ავტორი:

"ლუდმილას მეგობრები მიუგზავნა და მასთან რომანის გაბმა დაავალა" - თავზეხელაღებული ქუჩური ცხოვრებიდან  КГБ-ს ჯაშუშობამდე: პუტინის ახალგაზრდობის უცნობი დეტალები

"ლუდმილას მეგობრები მიუგზავნა და მასთან რომანის გაბმა დაავალა" - თავზეხელაღებული ქუჩური ცხოვრებიდან  КГБ-ს ჯაშუშობამდე: პუტინის ახალგაზრდობის უცნობი დეტალები

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ცხოვრების ადრეული წლების შესახებ, იმაზე, თუ როგორ გახდა ის КГБ-ს ჯაშუში და როგორ დაქორწინდა ლუდმილა პუტინაზე, BBC-ი საინტერესო მასალას აქვეყნებს.

გამოცემასთან საუბრისას წიგნის - Death of a Dissident თანაავტორი, ალექს გოლდფარბი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი სკოლაში თავზეხელაღებული ბავშვი იყო და მისი ცხოვრება მთლიანად ჰქონდა მოცული ქუჩის სამყაროს და ის, რომ ქუჩას მოშორდა, ძიუდოში პუტინის მწვრთნელის დამსახურებაა.

"სკოლაში თავზეხელაღებული ბანდიტი და ბანდის წევრი იყო. ის იყო ძალიან პატარა, მაგრამ სასტიკად მოჩხუბარი. კრიმინალური ცხოვრებისგან გადაარჩინა სპორტმა. ძიუდოში მისმა მწვრთნელმა ქუჩას მოაშორა და პუტინი გახდა შეუპოვარი მებრძოლი. КГБ კი აკვირდებოდა ყველას საბჭოთა კავშირში, ვინც ძიუდოთი იყო დაკავებული“, - ამბობს გოლდფარბი.

კრემლის საკითხების ანალიტიკოსი, ალექს რარი კი BBC-ის უყვება, რომ პუტინს ყოველთვის სურდა ჯაშუშობა და ამას არასდროს მალავდა.

"პუტინი არასდროს ასაიდუმლოებდა, რომ მას სურდა საიდუმლო სამსახურში ემუშავა, КГБ-ს წევრი ყოფილიყო. ოცნებობდა, რომ შტირლიცის მსგავსი გამხდარიყო, რომელიც ჯეიმს ბონდის რუსული ვერსიაა“, - ამბობს ალექს რარი.

კადრი ფილმიდან "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება"

The Invention of Russia-ს ავტორის, არკადი ოსტროვსკის თქმით, ფილმი Seventeen Moments of Spring (“გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“), რომელიც რუს ჯაშუშ შტირლიცზე გვიყვება, პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"რუსეთში ჰკითხო ვინმეს, გახსოვს შტირლიცი როგორია? იგივეა, რაც იკითხო, გახსოვს ჯეიმს ბონდი როგორია? Seventeen Moments of Spring წარმოგვიდგენს საბჭოთა კავშირის ჯაშუშური სისტემის დიდებულებას. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი პუტინისთვის. ის იყო 21 წლის, როდესაც ეს ფილმი გამოვიდა და ორი წლის შემდეგ უკვე КГБ-ს შეუერთდა“, - ამბობს არკადი ოსტროვსკი.

КГБ-ს უცხოეთის ოპერაციების ყოფილი ოფიცერი, ვლადიმირ იაკუნინი იხსენებს, რომ ჯაშუშს თუ ნდობის მოპოვება სურდა, ის დაქორწინებული უნდა ყოფილიყო.

"აგენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თუ სურდა კარგი სამსახური ჰქონოდა, უნდა დაქორწინებულიყო, უნდა ყოფილიყო ბედნიერ ქორწინებაში. სხვა შემთხვევაში, ის სრულ ნდობას ვერ მოიპოვებდა", - ამბობს იაკუნინი.

BBC-ის ვლადიმერ პუტინისა და ლუდმილა პუტინას დაქორწინების ისტორიას უამბობს კრემლის საკითხების მკვლევარი, ალექს რარი:

თავდაპირველად ვლადიმერს ქალისთვის არ უთქვამს, რომ კაგებესთვის მუშაობდა. უთხრა, რომ პოლიციელი იყო. შემდეგ კი მეგობრების დახმარებით გამოცდა მოუწყო. პუტინმა ქალს რამდენჯერმე მეგობრები მიუგზავნა, რომლებსაც ლუდმილასთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა დაავალა. ლუდმილამ კი ყველას უარი უთხრა და თქვა, რომ მას უკვე ჰყავდა საყვარელი კაცი.

"მე ვლადიმერი მყავს“, - თქვა ლუდმილამ. და ეს საკმარისი იყო პუტინისთვის, რომ დარწმუნებულიყო მის სანდოობაში“, - ამბობს რარი.

წყარო: BBC.com