ავტორი:

"პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან..." - აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით და შს მინისტრის კომენტარი

"პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან..." - აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით და შს მინისტრის კომენტარი

პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან, ამიტომ მის თხოვნას ვითვალისწინებ, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთ ვადას მისცემენ ხელისუფლებას და თუ ერთ თვეში ზაზა გახელაძე არ იქნება გათავისუფლებული, მთელი ოჯახი გადავა ოკუპირებულ ცხინვალში.

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე დღეს 34 წლის გახდა, ოჯახი მისი გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთ აქციას მართავს.

„დღეს ვგეგმავდი, რომ გადავსულიყავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც თითქმის უკვე ერთი წელია ჩემი შვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ამ ფორმით მიგვექცია ყურადღება.

ზაზა დღეს 34 წლის გახდა, ამ პერიოდში ვის არ შევხვდით, ხელისუფლებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მაგრამ შედეგი არაფერმა არ გამოიღო. გუშინ შეგვხვდნენ სასულიერო პირები და გადმოგვცეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან. პატრიარქის მიმართ დიდი პატივისცემის გამო, მის თხოვნას ვითვალისწინებ, ასევე მეუფეებმა გვითხრეს გუშინ, რომ უწმინდესის სახელით დახმარების თხოვნაზე წერილიც იგზავნება რუსეთის პატრიარქთან. კიდევ ერთ ვადას მივცემთ ხელისუფლებას და თუ ერთ თვეში ზაზა გახელაძე არ იქნება გათავისუფლებული, მთელი ოჯახი გადავალთ ოკუპირებულ ცხინვალში“, - განაცხადა მიხეილ გახელაძემ.

"ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე მალე გათავისუფლდეს.

„ამ შემთხვევაში ნამდვილად გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო. მე შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩართო ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ზაზას გახელაძის გათავისუფლებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება. საპატრიარქოც ჩართულია, მთავრობაც და ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნაში დასდო ბრალი და 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"დახმარების სანაცვლოდ რუს ექიმებს "სახელმწიფო აგარაკებს" აძლევენ" - უმძიმესი ეპიდვითარება აფხაზეთში, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და პუტინის იმედად მყოფი ბჟანია

ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე შეიწყალა

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები