„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.
როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შესაბამისად, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
კობახიძის შეფასებით, გაუგებარია განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან „შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება“.
„ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის მიხედვით საქარათველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განმწესების შესახებ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" შარლ მიშელის შეთანხმების ერთგულია.
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების წინააღმდეგ 8-დან 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას ანუ ოპოზიციონერი პარლამენტარების ნახევარზე მეტს პოლიტიკურ შეთნხმებაზე ხელი არ მოუწერია, „ქართული ოცნება“ არის და დარჩება შეთანხმების ერთგული და უზრუნველყოფს მის ჯეროვნად განხორციელებას. როგორ ხედავთ, „ქართული ოცნება“ ბოლომდე იცავს შეთანხმებას და გააგრძელებს ამ სულისკვეთებით და პრინციპით მოქმედებას“, - განაცხადა კობახიძემ.