მე მინდა, რომ საერთოდ გავიგო, რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო, - ასე უპასუხა პერემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრემიერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ გიორგი გახარია „მატყუარა არის“ და პარტიას „ზურგში დანა ჩაარტყა“, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ყველა ადამიანის ქმედებას შესაბამისი შეფასება მიეცემა“.
„მე მინდა, რომ საერთოდ გავიგო, რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის, პოლიტიკოსებმა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან გუნდის შიგნით დაძაბულობა გამორიცხა.
„ნაცმოძრაობის“ შიგნით არის აბსოლუტური ქაოსი, ნახეთ რაც მოხდა, დაიბარეს მელია, სააკაშვილის ძალიან მკაცრი ლექციები წაუკითხეს და გამოუშვეს უკან. დღეს, ყველაზე მეტად შეკრული გუნდია „ქართული ოცნება“, ყველა ლიდერს, ყველას გვაქვს ნათლად გამიჯნული, განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ჩვენი ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება, ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.