გაერთიანებული სამეფო რუსეთის მხრიდან ბრიტანული სამხედრო ხომალდის მისამართით გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
გერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში დაცურავდა.
"HMS Defender-ს მისამართით გამაფრთხილებელი გასროლები არ განუხორციელებიათ. სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი უკრაინის ტერიტორიული წყლების გავლით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოძრაობს,“- ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების განცხადებაში.
მანამდე მედია საშუალებებმა, რუსეთის თავდაცვის სამინიტროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს, HMS Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა, რუსულმა ბომბდამშენებმა კი გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარეს მას შემდეგ რაც ის შავ ზღვაში, ყირიმთან ახლოს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშე შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს.