დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ივლისიდან „ამცრელი სივრცეები“ ჩამოყალიბდეს.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოსახლეობის აცრა მოხდება დიდ სივრცეებში, მათ შორის პავილიონებში, მოლებში და სპორტულ დაწესებულებებში.
„ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო. კარვებზე საუბარი არ არის, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზეა, მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ „ჰუალინგის ცენტრთან“, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ იყოს ამ ტიპის ცენტრები გაშლილი. ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს იქნება როგორც ონლაინ დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველომ შესაძლოა, დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა მიიღოს. როგორც მან განმარტა, ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს.
„დღეს ასული ვართ საშუალოდ 5 ათას აცრაზე, ორი დღე გვქონდა 6 ათასი და დღესაც დაახლოებით 6 ათასზე ოდნავ მეტ ადამიანს აქვს ჯავშანი გაკეთებული. ივლისიდან იმისთვის, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ, გვჭირდება დაახლოებით 20-დან 25 ათასამდე აცრა ყოველდღიურად. ამისთვის ვემზადებით იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს დადასტურებული, რომ ივლისი, აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას, ანუ ჩვენ შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როცა გარანტირებულად გვექნება საწყობებში ყველა თვის დასაწყისში სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის. აქედან გამომდინარე, ინტენსიურად ვემზადებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.