უყურებდი და, უბრალოდ, ტკბებოდი - ქალი შავი, დიდრონი, მეტყველი თვალებითა და ხშირი წამწამებით, საყვარელი კისკისით, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გარეგნული სილამაზე - ნიჭიერებით სავსე და შინაარსიანი ცხოვრებით, მალევე ახერხებდა დიდისა, თუ პატარას მოხიბვლას და ყველაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა... მან შეძლო, მაყურებლის ისეთი სიყვარული დაემსახურებინა, რომელიც მის შვილებზე გადმოვიდა და მათ დღემდე ერთგულად მოჰყვებათ. სწორედ ასეთი სიყვარულით დაიწყო, მედეა ჩახავასა და მისი ხულოელი მეგობრის, ეთერ დეკანაძის მეგობრობის ისტორია, რომელსაც მსახიობი, მსოფლიოს ყველა წერტილიდან წერილებს უგზავნიდა და დღეს, ამ ქალბატონს მაკა მახარაძე "დედის საჩუქარს" უწოდებს და მათ ისტორიას იხსენებს...
AMBEBI.GE მკითხველს გააცნობს, მედეა ჩახავას მეგობარ 71 წლის ეთერ დეკანაძეს, რომელიც ხულოში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. ქალბატონი ეთერი გვიყვება მათი მეგობრობის ისტორიას და მსახიობის წერილებსაც გვაცნობს.
მაკა მახარაძე:
"ბაში-აჩუკის" ეკრანზე გამოსვლიდან 30 წლის თავი იყო. ოთარ კობერიძე, ლია ელიავა, დედა და დოდო ჭიჭინაძე რაიონებში დაჰყავდათ და შეხვერდებს უწყობდნენ. არ ვიცი, რომელი რაიონები შემოიარეს, მაგრამ ხულო იყო მთავარი, დედა სულ გვიყვებოდა, რომ იქ ჰყავს საოცარი მეგობარი ეთერი და როცა ხულოში მოვხვდებოდით, აუცილებლად გვენახა. 2015 წელს ბათუმში მქონდა გადაღება. თავისუფალი დღე გამომიჩნდა და რეჟისორს შევთავაზე, ავიდეთ ხულოში-მეთქი. ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვთხოვე ეპოვა ეთერი, რომლის გვარი არ მახსოვდა. მოვუყევი ისტორია ქალბატონზე, რომელმაც დედაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, ჯერ ძალიან შეწუხდა, დაფიქრდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო. რომ ვუთხარი, მგონი გაზეთის რედაქტორი იყო მეთქი, უცებ წამოიძახა - ვიციო. იქვე დაურეკა და სთხოვა, მოსულიყო.
მოვიდა ქალბატონი ეთერი. მე მისი ფოტო ნანახი არ მქონდა, რომც მენახა, მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა და ალბათ, ვერც ვიცნობდი, წარმოვიდგინე, სულ სხვანაირს ველოდი - ცოტა მოუვლელ, საქმისგან გადაღლილ ქალს და უცებ შემოვიდა ულამაზესი, თეთრი, შუაში გაყოფილი და უკან შეკრული თმით, ლურჯი ორეული - პიჯაკი და ქვედაბოლო ეცვა, თეძოებზე თეთრი მაქმანებით და თეთრი მძივი ეკეთა... გავოგნდი, გაოცებული ვუყურებდი ამ გამჭვირვალე, ულამაზეს ქალბატონს. მას ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორიც წლობით უნახავ ნათესავებს აქვთ, რომელთაც გადაცემებში ახვედრებენ ერთმანეთს. ორივემ ბევრი ვიტირეთ. ყველგან წამიყვანა, წაგვიკითხა ლექსები, ბევრი მატირა... მერე კიდევ ვიყავი ასული, ვინახულე. ჩემებიც იყვნენ - ეკა ჩხეიძეც იყო მის სანახავად მისული, მე იქედან ფახლავა გამომიგზავნა. ეს არის ქალბატონი, რომელსაც ვერასდროს ვასწრებ დღესასწაულების მილოცვას, საოცარი ქალია. დედას გარდაცვალების შემდეგ წერილი მომწერა, უზარმაზარი კონვერტით, რომელშიც რაიონული გაზეთი იდო, ნეკროლოგით - რომ გადაშლიდი, მთელი მთავარი გვერდი, დედას ეძღვნებოდა. ეს ქალბატონი მართლა დედაჩემის საჩუქარია. ღვთისნიერი, იშვიათი, უძვირფასესი ადამიანია და ბედნიერი ვარ, მისი არსებობით, იმით, რომ ასეთი საჩუქარი დამიტოვა დედამ, რომ ასეთი ქალბატონი ეთერი მყავს მე (ახლაც თუ არ ვიტირებ, კარგს ვიზამ)...
ეთერ დეკანაძე:
- 1986 წელს "ბაში-აჩუკის" გადაღებიდან 30 წლის იუბილე სრულდებოდა. ვიფიქრე, რაიონში მცხოვრებ ხალხს, ყველაზე დიდ საჩუქარს იმით გავუკეთებდი, თუ ამ ფილმის იუბილეს ხულოში აღვნიშნავდი და საყვარელ მსახიობებსაც მოვიწვევდით. ამის შესახებ, ბატონ რეზო ჩხეიძეს ვაცნობე, რომელიც ხულოს რაიონში იღებდა ერთ ეპიზოდს, ფილმისთვის "მშობლიურო, ჩემო მიწავ", ბატონმა რეზომ მითხრა, რომ მალე შემეხმიანებოდა. მალევე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ივლისში, ოთარ კობერიძეს, ლია ელიავას, დოდო ჭიჭინაძესა და მედეა ჩახავას საშუალება ექნებოდათ, რომ ხულოში ჩამოსულიყვნენ... მართლაც, 1886 წლის, 13-14 ივლისს გვქონდა ეს ბედნიერება, რომ ჩამობრძანებულიყვნენ, სამწუხარდ, დოდო ჭიჭინაძე შეუძლოდ გახდა და ვერ მოახერხა ჩამოსვლა.
ზემო აჭარაში, თურქთა სამასწლოვანი ბატონობის შემდეგ, ყველა სულიერ-კულტურული ძეგლი მოისპო, მაგრამ გადარჩა სხალთის ტაძარი. პირველი შეხვედრა ამ ტაძრის ეზოში მოვაწყვეთ. ეს იყო გულთბილი შეხვედრა, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. იმთავითვე მოიხიბლნენ ქალბატონი მედეას უშუალო, თბილი დამოკიდებულებით და თვითონაც ხარობდა მათთან შეხვედრით. სუფრა გავშალეთ. საყვარელ მსახიობებს ძალიან ბევრი ყვავილი მიართვეს... ქალბატონმა მედეამ მითხრა, - ერთი რაღაც უნდა გითხრა და საწყენად არ მიიღოო. ვიფიქრე, რომ რაღაც შემეშალა, არადა, ვცდილობდი სანაქებო მასპინძლობა გამეწია... მითხრა, - ვუყურებ ბუნებას, ისეთი ლამაზი მინდვრის ყვავილები გაქვთ, რომ შემდეგში გაითვალისწინე და ბაზარში არასდროს აღარ შეიძინო, მთის ყვავილები ყველაზე საუკეთესო საჩუქარი იქნება მსახიობისთვისო.
ვიცოდი, რომ ქალბატონი მედეა იყო მეგრული სამზარეულოს ოსტატი. ძალიან ვფრთხილობდი, როგორ მიიღებდა ჩვენი მთის სამზარეულოს და მითხრა: - "აი, ახლა კი გამაოცეთ, მეგრელი ქალი ხულოში თუ ასეთ კარგ კამეჩის მაწონს შევჭამდი, ნამდვილად არ მეგონა".
შეხვედრები სხვადასხვა სოფლებში გაიმართა. შემდეგ, როდესაც კურორტ ბეშუმში დამსვენებლებმა გაიგეს ამათი სტუმრობის შესახებ, გვთხოვეს, რომ იქაც მოგვეწყო შეხვედრა. ბეშუმამდე ძალიან ცუდი გზაა და მოკრძალებით გავუბედე თხოვნა. ქალბატონმა მედეამ მითხრა, - აქ ჩამოვედით და როგორ შეიძლება გული დავწყვიტოთ, აუცილებლად უნდა მივიდეთო. წინა დღეს გავუგზავნე ფილმი და "ბაში-აჩუკიც“ ნახეს დამსვენებლებმა. რომ ავედით, მანქანიდან გადმოვიდა თუ არა ქალბატონი მედეა, გაისმა ბავშვების აღტაცებული შეძახილი და კივილი - დედიკო, დედიკო, მელანო არ მომკვდარა, მელანო ცოცხალია, აქ არისო. ასეთი ამაღელვებელი შეხვედრები იყო.
სტუმრებიც და მასპინძლებიც ძალიან ბედნიერები ვიყავით. შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა, მაგრამ ჩემთვის გაცილება იყო რთული. ამ სამ დღეში ისეთი უხილავი ძაფები გაიბა, რომ მეგონა ქალბატონ მედეას ძალიან დიდხანს ვიცნობდი და ალბათ, ეს სახეზე მეწერა... ხელი მომხვია, მომცა ტელეფონის ნომერი, ბინის მისამართი და მითხრა, - არასდროს არ დავკარგავთ ერთმანეთს. როდესაც თბილისში იქნები, აუცილებლად შემეხმიანეო. თან თითი დამიქნია, - არ გაბედო სასტუმროში გაჩერება, ყოველთვის ჩემთან იქნებიო.
ერთმანეთს ტელეფონით ხშირად ვეხმიანებოდით და როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი, ვხვდებოდით კიდეც.
პირველი წერილი ბუდაპეშტიდან მომწერა და მინდა თქვენც გაგაცნოთ:
"ეთერ ქალო, ჩემო ლამაზო და ჭკვიანო, კეთილო და საყვარელო. ისე აეწყო ჩემი ყოფა-ცხოვრება, ხან ავად და ხან კარგად, რომ ბულგარეთამდე დაჯდომა ვერ მოვახერხე. ვერსად და ვერაფერი წაშლის თქვენგან მიღებულ სიხარულს. არსად და არაფერი არ არსებობს ისეთი, რომ თქვენით მიღებული გასაოცარი სიწმინდე, სიხალისე, გულწრფელობა, სიუხვე და სილამაზე ოდნავ მაინც დაჩრდილოს.
იქნებ უკეთესიც კი იყოს, რომ ბარათი დამაგვიანდა, ვინაიდან, ამით შეწუხებული ყოველდღე ფიქრში თქვენთან ვიყავი და დაუსრულებლად გებოდიშებოდით. მაპატიეთ, ჩემი უნებლიე უმადურობა. გასტროლები გუშინ დაგვეწყო ბუდაპეშტში "რიჩარდით“. აუ, რა ამბავი იყო, დაინგრა დარბაზი. ამ საღამოსაც "რიჩარდია“. ჩემი გულწრფელი სადღესასწაულო მილოცვა ყველას, ვისაც ვახსოვარ.
ჩემო ეთერიკო, თუ ძალიან არ ხარ ჩემზე გაბრაზებული, მომწერე რა. სულ წარმატებებს, დღეგრძელობას და ბედნიერებას გისურვებ, გეხვევი და გკოცნი, ჩემო კარგო, შენი მედეა. ისიც მაპატიე, რომ შვილებთან ერთად ვერ ჩამოვედი თქვენს დღესასწაულზე. თემურს გასტროლები ჰქონდა ლენინგრადში, მაკა ჩეხეთში იყო. ვოცნებობ, ოდესმე ერთხელ მაინც ჩამოვიდე თქვენთან. გკოცნი და გლოცავთ.
თქვენი უზომოდ მადლიერი მედეა, ქალაქი ბუდაპეშტი…1986 წლის, 2 ნოემბერი"...
