შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვაზე სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანმა, მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველს, ასევე მის გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროაქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ომბუდსმენს და მის გუნდს ამ ძალიან საინტერესო ანგარიშისთვის, მე ნამდვილად ვიცი რა შრომა დევს ამ ანგარიშის უკან და ამის თქმის საშუალებას ჩემი 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება მაძლევს ამ აპარატში. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა იმ პოზიტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც გვაქვს ოფისთან და მუდმივად ხდება ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საკითხებზე, პროაქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, 43 რეკომენდაცია არის გაცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, ბუნებრივია ყველა რეკომენდაციის ინდივიდუალურ განხილვას ვერ მოვახერხებთ, მაქვს გარკვეული დაჯგუფება გაკეთებული, ასევე არის გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები ზოგიერთ საკითხზე, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პირველი დავიწყებ დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის სიახლეს გეტყვით, რომ დამატებით 5 იზოლატორი აღიჭურვა სამედიცინო მომსახურების მიღებით და იმ იზოლატორების რიცხვი სადაც შესაძლებელია სრული სამედიცინო სერვისის მიღება 22 აღწევს, ჯამში გვაქვს 30 იზოლატორი, რეალურად 95 %-ს დაკავებული პირებისა ფარავს იმ იზოლატორების რაოდენობა სადაც სამედიცინო სერვისი მისაღებია.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ექიმების გადამზადება, რომლებსაც უწევთ დაზიანებების აღწერა მათ შორის ფოტოგრაფირება. იყო ამ მიმართულებითაც გარკვეული შენიშვნები და იდეაში ჩვენ ვიზიარებთ ამ შენიშვნებს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ის ხარისხი დაზიანებების აღწერის, რაც სტამბოლის პროტოკოლით არის განსაზღვრული მაქსიმალურად მიღწეული იქნეს," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
დარახველიძემ ვრცლად ისაუბრა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და რეკომენდაციების გაზიარების შესახებ.
"არაერთი რეკომენდაცია იყო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით და საუბარი იყო, გამომძიებელთა სპეციალიზაციაზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ პროგრამა და ვახორციელებთ, სქესობრივი დანაშაულის მიმართულებით გამომძიებლების სპეციალიზაციას. წლის ბოლომდე 240 გამომძიებელს ექნება სპეციალიზაცია კონკრეტულად ამ დანაშაულის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ დონორების ჩართულობით ვახორციელებთ ამ პროგრამას, უკვე განხორციელდა პროკურატურაში და ახლა ვახორციელებთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეს რეკომენდაცია აბსოლუტურად გასაზიარებელია.
ასევე აქტიურად ვმუშაობთ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციონირების გაძლიერებისათვის. ვიცით რომ საკანონმდებლო პაკეტი უკვე ორი მოსმენით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან და მიმდინარე თვის განმავლობაში სრულდება ამ კანონპროექტზე მუშაობა. ასევე, ვფიქრობთ იმ რაოდენობის გაზრდას, რაც დღეს არის. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სულ 15 თანამშრომელი გვყავს სისტემაში. მართალია ის მოიცავს სრულიად საქართველოს მასშტაბს, მაგრამ ჩვენ თვითონვე ვხედავთ, რომ მზარდი მოთხოვნა ამ სერვისის გვაძლევს იმის ვალდებულებას, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ამ პირების რიცხვი და მინიმუმ თითო სამმართველოში ერთი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის შტატის გაჩენის ვალდებულება აიღოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საუბარი იყო პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმასთან მიმართებაში.
ჩვენ შევქმენით სპეციალური აპლიკაცია -"ჩუმი განგაშის ღილაკი", რომელითაც ხდება საპატრულო პოლიციის გამოძახება, აპლიკაცია უკვე 5000-ზე მეტ აბონენტს აქვს გადმოწერილი.
ვმუშაობთ, რომ ადაპტირებული იყოს ეს სერვისი შშმ პირებისათვის და ამ მიმართულებით გაეროს შესაბამისი პროგრამა გვეხმარება. ასევე, სამ ენაზე დაიგზავნა SMS-ები შესაბამის პირებთან და მიეცათ მათ ზუსტი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევებში. ასევე, არაერთი ვიდეორგოლი გავრცელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით და სხვა სატელევიზიო ეთერებით.
და ბოლოს, მინდა ქორწინების იძულებასთან და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით ვისაუბრო და გამოვკვეთო განსაკუთრებული თანამშრომლობა ამ მიმართულებით ჩვენი და სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, სხვა კოლეგა უწყებების - ამ სფეროში ჩართული პირების. ჩვენ დავიწყეთ ძალიან კარგი კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას,“ სადაც ჩართულები არიან როგორც რეფერირების სუბიექტები, ასევე სახელწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ მიმართულებით გვაქვს არაერთი შეხვედრები. წლის ბოლოსათვის უკვე სერიოზულ პროგრესს ვაჩვენებთ ამ მიმართულებით. ჩვენ მოწოდებული გვაქ ყველა რეკომენდაციასთან მიმართებაში ინდივიდუალური პოზიცია და მზად ვართ კითხვებისა და პასუხებისთვის," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე,