არის ძალიან აქტიური მსჯელობა იმაზე, რომ კოვიდინფექცია შეიძლება იქცეს ე.წ. სეზონურ ინფექციად, როგორც გრიპი და ყოველწლიურად ადამიანებს დასჭირდეთ ერთი ბუსტერის გაკეთება, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
რაც შეეხება იმას, დასჭირდებათ თუ არა ორმაგი დოზით ვაქცინირებულ პირებს მესამე ბუსტერ დოზის გაკეთება, გამყრელიძე ამბობს, რომ ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს.
"ასტრაზენეკას" განმეორებითი დოზის გაკეთება ეფექტურია 4 კვირაზე. ამიტომაც მას ინსტრუქციაში უწერია 4-დან 12 კვირამდე. უბრალოდ, კვლევებით დადგენილია, რომ უფრო მეტი ეფექტურობა აქვს, თუ მის მეორე დოზას 8-12 კვირაზე იკეთებ. რაც შეეხება მესამე, ბუსტერ დოზას, დიდი მსჯელობაა ამაზე, როგორი იმუნიტეტი ყალიბდება, ხელოვნური, აცრის შემდგომი იმუნიტეტი მაქვს მხედველობაში და რამდენ ხანს გრძელდება ეს იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ერთიანი შეხედულება მესამე ბუსტერი იქნება საჭირო თუ არა, არ არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერჯერობით მესამე ბუსტერთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ აქვს. თუმცა, სამედიცინო წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ შესაძლებელია მთელი რიგი ვაქცინებისთვის, მათ შორის - "ფაიზერისთვის", "მოდერნასთვის", "ასტრაზენეკასთვის", ან ჩინური ვაქცინებისთვის საჭირო გახდეს მესამე ბუსტერული დოზა. ასევე, არის ძალიან აქტიური მსჯელობა იმაზე, რომ კოვიდინფექცია შეიძლება იქცეს ე.წ. სეზონურ ინფექციად, როგორც გრიპი და ყოველწლიურად ადამიანებს დასჭირდეთ ერთი ბუსტერის გაკეთება“, - განაცხადა გამყრელიძემ.