შემდეგი ბარათი იერუსალიმიდან გამომიგზავნა:
"ჩემო ეთერიკო, ჩემო მოყვარულო და ყურადღებიანო. აქაც მახსოვხართ ყველანი, განსაკუთრებით შენ და ბესიკი. აქაც-მეთქი იმიტომ ვახსენებ, რომ იერუსალიმის სიმშვენიერემ შეიძლება ჩემნაირ მოკვდავს ყველაფერი დაავიწყოს.
სახლიდან ვერ მოვასწარი და აქედან გითვლით ორივეს დიდ მადლობას დაბადების დღის მოლოცვისთვის. ეთო, დღეს წამიყვანეს ბეთლემში, იმ ადგილას, სადაც ქრისტე იშვა და მისი საფლავია აგრეთვე. გკოცნით და გისურვებთ ჩემს ნაკვალებზე გევლოთ. ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ყოველგვარი უსიამოვნებისგან. ვიმედოვნებ, გაისად მაინც მიიღებ ამ წერილს.
თქვენი მედეა ჩახავა, იერუსალიმი 2 ივნისი 1989 წელი. თბილისში ვიქნები ორი კვირის შემდეგ, იქნებ, დამირეკო".
არგენტინაშიც კი ვახსოვდი:
"ჩემო ეთერი, ხედავ? შენ, შენი ბრწყინვალე მეგობრებით, მშვენიერი ხალხითა და ბუნებით, ოკეანის გაღმაც მახსოვხარ, ბუენოს-აირესში. ყველას ჩემი საუკეთესო სურვილები... გასტროლები დიდი წარმატებით მიმდინარეობს. გეხვევი და გკოცნი. წესით, 14 აგვისტოს უკვე სახლში უნდა ვიყო.
- შენი მედეა.“
ამ წერილებს ავგაროზივით ვუფრთხილდები. ამ ულამაზეს ქალბატონს, ისეთივე ფაქიზი და სპეტაკი სული ჰქონდა, როგორიც სხეული. ლამაზ სხეულში მართლაც ულამაზეს სულს დაევანა.
როდესაც ქალბატონი მედეა გარდაიცვალა, ძალიან მინდოდა, უკანასკნელ გზაზე გამეცილებინა, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის გამო, ეს ვერ მოვახერხე. გამოსათხოვარი წერილი ჩვენს რაიონულ გაზეთში დაიწერა და მივაწვდინე მის შვილებს. დაუსწრებლად ყველას ვიცნობდი...
2015 წლის 1-ლ ივლისს, ხულოს სახელმწიფო თეატრის რეჟისორმა როინ სურმანძემ დამირეკა და მითხრა, თუ სკოლაში არ ხარ და შეგიძლია, კაფეში მოდიო. მივედი და დამხვდა ქალბატონი მაკა მახარაძე, თითქოს ძალიან დიდი ხნის ნაცნობს და თბილს, როგორც ქალბატონ მედეას, ისე შევხვდი. ვუყურებდი და ვეძებდი, თითქოს მედეას სული მასში ჩასახლებულიყო... იმ წუთებში მეგონა, რომ ქალბატონი მედეა ზეციური საქართველოდან გვიყურებდა და ამ შეხვედრით ხარობდა.
როდესაც ხულოს თეატრის 80 წლის იუბილე იყო, კიდევ ერთხელ შემეხმიანა როინი და მითხრა, ქალბატონი ნატა მურვანიძე ჩამოვა და თქვენი ნახვა უნდაო. ასე გავიცანი ნატა. მერე კიდევ შემეხმიანა და მითხრა: - ახლა სპექტაკლზე ხომ არ მოხვალ, ქალბატონი ეკა ჩხეიძე ჩამოდისო. როდესაც მივედი, ეკამ რაღაც გადმომცა - ეს მაკამ გამომატანაო. აღმოჩნდა, ქალბატონი მედეას ნაქონი მარგალიტის ყელსაბამი... ისე ავღელდი, რომ სახლში ძლივს მივედი, დიდი ქალბატონის ნაქონი ყელსაბამი გადმომცეს მე. ამ ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ავიღებ, მოვეფერები და ვინახავ. ეს ისეთი რელიქვიაა, როგორ გავბედავ მის გაკეთებას?!
ავტორი: ხათუნა კორთხონჯია