ავტორი:

"ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ იდირიჟორებს გიორგი გახარია... მას ცეცხლი ორმხრივად გაუხსნეს" - ექსპერტი

"ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ იდირიჟორებს გიორგი გახარია... მას ცეცხლი ორმხრივად გაუხსნეს" - ექსპერტი

29 მაისს გაიმართა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, თუმცა ამ ღონისძიებამდე მასზე პირდაპირ იერიში მიიტანეს როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას ფიქრობთ გახარიას სიტყვაზე, რომლის მთავარი გზავნილი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: "ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ!"

- გახარიასა და მის პარტიას, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლი მართლაც ორმხრივად გაუხსნეს... ეს განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა პოლიტიკურ მხარედ ქცეული ტელევიზიების მიერ გახარიას პარტიის ყრილობის გაშუქებაში, როდესაც პროსახელისუფლებო და პროოპოზიციური ტელევიზიების სიუჟეტები ლამის იდენტური იყო. ამ ფონზე მისი გზავნილი: "არავის წინააღმდეგ" კიდევ უფრო საინტერესო და მომგებიანი ჩანს. გახარია კონკრეტულ დისკუსიებში როგორ მოიქცევა, ვნახოთ. მას ოპონირება, თან საკმაოდ მწარედაც, რომ შეუძლია, ვიცით. მან გააკრიტიკა მმართველი ძალა, მაგრამ ისე, რომ ამ კრიტიკისგან საკუთარი დისტანცირების გარეშე - თქვა, რომ ისიც იზიარებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე და მეტიც, პასუხისმგებლობას რომ გრძნობს, სწორედ ამიტომ ბრუნდება პოლიტიკაში. მას აქცენტი "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ გაუკეთებია, ზოგადად ისაუბრა ოპოზიციაზე, რაც მისასალმებელია. თქვა ისიც, რომ უნდა დასრულდეს წარსულთან მუდმივი შედარება. მკაფიოდ გამოკვეთა, რომ მისი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსი ევროპაზე ორიენტაციაა, შიდა კი ადამიანის უფლებების დაცვა წესრიგისა და კანონიერების ფარგლებში. რაც შეეხება მის გუნდს, ძირითადად, ყოფილი სახელმწიფო მოხელეები არიან, მათ შორის ბევრია საქმის მკეთებელი, თუმცა არიან სპიკერობის გამოცდილების მქონენიც. ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ უდირიჟორებს მათ გიორგი გახარია.

როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე შემოდის ახალი მოთამაშე, მას ოპონენტად განიხილავენ და უპირისპირდებიან კიდეც. მით უფრო, რომ ერთი შეხედვით გახარია ისეთი ნიშის დაკავებას აპირებს, რომელიც შესაძლოა როგორც სახელისუფლებო პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერთათვის საინტერესო აღმოჩნდეს.

ვფიქრობ, საინტერესო პოლიტიკური პროცესები იწყება. ჩნდებიან ძალები, რომლებიც არ იქნებიან ორიენტირებული მუდმივად მაგიდის აყირავებაზე, ისინი არ ივლიან რევოლუციის მუქარის გზით.

ამ შემთხვევაში ორ მნიშვნელოვან ახალ აქტორს ვგულისხმობ - გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძეს, ჩემი აზრით, ორივე უფრო ორიენტირებული იქნება არგუმენტებითა და ლოგიკური მსჯელობით ოპონირებაზე. ეს თქვა კიდეც გახარიამ, როდესაც განაცხადა, ჩვენ რევოლუციაზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ თითოეული ადამიანისთვის შესაძლებლობის შექმნაზეო.

თუ გავითვალისწინებთ იმ შავ პიარს, რომელიც ხელისუფლების და მისი მხარდამჭერი მედიისგან გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უსაფუძვლოა თქმა, გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგასო. ასე რომ იყოს, "ქართული ოცნების" ის ფრთა, რომელიც კვლავაც ივანიშვილის გავლენაშია, ასეთი გააფთრებული არ იქნებოდა. თუმცა ყველაფრის გამორიცხვაც არ შეიძლება. ახლა საინტერესოა, გაუძლებს თუ არა გიორგი გახარია დარტყმებს ისე, რომ არ გადაიხაროს რომელიმე პოლიტიკური ცენტრისკენ. ჩემი აზრით, სწორედ ამის მიღწევას ცდილობდნენ ისინი, ვინც ააგორა ჭორი, თითქოს გახარიას კეზერაშვილი აფინანსებს. შეეცადნენ ისე წარმოეჩინათ, თითქოს გახარია მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერილი ჯგუფებისკენ იხრება, რისიც აბსოლუტურად არ მჯერა. გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, პრემიერი და დარწმუნებული ვარ, მოახერხა იმგვარი ავტორიტეტის მოპოვება ბიზნესწრეებში, რომ დაფინანსება იშოვოს, თან მან კარგად იცის, რომ დაფინანსების გასაჯაროება, ადრე თუ გვიან, დასჭირდება. შესაბამისად, ბევრი რამ მისთვის წამგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ არასწორი პირებისგან მიიღო ფინანსები.

დღეს გახარიას არსებითი, უმნიშვნელოვანესი პლუსი ის არის, რომ აქვს პერსპექტივა, იქცეს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის შუა, მესამე ძალად და არც ერთი ცენტრისკენ არ გადაიხაროს. ასეთ შემთხვევაში უკვე მომავალ არჩევნებზე შესაძლოა დიდი მხარდაჭერაც მოიპოვოს. წაიკითხეთ სრულად

"მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია..." - რა განცხადებას აქვეყნებს მამუკა მდინარაძე

“მოქალაქეებმა“ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორ დეპუტატი შეძლებს

"დადგინდეს, თუკი ვინმეს გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა" - მიხეილ დაუშვილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე