ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის "მიმინო“, "არ იდარდო“, "ქინ ძა ძა“, "შერეკილები“, "არაჩვეულებრივი გამოფენა“, "სამნი გზაზე“ და ა.შ.
1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.
რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – "ნიკა“, "ტრიუმფი“, "ოქროს ნიღაბი“, "ოქროს სოფიტი“, "ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.
უდიდესი ქართველი, გენიალური ხელოვანი წავიდა იმიერში, მისი ვალი დარჩა უფრო ქალაქ ქუთაისს და თბილისსაც, გაუძნელდათ მისთვის სიცოცხლეში ეთქვათ: "ჩვენი საამაყო რეზო"...
გარდაიცვალა კიდევ ერთი გენიალური ხელოვანი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!