მსჯავრდებული მინდია გოგოჭური პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოგოჭურის ავდოკატმა განუცხდა, მსჯავრდებული 30 დღეა დაკავებას და 4-წლიან სასჯელს შიმშილობით აპროტესტებს.
მინდია გოგოჭური „ვივამედის“ კლინიკაშია მოთავსებული.
„უკვე 30 დღეა, რაც მინდია გოგოჭური შიმშილობს, ის ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში იმყოფებოდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. თუმცა, გუშინ გონება დაკარგა და ახლაც ამ მდგომარეობაში იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. როცა საავადმყოფოში გადმოიყვანეს, აზრზე მოვიდა, თუმცა, იქაც გონება დაკარგა და მძიმე მდგომარეობაშია, დღის პირველი მონაცემებით, ის უგონო მდგომარეობაში იყო.
გოგოჭური უკანონო დაკავებას, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს უკანონო, დაუსაბუთებელ განაჩენს აპროტესტებს იარაღის ჩადების საქმეზე. მან პოლიციელების კონკრეტული სახელები და გვარებიც დაასახელა, რომლებმაც მას იარაღი ჩაუდეს და არამხოლოდ იარაღი, ნარკოტიკული საშუალებაც, რომლის მოხმარებაც მას არ დაუდგინდა“, - აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, მინდია გოგოჭური 2020 წლის 19 ივლისს იარაღის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.