ისრაელმა ღაზის სექტორზე კიდევ ერთი ავიაიერიში განახორციელა. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სპეციალური, ხანძრის გამომწვევი საჰაერო ბურთების გაშვების შემდეგ მიიღეს.
"ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ხანძრის გამომწვევი ბურთები გამოუშვეს. ამის საპასუხოდ, მოიერიშე თვითმფრინავებმა ორგანიზაცია "ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა სცენარისთვის მზადყოფნის დონე გაზარდეს", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ღაზაში მდებარე "ჰამასის“ სამიზნეებზე თავდასხმა გააგრძელდება.
"რამდენიმე საათის წინ, "ცეცხლოვანი ბურთების" საპასუხოდ, ისრაელის არმიამ განახორციელა სარაკეტო დარტყმები "ჰამასის" რამდენიმე ობიექტზე. ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არიან კიდევ ერთი, მოსალოდნელი კონფლიქტისთვის. შუაღამისას ისმოდა სირენის ხმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, თუმცა როგორც გაირკვა, ეს გამოწვეული იყო "ცეცხლოვანი ბურთებით" და არა სარაკეტო თავდასხმებით.
ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა ავივ კოხავმა, გადადო თავისი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში, ქვეყნის სამხრეთში არსებული სიტუაციის სავარაუდო გამწვავების საფუძველზე. მშვიდობა ისრაელს!", - წერს "ფეისბუქის პირად გვერდზე ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე.
ისრაელმა ღაზას სექტორის წინააღმდეგ ავიაიერიში მეორედ განახორციელა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის გასული თვის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.