განმარტებით, თუ ქვეყანამ რაიმე ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შრომის დამსახურებაა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი ხელწერა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაა.

„ქალბატონო ხატია, ერთ რამეს გეტყვით, რომ იცოდეთ, თქვენგან განსხვავებით, თქვენი გუნდისგან განსხვავებით, მე როდესაც ვდგამ ნაბიჯს და ვაკეთებ კომენტარს, ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებზე. არასდროს, თქვენგან განსხვავებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი არ გადამიდგამს, რაც დააზიანებდა იმ დროს, იმ კონკრეტულ მომენტში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თქვენ ვერ დაიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ვერ დაიცავით და ვერც დაიცავთ!

თქვენ იყავით ხელისუფლებაში და დაანგრიეთ, დაკარგეთ ტერიტორიები - ეს მძიმე მემკვიდრეობა თქვენ დაგვიტოვეთ, ამიტომ, ახლა გვაცადეთ ჩვენ მუშაობა! გვაცადეთ მუშაობა! გვაცადეთ! ვიცით რას ვაკეთებთ, ვიცით! როცა მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში, ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული იყო და ძალიან საფრთხის წინაშე იყო. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მე გადმომეცა, როცა მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მაშინ. აქედან გამომდინარე, იქნება ეს ევროინტეგრაცია, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, ნატო-სთან ინტეგრაცია, ეს ყვალაფერი არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ ამ მიმართულებით, გარდა ოკუპაციისა და რეალურად ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებისა. თქვენ უნდა გამცეთ პასუხი, რატომ გადაეცით სტრატეგიული ობიექტები რუსეთს აგვისტოს ომის შემდეგ ? მიპასუხეთ! უამრავი ენერგეტიკული სტრატეგიული ობიექტი გადაეცით თქვენ რუსეთს, მაგის შემდეგ თქვენი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, გამოვიდა და თქვა, რომ ფულს სუნი არ აქვსო - ეს ცნობილი გამონათქვამია, კარგად გვახსოვს, რომ გაემართლებინა რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები ომის შემდეგ. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო საერთოდ ?! ცოტა ხანს დაისვენეთ, გაისეირნეთ გარეთ!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ მათ პრემიერის პასუხები არ მოსწონდათ, მათი პრობლემა იყო.

„თქვენ პასუხები თუ არ მოგწონთ, ეს თქვენი პრობლემაა. დაელოდეთ პასუხებს! ამის შემდეგ დაზუსტებების საშუალება გექნებათ და არა ყვირილის,“- მიმართა კახა კუჭავამ ოპოზიციას.