ავტორი:

"მმართველი გუნდი განვითარების პერსპექტივას უკლავდა ქვეყანას..." - გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე "ოცნება" მწვავედ გააკრიტიკა

"მმართველი გუნდი განვითარების პერსპექტივას უკლავდა ქვეყანას..." - გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე "ოცნება" მწვავედ გააკრიტიკა

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე პრემიერ -მინისტრის პოსტის დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვა, რადგან მმართველი პარტია დაშორდა მოქალაქეების რეალურ პრობლემებს იმის გამო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნია, ვიდრე რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. მისივე განმარტებით, 8 - წლიანი მმართველობის შემდეგ, მმართველი პარტია თავის ყველაზე დიდ მიღწევებსაც კი ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ქვეყანას.

"ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის შედარება წარსულთან, რამეთუ ეს უსპობს მომავალს და განვითარების პერსპექტივას ჩვენს ქვეყნას და ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ჩვენი დღევანდელობა შევადაროთ ცუდ წარსულს, უნდა დავისახოთ უაღრესად ამბიციური მიზნები, რომლებიც მიმართული იქნება საუკეთესო მაგალითებისა და მომავლისკენ. ამიტომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ სისტემური განახლების გზით უნდა გავაგრძელოთ ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო, უნდა შევინარჩუნოთ ის ყველა პოზიტიური აგური, რომელიც უკვე დადებულია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს შენებაში, მაგრამ არ უნდა შევუშინდეთ ამბიციური და გამოწვევების საპასუხო მიზნებისა და გეგმების დასახვას. რა თქმა უნდა, დღეს საზოგადოებაში არსებობს უამრავი კითხვა, აბსოლუტურად ლეგიტიმური, იმასთან დაკავშირებით, რატომ ვართ დღეს ჩვენ აქ, რატომ ვაფუძნებთ პოლიტიკურ მოძრაობას „საქართველოსთვის“.

რა თქმა უნდა, მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდისა და პოლიტიკური რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან, სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, ჩვენი რიგითი მოქალაქეების პრობლემებს მარტივი მიზეზის გამო - რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.

გადავდექი იმიტომ, რომ 8 - წლიანი მმართველობის შემდეგ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე 10-15 წლის წინ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტია. არავინ არ უარყოფს ამას, თუნდაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით რომ შევადაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, კიდევ უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს. ეს არის სისტემური განსხვავება და სისტემური პრობლემა, რატომაც მე დღეს აქ ვდგავარ.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი,“- განაცხადა გახარიამ.