დანიელი ექიმი ადასტურებს, რომ კრისტიან ერიქსენს გუშინ მიმდინარე მატჩისას გული გაუჩერდა, თუმცა რამ გამოიწვია ეს, უცნობია. როგორც "დეილი მეილი“ წერს, აღნიშნულის შესახებ ერიქსენის ექიმმა, დანიელმა მორტენ ბოსენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ის დავაბრუნეთ დეფიბრილატორის გამოყენების შემდეგ. პირველადი კვლევების შედეგები კარგია, მაგრამ მას მოუწევს შემდგომი, კიდევ უფრო საფუძვლიანი კვლევების ჩატარება, არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის რა მოხდა“, - განაცხადა ექიმმა.
პრესკონფერენციაზე ისაუბრა დანიელმა მეკარემ კასპერ შმეიხელმაც, რომელიც პირადად ესაუბრა ერიქსენს. შმეიხელი ამბობს, რომ კრისტიანს არაფერი ახსოვს და უფრო მეტად ინტერესდება თავისი თანაგუნდელების მდგომარეობით.
"მითხრა - ბევრი არაფერი მახსოვს, მე ის უფრო მაინტერესებს, თქვენ როგორ ხართ, ბიჭებო. ეს ტიპიური კრისტიანია და სასიამოვნოა მისი გაღიმებული სახის დანახვა“, - ამბობს შმეიხელი.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე, ფინეთისა და დანიის საფეხბურთო დაპირისპირების დროს დანიელმა ნახევარმცველმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ექიმებმა ერიქსენის გადარჩენა შეძლეს.