ლატვიის პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას პარტია "თანხმობის“ დეპუტატის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იანის ადამსონსის სახლში ჩხრეკის ჩატარების და მისი დაკავების ნება დართო, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშულ გადაწყვეტილებას დღეს მხარი სეიმის 69 დეპუტატმა დაუჭირა.
გამოძიების ვერსიით, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთს არმიის ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტების თანახმად, საუბარია ჯაშუშობის 43 ეპიზოდზე. უწყების ცნობით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მედიასთან საუბარში ადამსონსი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია და ინფორმაციის გაცემის ერთადერთი ეპიზოდები მისი ინტერვიუები იყო.