კვლევის მიხედვით, გლობალური დათბობის თვალსაზრისით არსებული ვითარება იმაზე მეტყველებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა იმ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებისას დაადგინეს.
აღნიშნულის შესახებ BBC წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2025 წლისთვის ჰაერის ტემპერატურა, გლობალურად, 1.5C-ით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს იყო ინდუსტრიამდელ ეპოქაში.
ამასთან, კვლევის მიხედვით, ალბათობა იმისა, რომ ჰაერის ტემპერატურა ისე შეიცვალოს, როგორც ზემოთაა აღნიშნული, 40%-ია.
კვლევა და მისი დასკვნა ეფუძნება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებს. ანალიზს საფუძვლად უდევს გაერთიანებული სამეფოსა და კიდევ 10 ქვეყნის, მათ შორის აშშ-სა და ჩინეთის მკვლევართა დაკვირვება და მეცნიერები მას სანდოს, მნიშვნელოვანსა და საყურადღებოს უწოდებენ.
ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი მეცნიერი ლეონ ჰერმანსონი ამბობს, რომ თუკი ბოლო წლების ტემპერატურას შვადარებთ 1850-1900 წლებში ჰაერის ტემპერატურას, ანუ ინდუსტრიამდელი ეპოქის კლიმატს, ვნახავთ, რომ განსხვავება თვალშისაცემია და რომ ბოლო პერიოდში მნიშნელოვნადაა გაზრდილი ტემპერატურა.
"ყოველივე მიანიშნებს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით 1,5C-ს, პარიზის შეთანხმებისას დადგენილ ზღვარს, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ ვართ“, - ამბობს მეცნიერი. მისივე თქმით, დრო იწურება და ახლა მკვეთრი მოქმედებებია საჭირო.
აღსანიშნავია გაეროს კლიმატის პანელის 2018 წლის მოხსენება, რომელშიც საუბარი შეეხებოდა კლიმატის ცვლილების მწვავე შედეგებს, თუკი იქნებოდა 1.5C-იანი ზრდა.
მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვანი მატების გზას ადგას.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი, პროფესორი პეტერ თაალასი ამბობს, რომ კვლევის შედეგები იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ სტატისტიკა - "ყოველივე მიუთითებს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით პარიზის შეთანხმების დროს დადგენილ ქვედა ზღვარს. მსოფლიო უნდა გამოფხიზლდეს", - ამბობს თაალასი.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები სწორედ კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ ბოლო წლებში მსოფლიოს მასშტაბით მომატებულ ტყის ხანძრებს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და რომელიც ანადგურებს ფლორისა და ფაუნის სხვადასხვა ჯიშებს.
მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით