ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მოტივაციას გვაძლევენ, მათი ცხოვრება შთამაგონებელია. შესაძლოა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ წლების მატებასთან ერთად ცხოვრება აღარაა ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც ახალგაზრდობისას, მაგრამ ასე არ არის და რეალურად, მთავარია ის, თუ როგორ უყურებთ თავად ყოველდღიურობას. სწორედ ამას გვასწავლის 106 წლის ქალი, ავსტრალიელი მოცეკვავე ეილინ კრამერი, რომელიც მოქმედი მოცეკვავე და ქორეოგრაფია და რომელსაც ცხოვრების ამ ეტაპზეც აქტიური რიტმი აქვს.
ეილინ კრამერი ამბობს, რომ პროფესიული თვალსაზრისით ახლა იმაზე უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ოდესმე. ის ყოველ დღე აქვეყნებს წერილებს, ხატავს, დგამს ცეკვებს, ცეკვავს თავად, მონაწილეობს ვიდეორგოლებში და გარდა ამისა, ავსტრალიის ყველაზე პრესტიჟულ სამხატვრო კონკურსშიცაა ჩართული.
კრამერი ათწლეულების განმავლობაში თავისი ქვეყნის საზღვრებს მიღმა ცხოვრობდა, მშობლიურ ქალაქს, სიდნეის კი 99 წლის ასაკში დაუბრუნდა.
106 წლის ქალის ქორეოგრაფიული მოძრაობები გამოირჩევა გრაციოზულობით, ელეგანტურობით და ამავდროულად, როგორც მისი ცეკვის შეფასებისას ამბობენ, ქალის მოძრაობებში დრამატულობაც იგრძნობა.
"ვმონაწილეობდი ცეკვის ფესტივალებში, გადამიღეს ფილმებში, ვასწავლიდი ცეკვას, ვარ სამი წიგნის ავტორი“, - ამბობს მოცეკვავე.
ყველაზე ხშირად ეკითხებიან იმას, თუ როგორ ახერხებს იყოს ასეთი ენერგიული ასეთ ასაკში და რა არის მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო. კრამერი კი ამბობს, რომ საიდუმლო იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც აკეთებს და ეს არის ცეკვა. ამასთან, მისი თქმით, თავისი ლექსიკონიდან ამოიღო ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "ასაკი" და "მოხუცი".
"ვამბობ, რომ არ ვარ მოხუცი, მე უბრალოდ უკვე დიდი ხანია ვცოცხლობ და ბევრ რამეს ვსწავლობ. ჩემი დამოკიდებულებები სამყაროსადმი ისეთივეა, როგორიც ბავშვობაში იყო", - ამბობს კრამერი.
ნახეთ ვიდეო: