ავტორი:

რას წარმოადგენს EXO-CD24 - ისრაელში, Covid 19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილ მედიკამენტს საქართველოშიც გამოცდიან?

რას წარმოადგენს EXO-CD24 - ისრაელში, Covid 19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილ მედიკამენტს საქართველოშიც გამოცდიან?

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ Covid 19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი მედიკამენტი, რომელმაც კვლევის პირველ ეტაპზე ძალიან კარგი შედეგი აჩვენა, შესაძლოა საქართველოშიც გამოსცადონ. თუ EXO-CD24- მა კვლევის საბოლოო ფაზებიც წარმატებით გაიარა, იგი ისეთივე ხსნა იქნება მსოფლიოსთვის, როგორიც ვაქცინები.

  • რას წარმოადგენს EXO-CD24?

თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის ცნობით, პრეპარატი ებრძვის ინფექციის მძიმე მიმდინარეობისას განვითარებულ ე.წ. ციტოკენურ შტორმს. მას ის ცილა გადააქვს პაციენტის ფილტვებში, რომელიც დაზიანებულ ორგანოს სწრაფ აღდგენაში ეხმარება და ბლოკავს სიცოცხლისათვის საშიშ მწვავე იმუნურ რაექციას, რათა კორონავირუსული ინფექციის ფონზე არ განვითარდეს ციტოკინური შტორმი. მედიკამენტის შემქმნელი მეცნიერების თქმით, პრეპარატს ინგალაციის მსგავსი მოხმარების წესი აქვს. პაციენტმა ის დღეში ერთხელ, რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა შეისუნთქოს. მკურნალობის კურსი მხოლოდ 5 დღეს შეადგენს. Ambebi.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ ინოვაციური პრეპარატის შესახებ ქართველი ინფექციონისტები, რა მოლოდინები აქვთ მათ EXO-CD24-ის მიმართ? ყველა რესპონდენტმა, ვინც კი ჩვენ გამოვკითხეთ, წამლის შესახებ საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

  • რა შედეგები აჩვენა ახალმა მედიკამენტმა

კვლევის 1-ლ ფაზაში პრეპარატმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა - წამლის ეფექტიანობა 95 %- ს აღწევს. მედიკამენტს შეუძლია დაავადების მძიმე მიმდინარეობის განკურნება და ლეტალური შედეგის თავიდან აცილება. ცდაში მონაწილე 30 საშუალო და მძიმე პაციენტიდან, რომლებსაც EXO-CD24 - ით უმკურნალეს, ყველა გამოჯანმრთელდა. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მედიკამენტის მიღების შემდეგ კლინიკა 3-5 დღეში დატოვა. თუმცა წინ არის კვლევის გადამწყვეტი მეორე და მესამე ფაზა. როგორც ირკვევა, სწორედ ამ პროცესში სურს ისრაელს საქართველოსთან თანამშრომლობა. მედიკამნეტის შემქმნელმა მეცნიერებმა გამოთქვეს ინიციატივა, რომ კვლევის დასკვნით ფაზაში მონაწილეობა ქართულმა კლინიკებმაც მიიღონ. ამ წინადადებით ესტუმრნენ ისინი თბილისს 20 მაისს და შეხვედრები გამართეს ქართველ კოლეგებთან. ისრაელის დელეგაციას პირადად უმასპინძლა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნადირ არბერი

"კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით, გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა, COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნადირ არბერიმ, რომელიც 20 მაისს თბილისში იმყოფებოდა.

  • ჩაერთვება თუ არა საქართველო კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტის კვლევაში?

ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოადგილემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველო ჩაერთება კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური კვლევის პროცეში და ეს სავარაუდოდ, მესამე ფაზაში იქნება. პაატა იმნაძემ ის კლინიკები დაასახელა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, კვლევით სამუშაოებს უშუალოდ შეასრულებენ.

"ძალიან მადლობლები ვართ ჩვენი კოლეგების ისრაელიდან, რომ საქართველო შეირჩა ერთ-ერთ ქვეყნად, რადგან ეს არის მულტინაციონალური გამოკვლევა, ტარდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ძალიან ბევრი ქვეყანა იბრძვის ხოლმე, რომ მოხვდეს მსგავსი ტიპის კვლევებში. ეს გასაგებიცაა, რადგან იმედის მომცემი პრეპარატია, რომელმაც ძალიან კარგი შედეგები აჩვენა თავად ისრაელში კვლევის დროს. მომდევნო ფაზები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ჩატარდება. ყველაფერი გამოქვეყნდება, რა და როგორ. ჯერ მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკებებია, ვინ ჩაერთვება, როგორ ჩაერთვება... ერთ-ერთი მონაწილე იქნება ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი. როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოკვლევებში ჩაერთვება ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკაც. ეს არის ძალიან დიდი დაფასება იმ ქართველი კლინიცისტებისა და მეცნიერებისა, ვისაც შეუძლია ასეთ კვლევებში თანაბარ პარტნიორებად ჩაერთონ სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კვლევა ჩვენთან ჩატარდება, პრეპარატი ჩვენთან ხელმისაწვდომი იქნება და წარმატებით გაივლის კიდევ ერთ ეტაპს, იმისათვის, რომ დამკვიდრდეს კლინიკურ პრაქტიკაში“.- აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოადგილემ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ საქართველო ისრაელის მიერ შქმნილი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტის კვლევაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. Ambebi.ge -ს უწყებაში განუცხადეს, რომ ორმხრივი შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. ხოლო საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოში EXO-CD24 ჩამოვა, ამ ეტაპზე ნაადრევია.

"ისრაელის მხრიდან იყვნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჩამოსული, მათ მინისტრს და მის მოადგილეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ისრაელში არის ასეთი მედიკამენტი, მაგრამ ჯერ ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში ჩამოდის ან აქ გამოცდიან, არ ყოფილა. ჩამოვა ეს მედიკამენტი თუ არა, ეს ჯერ არავინ იცის. ეს არის მოსალაპარაკებელი და გადასაწყვეტი საკითხი. მათ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, სულ ეს იყო. თქვეს, გვსურს, რომ საქართველო იყოს ამ კვლევებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანაო", - აგვიხსნეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - “თქვენს განსაკუთრებულ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მსურს, მოგილოცოთ"

მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონებში