ავტორი:

როგორ იქცა თბილისელი გოგო ფერმერ ქალბატონად - მწყრის ფერმის ამბები დედოფლისწყაროდან

როგორ იქცა თბილისელი გოგო ფერმერ ქალბატონად - მწყრის ფერმის ამბები დედოფლისწყაროდან

რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობარი ნატო ჭოტაშვილი დედოფლისწყაროელ დავით შეითნიშვილს ცოლად რომ გაჰყვა, გავოცდი, ქალაქელი გოგო რაიონში როგორ გაძლებს-მეთქი? მით უფრო, რომ თბილისში დაბადებულსა და გაზრდილს, ინგლისური ენის პედაგოგსა და ფსიქოლოგს სამსახურიც კარგი ჰქონდა, სამეგობრო წრეც კარგი ჰყავდა და ვერაფრით წარმომედგინა, ასე, ყველასგან შორს როგორ უნდა ეცხოვრა. ალბათ, დედოფლისწყარო აზერბაიჯანის საზღვართან რომ იყო, თბილისიდან ძალიან მეშორებოდა, მაგრამ... სიყვარულს რას გაუგებო, ტყუილად არ ათქმევინა სულმნათმა ნოდარ დუმბაძემ თავის ილარიონს... აბა, იმას წარმოვიდგენდი, ამ ჩემს მეგობარს თავისი მეუღლე ფერმერ ქალბატონად რომ აქცევდა?! საბოლოოდ, აღარც დედოფლისწყარო მეშორება და იქაურობა, ხომ, მართლაც ზღაპარია, ჩემი სიძე კიდევ ისეთი ხელმარჯვე გამომგონებელი აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობართან და ორ ცუგრუმელა გოგონასთან ერთად დედოფლისწყაროს ცენტრში, საკუთარი სახლის ეზოში ცხოველთა ფერმა მოიწყეს. ყველაფერი კი მწყრებით დაიწყო, უფრო ზუსტად - იმ ცუგრუმელა გოგონებით...

ნატო ჭოტაშვილი:

- მარიამი რვა წლისაა, თეკლა - ხუთის. რომ დაიბადნენ, თავიდანვე შევატყვე, ძალიან ალერგიულები იყვნენ, განსაკუთრებით - საკვებზე, რაც მე და დათოს დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. დღეს რა შედარებაა, უკვე საკმაოდ გავაკაჟეთ, მაგრამ მაშინ ძალიან ვნერვიულობდი. ახლობელმა მირჩია, მწყრის კვერცხი აჭამე, საერთოდ არ იწვევს ალერგიასო. ინტერნეტით მოვიძიეთ ინფორმაციები და როდესაც მწყრის კვერცხის სიკეთეში დავრწმუნდით, შინ კი ეზო გვქონდა, გადავწყვიტეთ, თავად მოგვეშენებინა.

- მაინც რა ჯადოსნურ სიკეთეს ატარებს მწყერი და მისი კვერცხი (რომელიც მეც ვიგემე ამ სააღდგომოდ), რატომ არის, ვთქვათ, ქათმის კვერცხზე სასარგებლო?

- მართალია, მწყრის კვერცხი ქათმის კვერცხზე პატარაა და მისი წონა 11, 15, ზოგჯერ კი - 18-19-გრამია, აღმოჩნდა, რომ მაინც უფრო მეტად სასარგებლოა. იაპონიაში საგანგებო კანონიც კი შემოიღეს, სკოლებში მოსწავლეებმა დღეში ორი ცალი მწყრის კვერცხი რომ მიირთვან. მოკლედ, მწყრის მოშენება გადავწყვიტეთ და 3 წლის წინ, ზაფხულში, საინკუბაციო კვერცხებიც შევიძინეთ და ჩავდეთ ინკუბატორში, რომელიც ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით მოაწყო. ზოგადად, ჩემი მეუღლე ძალიან ხელმარჯვეა და მწყრების გალიებიც თვითონ გააკეთა (სხვათა შორის - კურდღლებისაც - ი.ხ.). პირველივე შედეგი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა - 300 კვერცხიდან 70% გამოიჩეკა. ინკუბატორს პატარა გამოჭრილი საჰაეროები აქვს და მახსოვს, პირველად რომ იჩეკებოდნენ, თავზე ვადექი და ვაკვირდებოდი, ნისკარტი როგორ გამოჰყო, მერე - თავი და ა.შ. ზოგიერთი ნეკის ხელაც არ იყო და ვფიქრობდი, ამათგან რა უნდა გამოვიდეს-მეთქი. არადა, როგორც კი გაშრნენ, მაშინვე სირბილი დაიწყეს. ისეთი სწრაფები არიან, ხელში ვერ მოიგდებ.

- ვიცი, მწყრის სხვადასხვა ჯიში არსებობს. თქვენ რა ჯიში მოაშენეთ?

- სამი ჯიშის მწყერი მოვაშენეთ - ტეხასური, ფარაონი და მაჟორული. ტეხასური არის მეხორცული - კვერცხს დებს და მეტს იწონის, ფარაონი და მაჟორული კი - მეხორცული-მეკვერცხულია ანუ დიდიც არის და კვერცხსაც ბევრად მეტს დებს. სხვათა შორის, გემოთიც განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად, ისევე, როგორც სოფლის ქათამი განსხვავდება ბროილერის ქათმისგან - ტეხასურს აქვს თეთრი, ქათქათა ხორცი და უფრო ბროილერისას წააგავს, ხოლო ფარაონსა და მაჟორულს ხორციც უფრო მუქი აქვს - სოფლისას ჰგავს. ყველა კარგია, მაგრამ მე ეს უკანასკნელი უფრო მეგემრიელება, სასარგებლო თვისებები კი ყველას თანაბრად აქვს.

მწყრისთვის თავადვე ვამზადებთ საკვებს, საამისოდ მინიფერმაში მინიაგრეგატიც გვაქვს და მისი წყალობით მწყერს ჯანსაღად ვკვებავთ. ამიტომ მათგანაც ჯანსაღ პროდუქტს ვიღებთ - ხორბალი, რომელსაც ვიყენებთ, ჩვენივე ნაკვეთშია მოწეული, ქერი და სიმინდი ჩემი უახლოესი მეგობრის ნაკვეთისაა და ზუსტად ვიცი, რომ არც ჰიბრიდულია და არც გენმოდიფიცირებული.

ფერმაში არ ვიყენებთ პრემიქს, უფრო სწორად, პრემიქს ვაძლევთ მხოლოდ მწყრებს და ისიც - მკაცრად განსაზღვრულად, 14 დღის ასაკამდე. ვიტამინებს მწვანე მასის სახით იღებენ - ძალიან უყვართ ჭინჭარი და ჭარხლის ფოთოლი. ზამთრისთვის მოგროვილი გვაქვს და დიდი ოდენობით ვაშრობთ ჭინჭარს, ბაბუაწვერასა და იონჯას, შემდეგ კი საკვებთან ერთად ვაწვდით. არასდროს ვიყენებთ სოიოს შროტს, რომელიც, სავარაუდოდ, გენმოდიფიცირებული სოიოსაგან უნდა იყოს მიღებული. შეიძლება ვინმემ შენიშვნა მომცეს, მწყერს დიდი რაოდენობით პროტეინები სჭირდება და, აბა, სოიოს გარეშე როგორ იქნებაო? მაგრამ მათ ვეტყვი, რომ ჩვენს მწყრებს პროტეინებზე მოთხოვნას მზესუმზირის შროტით ანუ კოპტონით ვუკმაყოფილებთ და მას კი ჩემი მეგობრისაგან ვყიდულობ და ზუსტად ვიცი, სად ჰქონდა დათესილი და გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული რომ არ არის.

- ამდენი სიკეთე რომ მოაქვთ, მაინც რა ზნის არიან მწყრები?

- ხომ გახსოვს, ზღაპრებში რომ წერენ გმირებზე, საათებსა და წუთებში იზრდებიანო, მწყრებიც ასე არიან - ნეკისხელები, თვალისდახამხამებაში იზრდებიან. დილის შემდეგ საღამოს რომ ვაკითხავ, უკვე საგრძნობლად გაზრდილები მხვდებიან. თავიდან მთელი ოჯახი უდიდესი სიამოვნებით ვაკვირდებოდით ამ პროცესს, შემდეგ - სამეზობლო-სანათესაოც შემოგვიერთდა. მაშინ არ ვიცოდი და მხოლოდ მერე გავიგე, რომ მწყრებთან უცხო ადამიანების ხშირი სტუმრობა რეკომენდებული არ არის. ძალიან მშიშრები არიან და, შესაძლოა, ხალხმრავლობამ კვერცხის დადებას შეუშალოს ხელი. ამიტომ ზოგჯერ დათო მეც აღარ მიშვებს ხოლმე სამწყერეში. სასურველია, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდეს მათთან კონტაქტი. მათთან ახლოს არც სხვა შინაური ცხოველების ცხოვრებაა რეკომენდებული, რადგან ეს ხმაურს იწვევს, ხმაური კი მწყერს აფრთხობს. ამიტომ ისინი განცალკევებით, სახლის უკანა ეზოში დავაბინავეთ.

- ვიცი, შენს შვილებს ძალიან უყვართ მწყრები, მათ როგორ აკავებთ, ხშირად რომ არ მიაკითხონ?

- ახლა გაიზარდნენ და ეს აღარ გვაქვს პრობლემად, მაგრამ... ამის გამო დიდი ომები გვქონდა. ზოგადად, მარიამს და თეკლას ძალიან უყვართ ცხოველებიც, ფრინველებიც და ხშირად იპარებოდნენ მწყრებთან, გარეთ უშვებდნენ ან ხელით დაატარებდნენ, უნდა მოვეფეროთ, ვაჭამოთ, წყალი დავალევინოთო... ვუხსნიდით, ასე მოქცევა რატომ არ შეიძლებოდა და თითქოს ესმოდათ, მაგრამ მაინც მათკენ გარბოდნენ - რა ექნათ, ფაქტობრივად, ფერმაში იზრდებიან და... ამიტომ ჩვენც მივყვებოდით ხოლმე, განსაკუთრებით - უმცროსს, რადგან შეიძლებოდა მოსიყვარულებისას ვერ მოეზომა და გაეჭყლიტა. კვერცხის აღებას ხომ დღემდე ვერცერთს ვასწრებთ. მწყრის კვერცხის გემოც ძალიან მოსწონთ. დიდი სიამოვნებით მიირთმევენ შემწვარსაც, თოხლოსაც, მოხარშულსაც.

ზოგადად, მწყრის კვერცხისგან მართლაც ყველაფერს ვამზადებ, მარინადსაც კი. ტრადიციული პრინციპით მომზადებულ მარინადს მოხარშულ მწყრის კვერცხს (მის კარგად მოსახარშად 3-4 წუთიც საკმარისია) ვასხამ. ძალიან მომწონს მარინადი ჭარხლით, რადგან გემოსაც შესანიშნავს აძლევს და ლამაზიცაა - მისი სიწითლე კარგად უჯდება კვერცხს. სხვათა შორის, ძალიან გემრიელია გარნირად შემწვარ მწყერთან და სხვა ხორცეულთან ერთად და სტუმრებთანაც შეგიძლია თავის მოწონება. ყველა ისე აღფრთოვანდა, რომ შეკვეთებიც კი მომცეს. ძალიან მიყვარს ლუდი და თევზის მსგავსად, მწყრის დამარილებაც გადავწყვიტე. ჩემმა გამომგონებელმა და ხელმარჯვე მეუღლემ ცხელი შებოლვის აპარატიც დაამზადა. მოკლედ, მასში ვბოლავთ თავად მწყერს, მის კვერცხს, იხვიც შევბოლეთ. ლუდთან - უგემრიელესია, ძალიან მომეწონა. სხვებმაც დააგემოვნეს და ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა. ჩემს ძმასა და რძალს განსაკუთრებით მოეწონათ ლუდზე მისაყოლებელი თევზივით გამოყვანილი მწყრის ვარიანტი – მას კიდევ განსხვავებული ტექნოლოგიით უნდა მომზადება: რამდენიმე დღის განმავლობაში პრესის ქვეშ უნდა იყოს და შემდეგ ჰაერზე უნდა გაკიდო, გააჩერო. ასე მივიღე ლუდის მწყერი. ძალიან გემრიელია და პიკანტური გემო აქვს. ვისაც ლუდი უყვარს, ძალიან მოეწონება, მით უფრო, რომ ახლა, ზაფხულში სწორედ ლუდისა და შებოლილი მწყრის სეზონი მოდის. გარდა ამისა, საკუთარი გამოცდილებით გეტყვი, რომ ზღაპრული გემო აქვს მწყრის ჩაქაფულს, ასევე - ჩახოხბილს. ასევე, ვინც ჩემს რჩევას მიჰყვა, ყველა გადავიდა ბავშვებისთვის მწყრის ბულიონის მომზადებაზე. ზუსტად ისევე უნდა მოამზადო, როგორც ქათმის ბულიონს ამზადებ. მწყრის წვნიანის მომზადებისას ხორცი, დაახლოებით, 20 წუთში იხარშება, მერე, ჩვეულებრივ, ჩაყრი სტაფილოს, კარტოფილს, სურვილისამებრ - მაკარონს ან ბრინჯს და მწვანილებს. მწყერი საკმაო რაოდენობის ცხიმს უშვებს, ძალიან ნოყიერიცაა და საჭმელად - მსუბუქი, ბავშვები გიჟდებიან, ისე მოსწონთ და, რაც კიდევ უმთავრესია, ძალიან სასარგებლოა.

