მაინტერესებს, რა იყო ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი მორიგი გზავნილი - ჩვენი ქვეყნის სულიერი, სასულიერო ლიდერია და ფატვას გზავნილებს აკეთებს დროდადრო? საერთოდ, რა არის მისი ფუნქცია ჩვენს სახელმწიფო მართვაში?! - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გუშინ, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი შეაფასა.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანა „ვერანარ ნატო-ში და ევროკავშირში ვერ აღმოჩნდება“.
„მსურს შეგახსენოთ, რომ ნატო არის ლიბერალური დემოკრატიების გაერთიანება. ლიბერალური დემოკრატიების გაერთიანება გარკვეულ ღირებულებებს ეფუძნება. ამ ღირებულებებში ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია წარმომადგენლობითი მმართველობა და კანონის უზენაესობის პრინციპი.
მაინტერესებს, როდესაც დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ნატოში გაწევრიანების დეკლარაციას, როდესაც ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები გვესაუბრებიან, რომ აუცილებელია ქვეყანამ განახორციელოს შესაბამისი რეფორმები, იმისთვის, რომ შევქმნათ პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, რომელიც ნატო-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნდა იყოს, ამ კონტექსტში, მე მაინტერესებს, რა იყო ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი მორიგი გზავნილი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა. მართლა არ მესმის, ვინ არის ეს პიროვნება, რა პოზიცია უჭირავს ქვეყანაში.
მე ვერ გავიგე, ჩვენი ქვეყნის სულიერი, სასულიერო ლიდერია და ფატვას გზავნილებს აკეთებს დროდადრო? ჭკუას გვარიგებს საზოგადოებას? თუ გაერიდა პოლიტიკურ პროცესს, რატომ ერევა პოლიტიკურ პროცესში. საერთოდ, რა არის მისი ფუნქცია ჩვენს სახელმწიფო მართვაში?!
სამწუხაროდ, რაც გუშინ დავინახეთ, არის ის, რომ მისი ფუნქცია ამ ქვეყანაში რჩება ძალიან მნიშვნელოვნად. ის, ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება, იმ არაფორმალურ მმართველად, რომელიც კვლავ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მე ხელს კი მოვაწერ დღევანდელ დეკლარაციას ნატოში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანა ვერანაირ ნატოში და ევროკავშირში ვერ აღმოჩნდება, თავს ნუ მოიტყუებთ“, - აღნიშნავს სამადაშვილი.