უკვე ბევრი დარწმუნდა მწყრის სიკეთეში და მის გასამრავლებლად ჩვენგან ხშირად მიაქვთ კვერცხი გამოსაჩეკად, ზოგს მწყრის ჩოჩრებიც მიჰყავს და ძალიან კმაყოფილები არიან.

ჩვენს საოჯახო ფერმაში მწყრების გარდა სხვა ფრინველები და ცხოველებიც გვყავს. სახლის გვერდით ქათმების გალიები გვაქვს, მას კურდღლების გალიები მოჰყვება. გვყავს იხვ-ინდაურა ანუ მუსკატის იხვი, ორი ცალია - დედა-შვილი. ეს ჯიში იხვისა და ინდაურის ნაჯვარი არ გეგონოთ, მხოლოდ გარეგნობით მცირედ თუ მიამსგავსებ ინდაურს. იგი ტრადიციული ქართული ჯიშისგანაც განსხვავდება - ხმა არ აქვს, შეფერილობითაც განსხვავებულია, ხორციც მეტი აქვს და უფრო მეტად დიეტურიცაა. იხვები - ვერა, მაგრამ კურდღლები და ქათმები კი "მონათლეს“ ბავშვებმა და სახელები კარზე დავუწერეთ - თეთრა, ნატაშა, პატარქალა და ა.შ.

ფერმაში ფუტკარიც გვყავს, ოღონდ საფუტკრე ეზოდან მოშორებითაა, ელიას მთასთან. დათომ იქაც ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა და თვითონვე უვლის, რადგან ჩემს გაცნობამდეც ჰყოლია ფუტკრები, მამამისიც მეფუტკრე იყო. ახლა ჩვენს შვილებსაც ასწავლის ფუტკრებთან ურთიერთობას. მაგალითად, მარიამი უკვე სიამოვნებით ეხმარება მამას, არც ეშინია ფუტკრების. ლაფეტთან თავისუფლად მიდის, ხანდახან თეკლაც მიჰყვებათ ხოლმე. დათომ ასწავლა ბავშვებს, რომ ღია ფერის ტანსაცმლით არ მიუახლოვდნენ სკებს, რადგან ფუტკარს მუქი ფერი არ უყვარს; სკას წინ არ უნდა გადაურბინონ და ფუტკარს ხელი არ აუქნიონ და ა.შ. ფაქტია, მათთვის ფუტკარს არასდროს უკბენია. სხვათა შორის, მკვეთრი ფერის ტანსაცმელი არც მწყრებს და კურდღლებს უყვართ, რადგან შესვლისთანავე ეწყებათ ფორიაქი და საშინელი აგრესია. ამიტომ მათთანაც, ფაქტობრივად, ერთი და იმავე ფერის ტანსაცმლით შევდივართ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ბანერი გურამ ფალავანდიშვილისა და მისი თანამოაზრეების აქციიდან, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

"ნიუ ჰოსპიტალსში" აცხადებენ, რომ კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

როგორია ვითარება პარლამენტთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული აქციის პარალელურად გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეებიც აქციას მართავენ